„ლოგიკურად მიმაჩნია,რომ ტერორიზმი და რუსეთის ფედერაცია თანაბარი მნიშვნელობის საფრთხედ დაასახელეს, მათ შორის ვარშავის დეკლარაციის მიერ“ , – ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა, ლევან დოლიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემის „ნატო პირველზე“ ეთერში ისაუბრა.
„საქართველოში კონსოლიდაციის აუცილებლობაა, ნატო-ს წევრობა არ არის აკვიატება. რუსეთი ავრცელებს მითს,რომ ნატოში გაწევრიანება საფრთხის შემცველია და მეტი პრობლემა შეგვექმნება. ეს მითი სამწუხაროდ მუშაობს.
საქართველოში და უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ რუსეთი აღიარებულია მნიშვნელოვან საფრთხედ, ამ აგრესიამდე რუსეთი განიხილებოდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პარტნიორად. უელსის სამიტზე უკვე აქტიური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რომ ნატო-ს პოზიციები აღმოსავლეთ მიმართულებით გაძლიერებულიყო. ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე ნატო-რუსეთს შორის საბედნიეროდ არ არსებობს, თუმცა გადადგმული ნაბიჯები ჯერჯერობით საკმარისი არ არის.
„ცივი ომის“ დროს არსებობდა „რკინის ფარდა“ და პროპაგანდა დასავლეთში ვერ ვრცელდებოდა. ნატო-ს პოლიტიკური ხელმძღვანელობა პროპაგანდას არ ექვემდებარება. ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყნისთვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია და არ უღირთ მის წინააღმდეგ წასვლა“ , – განაცხადა ლევან დოლიძემ.
მანანა ღოღობერიძე