„ვაკის პარკში ფაროსანას სახეობა შეამჩნიეს, ჯერ არ არის დადასტურებული,რომ ის აზიური ფაროსანაა. თუ ეს დადასტურდება, იგივე ზომებს მივიღებთ თბილისშიც,რაც რეგიონებში გავატარეთ“ , – აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის გაზრდაზე, მწერთან ბრძოლის გეგმებზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად იღებს ზარს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აზიური ფაროსანას გამოჩენის შესახებ. ჩვენი თანამშრომლები გადიან ადგილზე და საბედნიერდ ხშირ შემთხვევაში ის აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდება. ეს არის საქართველოში გავრცელებული ფაროსანას 30 სახეობიდან ერთ-ერთი, მოსახლეობას ის აზიურ მავნებელში ერევა.
აზიური ფაროსანა საშიში მწერი არ არის, ის არ იკბინება, უბრალოდ არის უსიამოვნო შეგრძნება,როცა დაფრინავს. ის სხვა ფაროსანებისგან განსხვავებით აზიანებს სოფლის მეურნეობის კულტურებს. მნიშვნელოვანია, რომ არ ჰყავს ბუნებრივი მტერი, რომელიც ხელს შეუშლიდა მის გავრცელებას. არ გვამშვიდებს, რომ იგივე პრობლემა სხვაგანაც არის, მაგრამ თუ რამე ბრძოლის მეთოდი შეუქმნია კაცობრიობას, ყველა გვაქვს გადმოტანილი საქართველოში.
დავარიგეთ წამლები, ინსტრუქცია, რომლის საშუალებითაც ყველა ოჯახს აეხსნა და განემარტა როგორ უნდა მოიქცეს. მისი განადგურება არ არის შეუძლებელი, მთავრობამ გადადგა სერიოზული ნაბიჯი, დანარჩენი მოსახლეობამაც უნდა გააკეთოს. დიდი ინტენსივობით მრავლდება, 1 დედალი 200 კვერცხს დებს და სეზონზე ერთი მწერისგან დაახლოებით 40 ათას მწერს ვიღებთ“ , – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე