„მადლობა რომ მოხვედით, აუცილებლად გადავხედავთ თქვენ მონაცემებს კიდევ ერთხელ და დაგიკავშირდებით„

კი

არა

ვერ

რატომ

იქნებ

ალბათ

ხომ

დარეკავენ აბა რა იქნება

ათასი ფიქრი, ათასი აზრი და სიტყვა, რომელიც თავში ირევა. მორიგი გასაუბრებიდან მომავალი რატომღაც ვიხსენებ ბავშვობას, როდესაც გამომგონებლობა მიტაცებდა და ერთადერთი, რაც მადარდებდა  წვიმის დროს გარეთ გაფენილი სარეცხი იყო .

ახლა აღარ ვარ ბავშვი

ჯერ არც ძალიან დიდი ვარ

გარდამავალი ეტაპი მაქვს

პირველად ვარ დარჩენილი სტატუსს გარეშე

ჯერ მოსწავლე ვიყავი, მერე სტუდენტი, ახლა ვინ ვარ?

რომ დავფიქრდები ბევრს მაშინაც არ მაქვს პასუხი ამაზე

ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ მჯერა საკუთარი თავის, ყოველთვის მჯეროდა და მომავალშიც, რაც უნდა მოხდეს,  სულ ასე იქნება

ახლა ვინ ვარ?

ამ წამს

ამ წუთას

ვინ ვიყავი, საიდან სადამდე მოვედი და სად ვაპირებ წასვლას?

ინტერვიუ საკუთარ თავთან არ მაწყენდა

– გამარჯობა ანა, თავს როგორ გრძნობ?

– იქნებ შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ, რამე ისეთზე, რასაც კონკრეტული პასუხი ექნება

– კონკრეტიკა და რა არის ეს შენთვის?

– დაკონკრეტებული ბევრი არაფერი მიყვარს. ცოტა მაზოხისტურად ჟღერს მაგრამ ბუნდოვანი და გაურკვეველი რაღაცები და ვიღაცები მხიბლავს. მჩვევია განწირული რაღაცების სიყვარული და ერთგულება. ალბათ ამის ბრალი იყო, როდესაც ოთხი წლის წინ პროფესიის არჩევის დროს არჩევანი შევაჩერე იმაზე რისი კეთებაც მართლა მიყვარდა და არა იმაზე რომელიც სტაბილურად ბევრად მომგებიანი იქნებოდა.

– ანუ არაპრაქტიკული ადამიანი ხართ?

-ასეც შეიძლება ითქვას, გააჩნია ვისთვის რაა პრაქტიკულობა. მგონია, რომ ადამიანი ყოვლისშემძლეა, გულწრფელად მწამს რომ ერთ უბრალო ადამიანს მთების დაძვრა შეუძლია . მჯერა რომ მონდომება , შრომა და ნიჭი ოდესმე და სადღაც მაინც ფასდება.

– გულისტკივილი იგრძნობა თქვენ სიტყვებში. ნაწყენი ხართ?

– არა, ამას გულის ტკივილის ვერ დავარქმევ. ეს უფრო გაურკვევლობის გრძნობაა. ამ წამს და ამჯერად არ ვიცი სად ვარ, როგორ ვარ, რისთვის ვარ და მანამ სანამ საკუთარ ადგილს არ ვიპოვი ვერ მოვისვენებ. იქნებ შიშიცაა ეს ყველაფერი, შიში, იმისა, რომ ის რაც აქამდე ვაკეთე, შევქმენი, მივაღწიე, სრულადაც არაფერი არაა.

– გასაგებ ენაზე გვითხარით. რა ხდება თქვენ თავს?

– დაკარგული ვარ

– როგორ? სად?

– ამაზე გარკვევით რა გითხრათ, დაკარგული ვარ და ესაა ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემთვის,  როცა  არ ვიცი სად ვარ

– როგორ არ იცით, ახლა თბილისში ხართ, საქართველოს დედაქალაში

– არ გესმით, ბევრს არც არავის ესმის, არცაა აუცილებელი. დაკარგული ვარ საკუთარ თავში, სურვილებსა და მიზნებში და სანამ გონზე მოვალ, ფონს გავალ და იქ მივალ სადაც სწორი ვიქნები,ს წორად ვიქნები, მანამდე ვიქნები დაკარგული

– და როგორ მიხვდებით რომ სწორ ადგილას ხარ?

