დაკავებული დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია თბილისის პროკურატურაში გამოცხადდა, თუმცა ამბობს, რომ გამომძიებლების შეკითხვებს არ უპასუხებს.
„პატივს ვცემ სახელმწიფო უწყებებს და ამიტომ მოვედი აქ, თუმცა ფარსში და დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვგეგავ, არ მსურს არც მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა და არც ისე”, – აცხადებს ფანცულაია.
თბილისის პროკურატურაში ხვალ კიდევ ერთი ადვოკატი მია ზოიძეა დაბარებული, თუმცა არსებული ინფორმაციით ჩვენების მიცემას არც ის გეგმავს.
მთავარმა პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ვიდეომასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.