ქართულ ბაზარს ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი საინტერესო ხელნაკეთი ნივთები ემატება. ახალგაზრდები მარტივად ახერხებენ საკუთარი იდეები წარმატებულ ბიზნესად აქციო და წამოიწყონ საინტერესო და საყვარელი საქმიანობა, რომელსაც თავად განკარგავენ. ასე მოხდა კატო რამიშვილი შემთხვევაშიც.
სტუდენტმა გოგონამ ორი წლის წინ დაიწყო ხელთნაკეთი ნივთების შექმნა და დამზადება. თავიდან აქსესუარებს ქმნიდა, მას შემდეგ კი რაც მიხვდა რომ განსხვავებული რაღაცის შექმნა შეეძლო, ტყავის ჩანთების წარმოება დაიწყო. როგორც კატო რამიშვილი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ჩანთების წარმოება სულ რაღაც ორი თვის წინ დაიწყო და შექმნა „ქისა“, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს.
მოგვიყევით, როგორ შეიქმა თქვენი ბიზნესი?
– ვსწავლობდი აგრარულ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე, საბოლოო ნამუშევრად წარვადგინე პროექტი, რამაც შემდგომში უკვე პრაქტიკული სახე მიიღო და დავიწყე ჩანტების დამზადება. მსგავსი სახის პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში არ იწარმოება. ძალიან მომწონდა ჩანთების კეთება და ბევრს ვფიქრობდი თუ როგორ შემექმა განსხვავებული დიზაინი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა „ქისა“.
საიდან გაჩნდა იდეა შეგექმნა განსხავებული დიზაინის ჩანთები და საიდან მოდის თავად ბრენდის სახელი?
– ქისა ძველად ცნობილი იყო ნივთი, რომელსაც ქალები კერავდნენ თავიანთი ქმრებისთვის. ქისა იყო ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულად გამოსაყენებლი. ჩვენი ჩანთებიც სწორედ იმ ქისას ჰგავს, თუმცა თანამედროვე ელემენტებით და დახვეწილი დიზაინით. დატვირთვა ორგვარია, პირველი, ის ძველი ტრადიციებისა და ქართული ისტორიის მატარებელი თანამედროვე ვერსიაა და მეორე მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ თითოეული ჩანთის წარწერა გამოარჩევს “ქისას“ სხვებისგან.
რა მასალისგან მზადდება ჩანთები და როგორ იქმნება დიზაინი?
– ვცდილობთ რაც შეიძლება მყარი და გამძლე მასალისგან შევკეროთ. მასალა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ჩანთების შეასქმნელად ძალიან ჰგავს „ზამშს“, რომელიც საკმაოდ რბილი და მოსახერხებელია. ამავე დროს ძალიან პრაქტიკული და გამძლე. თითოეული მათგანი განსხვავებული და ორიგინალურია. განსხვავებული ფერითა და დიზაინით იქნება. ასევე ვუკეთებთ წარწერებს ცნობილი ფილმებიდან. ხშირად თავად მომხმარებელი გვთხოვს მათთვის სასურველი წარწერის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სამი ადამიანი ვართ დასაქმებული ჩვენს მცირე ბიზნესში, მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები.
როგორია ფასები და სად შეიძლება თქვენი ჩანთების შეძენა?
– პატარა ჩანთების ფასები იწყება 60 ლარიდან. რაც შეეხება დიდ ჩანთებს მათი ფასი იწყება 150 ლარიდან. ყველაფერი ხელით იკერება, შესაბამისად ჯერ მასშტაბურ გაყიდვაზე არ გადავსულვართ. ჩვენი ჩანთების შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუკ გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.
როგორია კონკურენცია და როგორ გაგიცნოთ მომხმარებელმა მცირე დროში?
– ზოგადად ხელნაკეთი ნივთების ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ბევრი ადამიანი ქმნის განსხვავებულ ნივთებს, შესაბამისად დაინტერესებაც დიდია. ასევეა ჩანთების შემთხვევაშიც. მართალია სულ ორი თვეა რაც „ქისა“ შეიქმნა, თუმცა დღეს დიდი მოწონებით სარგებლობს. შეკვეთებსაც ხშირად ვიღებთ და მომხმარებელის სიყვარულს და მოწონებასაც ვგრძნობთ.რაც შეეხება იმას, თუ საიდან გაიცნო „ქისა“ მომხმარებელმა, ხშირად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსში. „სტარტ აფ მარკეტზე“ დაახლოებით ექვსჯერ მივიღეთ მონაწილეობა. ვმონაწილეობთ ფესტივალებზეც: “Open air”, “Janfest”-ზე. ვგეგმავთ თბილისობაზეც გავიტანოთ ჩვენი ნამუშევრები.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, გეგმავს თუ არა „ქისა“ გაფართოებას?
– ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ორი ტიპის პატარა ჩანთები და ზურგჩანთები.ყოველდღიურად ვიხვეწებით და ვცვლით დიზაინს და მოდელებს. ნელ-ნელა ვითარდება ჩვენი ჩანთები როგორც სტილითა და დიზაინით, ასევე სამომავლოდ შესაძლებელია დაემატოს სხვადასხვა ტიპის მოდელიც. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ “Fashion Week”-ზე გავიტანოთ ჩვენი ჩანთები, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფორ მეტმა გაიცნოს „ქისა“.
მარიამ ლეკიაშვილი