ერთხელ მეგობარმა მითხრა: ” შეეშვი და დაანებე თავი რემარკსო”.

მას შემდეგ სულ ვფიქრობ: მგონი შეპყრობილი ვარ ამ მწერლით და ამას მე თვითონაც ვერ ვხვდები. იმდენად მომწონს მისი წერის სტილი, ადამიანური ისტორიები, გრძნობები, უბრალო შინაარსამდე დაყვანილი უმაღლესი ღირებულებები, რომ არა, ნამდვილად ვერ შევეშვები. სიტყვა უბრალომ არ შეგაშინოთ, რადგან ის არ აკნინებს რემარკის ღრმა და ყოვლისმომცველ აზრებს საკაცობრიო ღირებულებებზე: სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, ხშირად პარადოქსული მოქმედებები და გაუგებარი მსხვერპლი, რომელიც კაცობრიობამ მეოცე საუკუნეში ისევ ალბათ კაცობრიობისთვის გაიღო, მისთვის მნიშვნელოვან საკითხებს წარმოდგენენ.

სწორედ ერთ-ერთი მსგავსი შინაარსის წიგნია “ნასესხები სიცოცხლეც”. დამაინტრიგებელია არა? სიცოცხლე და ისიც ნასესხები, ვინ შეიძლება იცხოვროს ნასესხები სიცოცხლით? აჩენს ხომ ისეთ კითხვებს, რომლებზე  პასუხიც მარტივი გვგონია?

ნასესხები სიცოცხლე –  1959 წელს გამოქვეყნდა. ეს რომანი იმით გამოირჩევა მწერლის სხვა ნაწარმოებებისგან, რომ მასში მწერალი არ ეხება პოლიტიკას და მისი ყურადღება მთავარი გმირების ფსიქოლოგიაზეა კონცენტრირებული. ფსიქოლოგია ადამიანისა, რომელიც აღარაფერს ელოდება და მაინც ყოველი მისი დღე მოლოდინში გადის, მოლოდინი ცვლილებებისა, მოლოდინი უკეთესობისა, მოლოდინი საყვარელი ადამიანის პოვნისა. არასდროს არ ანელებს ეს მოლოდინი სვლას და არასდროს არ ჩერდება, მაშინაც კი, როდესაც ეს ისედაც თვალნათლია.

რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლილიანი ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სამკურნალო დაწესებულებაში დარჩენილი ცხოვრების გატარება არ სურს. მას შემდეგ რაც იგი ავტომრბოლელ კლერფერს შეხვდება ისინი ევროპაში სამოგზაუროდ მიდიან.  ლილიანს უყვარს კლერფე და ეშინია მარტოობის. ისე ეშინია, რომ სასტუმროს ნომერში ახალ ნაყიდ კაბებს გამოფენს და ადამიანებივით ესაუბრება. სიკვდილზე ფიქრში ლილიანი მიხვდება, რომ ბედნიერება არ არის ძვირადღირებულ ნივთებში, ბედნიერებას სხვა სუნი და გემო აქვს. „ნასესხები სიცოცხლე რემარკის შეუდარებელი ოსტატობით არაერთგზის აღწერილი „დაკარგული თაობის“ კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავია.

წიგნს კითხულობ და მოლოდინი გაქვს, რომ ლილიანი მოკვდება და მისი ნასესხები სიცოცხლე დამთავრდება, მაგრამ მოლოდინი ბოლო გვერდებამდე მოლოდინად რჩება. ლილიანი იმ ჯოჯოხეთს გამოცდის დედამიწაზე, რომელიც არცერთ ავადმყოფობას არ ჰგავს და არცერთი ავადმოყოფით გამოწვეულ ტკივილს არ ახლავს თან.

წაიკითხეთ მცირე ამონარიდები წიგნიდან და თვითონ გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა იმის გაგება ვინ ცხოვრობს ნასესხები სიცოცხლით:

  • ,,იქნებ სიცოცხლე იმ დანაშაულთა სასჯელად მოგვეცა, რომელიც სადღაც, სხვა სამყაროში ჩავიდინეთ? იქნებ სწორედ ჩვენი ცხოვრებაა ჯოჯოხეთი და ეკლესიის მსახურები სცდებიან, როცა სიკვდილის  შემდეგ  ჯოჯოხეთურ  წამებას  გვიწინასწარმეტყველებენ?“
  • ადამიანთან ერთად ყოველთვის რაღაც კვდება, ალბათ მცირეოდენი იმედი.
  • მარტო გონება არ არის მთავარი, ადამიანს გრძნობებიც უნდა ამოძრავებდეს, ხოლო გრძნობებისათვის სულ ერთია, ვინ არის მართალი.
  • ჭადრაკი – ეს აბსტრაქტული თამაში – ამშვიდებს ადამიანის სულსა და გულს. ჭადრაკი ეს არის სამყარო პანიკისა და სიკვდილის გარეშე. იგი გვეხმარება სულ ცოტა ერთი ღამით მაინც… მეტი არც გვინდა ხომ ასეა? უნდა გამაგრდეთ დილამდე.
  • სიყვარულს ყველაფერი ეპატიება!
  • – განა არასდროს არ ყოფილხარ ბედნიერი? – იკითხა ლილიანმა.
  • – ხშირად. ლილიანმა კლერფეს შეხედა.
  • – ყოველთვის სხვადასხვანაირად, – მიუგო კლერფემ.
  • – როდის ყოფილხართ ყველაზე მეტად?
  • – მარტოდ ყოფნისას.
  • სიყვარულისთვის ყველა ახალგაზრდაა!
  • ოცნებებს არა აქვთ სიმძიმის ძალა!
  • …რა იციან რომ, ცხოვრება აფრიანი ნავია, რომელსაც საკმაოდ ბევრი აფრა აქვს და ყოველ წუთში შეიძლება გადაბრუნდეს.
  • ზოგჯერ უფრო მძიმეა უცქერდე გარდაცვლილის ნივთებს, ვიდრე თვითონ მას.
  • ძალზე დიდი მზრუნველობა, ისევე როგორც ზრუნვის ნაკლებობა, კლავს ავადმყოფს.
  • ადამიანი, რომელსაც ხანგრძლივი სიცოცხლე ელის, დროს არავითარ ყურადღებას არ აქცევს. იგი ფიქრობს, რომ მის წინ მთელი მარადისობაა. ხოლო შემდეგ, როდესაც აჯამებს და ანგარიშობს, სინამდვილეში რამდენი იცხოვრა, აღმოჩნდება, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეს ანდა, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე კვირას უცხოვრია. თუ ეს შეითვისე, მაშინ ორი-სამი კვირა ან ორი-სამი თვე შეიძლება შენთვის იმდენივეს ნიშნავდეს, რამდენიც სხვისთვის მთელი ცხოვრება.
  • თუ შენ გინდა სადმე ცხოვრობდე, მაშასადამე გსურს იქ მოკვდე.
  • ყოველივე ამქვეყნად შეიცავს საკუთარ წინააღმდეგობას; არაფერს შეუძლია არსებობა თავისი წინააღმდეგობის გარეშე, როგორც სინათლეს ჩრდილის, სიმართლეს სიცრუის, ილუზიას რეალობის გარეშე, – ყველა ეს ცნება არა მარტო დაკავშირებულია ურთიერთთან, არამედ განუყოფელი არის ერთმანეთისაგან.

ჟუჟკა ყანჩაშვილი

Please follow and like us: