ილუსტრაცია, დასურათება, კარგი წიგნის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროფესიონალურად შესრულებული ილუსტრაცია ხშირად ტექსტის გასაღებიც კი ხდება.
ხატია ჩიტორელიძე პირველი ქართველი ილუსტრატორია, რომელიც ბოლონიის კატალოგში მოხვდა. ამის შემდეგ, ის მიიწვიეს ნიუ იორკში, სადაც, მისივე თქმით, უდიდესი გამოცდილება მიიღო. ახალგაზრდა ილუსტრატორი ამჟამად საქართველოში იმყოფება და სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს. The Tbilisi Times-ი ხატიას ესაუბრა. ინტერვიუში მან მიღწეული წარმატებისა და მიზნების შესახებ გვიამბო.
თქვენ პირველი ქართველი ილუსტრატორი ხართ, რომელიც ბოლონიის კატალოგში მოხვდა. ამის შემდეგ მიგიწვიეს ნიუ იორკში მდებარე უნივერსიტეტში, School of Visual Arts (SVA)-ში, სადაც შეიქმნა თქვენს მიერ ილუსტრირებული წიგნი. უამბეთ ჩვენს მკითხველს ამ წარმატების შესახებ.
– დიახ, 2016 წელს მოვხვდი ბოლონიის ილუსტრატორთა გამოფენის შორთლისტში, ეს უდიდესი წარმატებაა ილუსტრატორისთვის, რადგან ეს არის ილუსტრაციის სფეროში ყველაზე დიდი და პრესტიჟული კონკურსი. გარდა კატალოგისა, რომელშიც ჩემი ილუსტარციები შევიდა, ეს ნამუშევრები მსოფლიო ტურნეშია და გამოფენილი იყო ჩიკაგოში, ჩინეთში, იაპონიაში და კიდევ დაგეგმილია რამდნეიმე ქვეყანა. ამ კონკურსში გამოცდილ ილუსტრატორებთან ერთად დამწყები ილუსტარტორებიც ხვდებიან. მე დამწყები ვიყავი და ჩემთვის დიდი სტიმული იყო გამეგრძელებინა ჩემი საქმე, ისე, როგორც ვაკეთებდი. ფესტივალზევე გავიცანი ერთ-ერთი ჟიურის წევრი, რომელმაც მიმიწვია ნიუ იორკში SVA-ში, სადაც გავატარე 2 თვე არტრეზიდენციაში, შემდგომში ეს უკვე დიდ გამოცდილებად გადაიქცა და გამიჩნდა ახალი მიმართულებით მუშაობის სურვილი.
როგორც ვიცით, პროფესიით მხატვარი ხართ. რამდენი წლიდან ხატავთ და რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
– ძალიან პატარაობიდან არ ვხატავ. დაახლოებით, 15 წლის ასაკში მომინდა ხატვის სწავლა და შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში ილუსტრაციის მიამრთულებით, თუმცა ის, რაც აკადემიაში ისწვალება ამ მიმართულებით, სრულიად აცდენილია საერთაშორისო ილუსტრაციის სფეროს, იმ სიახლეებს, რომლებიც ამ სფეროში ხდება. აკადემიის შემდეგ მუშაობა დავიწყე წიგნის ხელოვების ცენტრში, სადაც რამდენიმე ილუსტრატორი ერთ სივრცეში ვმუშაობდით. ეს იყო ყველაზე დიდი გამოცდილება, სადაც უკვე ჩამოვყალიბდი ისეთ ილუსტრატორად, როგორიც ახლა ვარ.
როგორ ფიქრობთ, საქართველოში რამდენად პერსპექტიულია მხატვრობა და ზოგადად ხელოვნება? შესაძლებელია თუ არა, თუნდაც, სრულფასოვანი განათლების მიღება ამ სფეროში?
– საქართველოში ილუსტრაცია, როგორც ასეთი, კარგად არ არის განვითარებული და ძირითადად აღიქმება წიგნის დამხმარე ელემენტად, როცა ილუსტრაცია ბევრ რამეს მოიცავს და ხშირად ტექსტი ხდება ილუსტრაციის დამხმარე ელემენტი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ისწავლო, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ილუსტრატორმა იაროს საერთაშორისო ფესტივალებზე, დაათვალიეროს გამოფენები და გაეცნოს სიახლეებს ამ სფეროში.
ალბათ, უკვე ბევრი ილუსტრაცია გაქვთ შექმნილი. რომელს გამოარჩევდით და რატომ?
– ყევლაზე მეტად “მელიების ოჯახი“ მიყვარს, რადგან ამ პროექტმა დიდი თავდაჯერებულობა მომიატანა და ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემს აზრებს. წიგნი რამდენიმე თვეში დამთავრდება.
გვესაუბრეთ თქვენს ოჯახზე. როგორ გარემოში იზრდებოდით?
– ძალიან თავისუფალ გარემოში ვიზრდებოდი, რაც ყოველთვის მაძლევდა თავისუფალი არჩევანის საშუალებას და მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რა დამოკიდებულება აქვთ ოჯახის წევრებს თქვენს პროფესიასთან? მოსწონთ თქვენი არჩევანი?
– კი, რა თქმა უნდა, და ყოველთვის მხარს მიჭერენ.
მოგვიყევით თქვენი შვილის შესახებ. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, დედის პროფესიას გაჰყვეს?
– არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე, თუმცა რატომაც არა, თუკი მოუნდება.
როგორ ატარებთ თავისუფალ დროს და ვისთან ერთად?
– ძირითადად სახლში ოჯახთან ერთდ.
ხატვის გარდა კიდევ რითი ხართ დაინტერესებული? რომ არა ილუსტრატორობა, რა პროფესიის იქნებოდით?
– ხატვის გარდა ვკერავ, ალბათ კერვას გავაგრძელებდი ან ფოტოგრაფი ვიქნებოდი.
გიყვართ საჭმელების კეთება თუ უფრო მეტად კარგი გურმანი ხართ?
– არ ვარ გურმანი და საჭმელების კეთება სასტიკად არ მიყვარს.
ვის გამოფენას დაესწრებოდით სიამოვნებით? და მხატვარი, რომელმაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?
– ვინც მაინტერესებდა ყველას გამოფენაზე ვარ მგონი ნამყოფი, კიტ ჰარინგის ორიგინალში ნახვამ მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ როდენის ქანდაკებებმა.
რას ურჩევდით მომავალ თაობას, რომელთაც უნდათ მხატვრობაში სცადონ ბედი? როგორია თქვენი წარმატების ფორმულა.
– იმას, რომ გააგრძელონ მუშაობა და ნახონ რაც შეილება მეტი სხვა ილუსტრატორის ნამუშევარი და შეძლებისდავრად იარონ ილუსტრაციის ფესტივალებზე.
რას გეგმავთ სამომავლოდ? კიდევ რისი მიღწევა გსურთ თქვენს სფეროში?
– სამომავლოდ გამოფენას ვგეგმავ და ახალი წიგნების შექმნას.
მაგდა ბატიაშვილი