მედავებიან იმაში, რითიც ვაპირებ რომ მთელი ცხოვრება ვიამაყო – სამიკიტნოდ ქცეული რიყე, თბილისელებისთვის საყვარელ ადგილად ვაქციე , – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც დღეს მის და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვას ესწრებოდა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, აბსურდულია პროკურატურის ბრალდება “და რაც არ უნდა გაიწელოს სასამართლო პროცესები, დამტკიცდება რომ ამას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა”.
“ის მოწმეები, რომლებიც პროკურატურის მიერ არიან სასამართლოზე წარმოდგენილი, ამტკიცებენ, რომ არანაირ კრიმინალთან საქმე არ გვაქვს. წინა სხდომაზე აღმოვაჩინე, რომ თურმე პროკურატურა რიყის ტერიტორიის გასხვისებასაც გვედავება, თუმცა აქ ნათლად ჩანს, რომ კრიმინალი არსად არ არის. ერთადერთი პრეტენზია რაც შეიძლება მქონდეს, არის ის, რომ შემდეგი პროცესი ერთ თვეში ჩაინიშნა. მართალია, სასამართლოს თავისი გრაფიკი აქვს, მაგრამ სამწუხარო და საგანგაშო ის არის, რომ პროკურატურა უწყობს ამაში ხელს. პროცესების გაწელვა ემსახურება ერთ რამეს, პოლიტიკური ოპონენტი ამოსვარონ ტალახში და მე თავი მამართლებინონ. მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, ვესწრები ამ პროცესებს, თუმცა მიმაჩნია, რომ სასამართლო შესაძლებელია დასრულდეს სამ სხდომაზე. მოიყვანონ ჯოზეფ ქეი და შემდეგ დამკითხონ მე. ამით სასამართლო დამთავრდება, ან წავალ ციხეში, ან პროკურატურა მომიხდის ბოდიშს. თუმცა, ეს მათ არ უნდათ, რადგან ქეისთან გარკვეული გარიგეგები აქვთ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ რაც არ უნდა გაიწელოს პროცესები, შედეგი იქნება ის, რომ ბრალდება არის დაუსაბუთებელი.
“მაკიაველისტური ბრალდებაა, რადგან მედავებიან იმას, რითიც ვაპირებ რომ ვიამაყო. როდესაც მერი გავხდი, რიყე იყო, პირდაპირი მნიშვნელობით სამიკიტნო, ადამიანები დარბოდნენ “ადინაცატებით”. გაუბედურებული იყო ეს ტერიტორია, დღეს კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რიყის ტერიტორია თბილისელებისთვის და თბილისის სტუმრებისთვის უსაყვარლესი ადგილია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
დედაქალაქის მერი ბიზნესმენ დავით კეზერაშვილთან ერთად ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 194-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სხვისი ქონების მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას. კეზერაშვილისა და უგულავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა.
დღეს ბრალდების მხარემ 4 მოწმე დაკითხა. შემდეგი პროცესი 16 ოქტომბერს 10 საათისთვის ჩაინიშნა, სადაც გაგრძელდება ბრალდების მოწმეების დაკითხვა. საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელიც ბრალდებას ჰყავს, ბიზნესმენი ჯოზეფ ქეია.
18.09.13