– ადვილად

– მაინც როგორ?

– მაშინვე თავისუფლად დავიწყებ სუნთქვას

– ანუ?

– ანუ ვიქნები ანა

– გჯერათ?

– რა თქმა უნდა

– შეძლებთ?

– უეჭველად

– რთულია?

– სულ

– და მაინც?

– და მაინც ეს გარდამავალიც გადაივლის

გასაუბრებების უჩვეულო პრაქტიკას გავდივარ, როგორც ყველაფერი ეს ფენომენიც საოცარი გვაქვს საქართველოში. 22 წლის ასაკში რომ 10 წლიან სამუშაო სტაჟს მთხოვენ და კოსმონავტის მოწმობას ეგ უკვე ნაცნობი თემაა, ეს სამ  წუთში ჩატეული გაცნობითი ხასიათის შეხვედრაა  რაღაც ახალი. არადა დილის ათზე უნდა ვყოფილიყავი ლამის  ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და არ უნდა დამეგვიანა წამი.

გამარჯობა, მე ვარ ანა, 22 წლის, წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, მიყვარს  წერა… ჟურნალისტიკა არის ჩემი მოწოდება, კამერასსთან მუშაობა მენატრ….

კარგით დაგირეკავთ. მადლობა ნანა

არა ანა

ანა!

და მადლობა თქვენ რომ ჩემი სამსახურის ძიების პერიოდს ასე ართულებთ

მადლობა რომ უკვე ჭეშმარიტებად აღიარებულ აქსიომას –  ყველაფერი რთულად მოპოვებული ბევრად მყარიაო, უკვე მეათასედ მაჯახებთ სახეში

მადლობა რომ ჩემ ელექტრონულ ფოსტას არ მადუნებინებთ და მუდმივად მაწერინებთ ყველა შესაძლო დამსაქმებლისთვის

აი ხვეწნის და მარად თავის შეხსენების რეჟიმი ნამდვილად არაა საჩემო.

არც ქვეყნიდან წავალ და არც ხელიდან!

მყარად ვიქნები ჩემ ქვეყანაში, გავაგრძელებ წერას, ვიქნები ისევ ის ვინც ვარ და აუცილებლად დამინახავენ, აუცილებლად დაინახავენ

მადლობა, მაგრამ საკუთარი ნიჭით, შრომით და მონდომებით აუცილებლად ვიშოვი სამსახურს, თან ანაზღაურებადს  და თან ჩემი პროფესიის შესაბამისს

მერე რა რომ ახლა დავამთავრე უნივერსიტეტი

მერე რა რომ მთელი სტუდენტობა ვაგროვებდი პროფესიულ პრაქტიკას

მერე რა რომ ათი წლის წინ მხოლოდ 12 წლის მოსწავლე ვიყავი და ვერანაირად ვიმუშავებდი რომელიმე არხზე ან გაზეთში

მაპატიეთ, რომ ჩემი მშობლები იცავდნენ შრომის კოდექსს და არ დამასაქმეს არასრულწლოვანი

მაპატიეთ, რომ ჩემ სანათესაო კავშირს არ ვიყენებდი და არც არასდროს გამოვიყენებ, მაშინ როცა ზუსტად ვიცი სად მინდა ყოფნა როგორ და რა შემიძლია

ხელიდან არ წავალ

ეს ზუსტად ვიცი

აი ქვეყნიდან, ამაზე დაფიქრება შეიძლება

მანამდე კი სამსახურმაძიებელი უბრალო გოგო ვარ, რომელსაც უზომოდ უყვარს წერა, უყვარს ჟურნალისტიკა და ზუსტად იცის რომ მისი ადგილი სწორედ აქაა, ცვლილებების და სიმართლის სადარაჯოზე. სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

ანა ურუშაძე

 

 

Please follow and like us: