„არაფრის დიდებით არ უნდა დავუშვათ მორიგი დაპირისპირება, სისხლისღვრა. მთავარია კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება. 24 წლის შემდეგ უნდა გავაცნობიეროთ,რომ ეს არის რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის მცდელობა, ექსკლუზიური კონტროლი ცხოვრების ყველა სფეროზე“ , – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„სამშვიდობო პოლიტიკას აქვს ორი მიმართულება: დეოკუპაცია და შერიგება. აქ ბოლო წლებში დინამიური პოლიტიკა გვაქვს. ამაზე ხშირად საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას აქვს სხვადასხვა ტიპის სარგებელი. ბოლო წლებში გამყოფი ხაზების გასწვრივ მიმოსვლის საინტერესო სტატისტიკაა. ამის გამო საოკუპაციო რეჟიმი კიდევ უფრო მეტ დაბრკოლებას ქმნის.
პერიოდულად ხდება სხვადასხვა სახის მშენებობები. ადამიანის უკანონო დაკავება, ერთი შეხედვით ვითარება არ არის გაყინული კონფლიქტი, ეს არის ინტენსიური მილიტარიზაციის და რუსიფიკაციის პროცესი.
მესმის მოწოდებები,რომ რუსებს უნდა ველაპარაკოთ. საერთაშორისო დისკუსიებში არის საქართველო-რუსეთის ფორმატი. იქ ვსაუბრობთ დაბრუნებაზე, უსაფრთხოებაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. თუმცა მათი პოზიცია პოლიტიზირებულია და რუსეთი ცდილობს,რომ მოლაპარაკებების მაგიდაც მისი სურვილების ლეგალიზაციისთვის გამოიყენოს“ , – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე