ერედვში საცხოვრებელი სახლების ნგრევის ფაქტზე და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის სიტყვით გამოსვლაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„გაეროს ასამბლეის 72-ე სესია ქართული დელეგაციისთვის ძალიან წარმატებული იყო, ოკუპაცია რა თქმა უნდა იყო უმთავრესი საკითხი და პრემიერმა განსაკუთრებული დრო დაუთმო. ეს საკითხი გენერალურ მდივანთანაც განვიხილეთ. ეს ყველაფერი მძიმე სანახავია არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის,რომელთა სახლებიც დაინგრა, ჩვენ ისევე გვტკივა ეს,როგორც მათ. სახლების ნგრევა ასევე ეთნიკური წმენდის შემადგენელი ნაწილია.
იმისათვის,რომ იძულებით გადაადგილებული პირები დაბრუნდნენ საცხოვრებელ ადგილებში, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა. ქართული დიპლომატია იბრძვის,რომ შერიგების პოლიტიკა აქტიურად აწარმოოს. უნდა გავაერთიანოთ ომით და საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებული ადამიანები. წელს პირველად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია,რომელიც მოუწოდებს რუსეთს დაუშვას საერთაშორისო მონიტორინგი,რომ შეფასდეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ , – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მანანა ღოღობერიძე