“ქეთევან დედოფალი შეგვეწევა და უკეთესი ცხოვრება გვექნება,” -განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
ტაძარში წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილები დაასვენეს. პატრიარქმა მრევლს ეს დღე მიულოცა. “ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ხალხი ასეთი მორწმუნე, ასეთი რელიგიური, ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ასი ათასი მოწამე, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?! დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას, ცა და ქვეყანა გამთლიანდა, ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი ქეთევანი. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც იღვაწა და იპოვა ეს წმინდა ნაწილები, ეს არიან სამღვდელოება, ასევე მადლობას ვწირავ ინდოეთის ხელისუფლებას, ელჩს”, – განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კულტურის მინისტრს, მან მიხეილ გიორგაძეს მადლიერების ნიშნად ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში ხვალ შუადღემდე დარჩება. შემდეგ კახეთში გადაიტანენ, შემდეგ კი საქართველოს სხვა რეგიონებს მოივლის.
მართლმადიდებლური სამყაროს მიერ წმინდანად აღიარებული დედოფლის ნეშტის ნაწილები 2013 წელს გოაზე ტაძრის ნანგრევებში აღმოაჩინეს. წმინდა ნაწილები საქართველოში 6 თვის განმავლობაში დარჩება და სხვადასხვა ეპარქიებს მოივლის.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში გუშინ ჩამოასვენეს.
26 სექტემბერს ქართული ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.