წესი N 1. არაფერი თქვათ მებრძოლთა კლუბის შესახებ

წესი N 2. არაფერი თქვათ მებრძოლთა კლუბის შესახებ

მე  კი დღეს ორივე წესის დარღვევა მომიწევს, რადგან ჩაკ პალანიკის იმ წიგნზე უნდა გესაუბროთ, რომელზეც ავტორმა საუბარი აგვიკრძალა.

ყველაფერი ერთ არამშვენიერ დღეს დაიწყო, როდესაც პალანკიმა გადაწყვიტა დაეწერა რაღაც, რაც მისთვის დროის გასაყვანი ექსპერიმენტი, ხოლო მკითხველისთვის საინტერესო მოთხრობა უნდა ყოფილიყო. „უძილობა“ ასე ერქვა მინიმალისტურ „მებრძოლთა კლუბს“, რომელიც შემდეგ წიგნში მეექვსე თავად შევიდა. წიგნი 1996 წელს დაიბეჭდა და დაიწყო ბრძოლა საკუთარ თავთან, საკუთარ მე-სთან და ავტორთან.

უძილობა, ძალიან ბევრი ყავა, მოგზაურობა, შემდეგ დახმარების ჯგუფები და ბევრი მომაკვდავი ადამიანი, მერე მარლა სინგერი, აი, ის მარლა სინგერი და  ტაილერი, ტაილერ დერდენი. ბოლოს კი „მებრძოლთა კლუბი“ და პროექტი „ქაოსი“. რამე უნდა ითქვას ახალი? არა მგონია, რადგან პალანიკმა და ფინჩერმა ყველაფერი თქვეს თავის დროზე.

ვინაა წიგნის მთავარი პერსონაჟი? ჯო, ჯეკი თუ ის, ვისი სახელიც არ ვიცით? იქნებ ტაილერია ყველაფრის თავი და თავი? ეს რა თქმა უნდა ასეა, რადგან რომ არა ის, ჩვენი გმირი ისევ ერთ ჩვეულებრივ ტიპად დარჩებოდა. საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობა ასეთი მტკივნეული ალბათ არასდროს ყოფილა, მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც არ ხარ ის, ვინც გინდა, რომ იყო? უნდა ჩამოაყალიბო „მებრძოლთა კლუბი“, შექმნა წესები და იბრძოლო ან ებრძოლო.

და მაინც, რა იყო ცუდი იმაში, რომ ყოველ შაბათ-კვირას ბარის სარდაფში იკრიბებოდნენ კაი ტიპები და ერთმანეთს ურტყამდნენ? ეს ხომ მათთვის ჩვეულებრივი თერაპია იყო – საკუთარ თავთან ბრძოლის და შეცნობის გზა. და ეს გზა ყოველმა ჩვენგანმა არ გავიარეთ? თუ არადა, მომავალში აუცილებად მოგვიწევს მასთან პირისპირ შეხვედრა და აი მაშინ, ალბათ ან გადავრჩებით, ან მოვკვდებით.

„ვერც ერთი ლურჯსაყელოიანი ორეგონელი ვერ გამოიგონებს იმას, რაც მილიონობით ადამიანს უკვე არ გაუკეთებია“ – პალანიკი ამით იმას გვეუბნება, რომ ჩვენ ერთი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. გვსურს იმაზე მეტი ვიყოთ, ვიდრე ვართ, მაგრამ ამის მისაღწევად მარტივ გზას ვირჩევთ. ეს მარტივი გზა კი შეიძლება საკუთარ თავთან ჩხუბი და სხეულის ბოლო ზომამადე დასისხლიანება იყოს.

ეს გზა აირჩიეს კლუბის წევრებმაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი რეალურ პიროვნებებს ებრძოდნენ და არა გამოგონილ ადამიანს.

ზოგადად, თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს სამი ტიპის ადამიანი: ბავშვი, მოზარდი და მშობელი. რაღაც გარკვეულ ასაკამდე ვართ თითოეული მათგანი და შემდეგ დავდივართ წრეზე ანუ ვუბრუნდებით საწყის პოზიციას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. მაგრამ რა ხდება მაშინ როცა ეს ყველაფერი ირევა და გონებაში ჩნდება მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ „მე-ები“? ამის შედეგად ჩვენ ვიცნობთ ტაილერ დერდენს და ხოლო მსოფლიომ აღმოაჩინა ბილი მილიგანი და მისი 24 გონება. რა რთულად ჟღერს არა? მე ტაილერის და მთხრობელის ისტორიაში ვერ გავრკვეულვარ ბოლომდე და ვიღაცას ერთდროულად 24 ადამიანი ეგონა თავი. ამ თემაზე ბევრი არაფერი წამიკითხავს, მაგრამ ყველაფერს რომ დასაწყისი აქვს და ეს დასაწყისი ხშირად შენი ამა თუ იმ საქციელის განმაპირობებელია, თუნდაც ქვეცნობიერად, ამას მივხვდი. ასე იყო ბილის შემთხვევაში, რომელსაც მამინაცვალი ცემდა და აუპატიურებდა და ასეა „მებრძოლთა კლუბშიც“ – უმამოდ გაზრდილი ბიჭის ისტორია, რომელსაც კომპლექსები სტანჯავს.

და მაინც რაზეა „მებრძოლთა კლუბი“? პირადად ჩემთვის, ეს წიგნი იმის მაჩვენებელია თუ როგორ გროვდება ადამიანის აგრესია ნელ-ნელა, რა გავლენას ახდენს მასზე ყოველდღიურობა და სადამდე შეიძლება ამან მიგვიყვანოს. წიგნი ინდივიდუალიზმზეა, თითოეული ჩვენგანის პიროვნულობაზე და იმ წესებსა და სტანდარტებზე, რომლებიც უნდა დავარღვიოთ. წიგნი იმაზეა, რომ ჩვენ ადამიანები უნდა ვიყოთ და არა ცნობილი ჟურნალის ყდაზე გამოჭენებული რობოტები. პალანიკი ამას ამბობს, რომ ადამიანობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ცნობადობა ან პოპულარულობა, ამიტომ მოკვდით ადამიანებად. ამით ის ბეგბედერს მაგონებს, იმ ბეგბედერს, ფანების და თაყვანისმცემლების არმია რომ დაჰყვებოდა საქართველოში. მებრძოლი მწერლები, რომლებიც თავისივე მკითხველის მსხვერპლნი აღმოჩდნენ.

ფინჩერის ფილმი ხომ ნანახი გაქვთ? თავისი ბრედ პიტით, ნორტონით, ჰელენა ბონემ კატერით, ჯარედ ლეტოთი და რობერტ პოლსონით? თუ არ გაქვთ, მაშინ უნდა მოგილოცოთ, რომ პირველად ნახვის ბედნიერება გექნებათ, მაგრამ მანამდე პალანიკი წაიკითხეთ და წესების დაცვა არ დაგავიწყდეთ.

წიგნი მარტივად წასაკითხია. პალანიკის სტილი იმდენად საინტერესოა, რომ ბოლო ფურცლამდეც ინარჩუნებს ინტრიგას. არც დიდი ლიტერატურული ბექგრაუნდი სჭირდება, რომ გაიგო. მთავარია იცოდე კითხვა და იყო ადამიანი, რომელიც მზადაა „მებრძოლთა კლუბში“ გასაწევრიანებლად.

მარიამ გვარამია.

Please follow and like us: