„ექსტრადიციის მოთხოვნა და პინგ-პონგი არ უნდა დაწყებულიყო. უნდა ვილოცოთ, რომ სააკაშვილის დაჭერა ვერ მოახერხოს პოროშენკომ, რადგან ეს ხდება ჩვენი პრობლემა, „გაგვიჩალიჩა“ პოროშენკომ“, – ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„უკრაინის ხელისუფლება უგუნურად იქცევა, შანსს აძლევს სააკაშვილს და ისიც ცდილობს ეს შანსი გამოიყენოს. ის უკვე იყო მარგინალიზებული, მყვირალა პოლიტიკოსის იმიჯი ჩამოუყალიბდა, მაგრამ პოროშენკომ უცნაურ პერიოდში უცნაური წესით ჩამოართვა მოქალაქეობა და სააკაშვილი, როგორც „პოლიტიკური ცხოველი“, ცდილობს შანსი გამოიყენოს. სააკაშვილს აქვს შანსი თავისი პერსონის მთლიანად რეაბილიტირება მოახდინოს, არა მხოლოდ უკრაინულ პოლიტიკაში, გლობალურ საჭადრაკო დაფაზე. ის ისევ გახდა მთავარი, არის „ნიუსმეიქერი“ არა მხოლოდო უკრაინაში, არამედ საქართველოშიც.
ჩვენი ხელისუფლება ბრიყვულად გაეჩხირა ამ გაუგებრობაში. პოროშენკოს აქვს სტილი,რომ ყველას დააბრალოს პრორუსობა. სააკაშვილის შემთხვევაში გაჭირდება,რომ ამას უწოდოს რუსული სცენარი. პირიქით იქეთ ედავებიან პუტინის შეკვეთის შესრულებაში. ეს პარტია შესაძლოა უკრაინულმა ოპოზიციამ გაათამაშოს და პოროშენკოს პრობლემები შეუქმნას. მიხელ სააკაშვილი ამაზე მიდის შეგნებულად.
სააკაშვილის საქართველოში ექსტრადიციით, საინფორმაციო ცენტრი გადმოვა საქართველოში, აქ დაიწყება სასამართლო პროცესები. პოროშენკო ცდილობს პასუხისმგებლობის მინიმუმ ნახევარი გადააბაროს ქართულ ხელისუფლებას , აიცილოს შტურმი და ნეგატიური საინფორმაციო ველი წავიდეს საქართველოსკენ.
სააკაშვილის ექსტრადიცია საქართველოს ხელისუფლებისთვის არის ერთი დიდი კოშმარი. მას შესაძლოა თავდებში ჩაუდგეს ევროპარლამენტის 50 დეპუტატი, აშშ-ის 10 სენატორი მაინც,რომ არ განხორციელდეს საპატიმრო ღონისძიება და ის არჩევნების წინ თბილისში იქნება გარეთ. ვინმეს აქვს უნარი რომ ეს სცენარი დაეთვალა?“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე