„ძალიან უხერხულია კალაძის ქცევა. ბანერი კი არ ყვება საარჩევნო პროგრამას, ძირითადი პრობლემა უნდა მოყვე შენ. სახმალაოდ და დუელში ხო არ ვიწვევ, მაყურებელმა დაინახოს და ამომრჩეველს ანახონ მათი პროგრამა რამდენად აქვთ გააზრებული და შეუძლიათ ხალხის დარწმუნება“ , – სატელევიზიო დებატებზე და „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო რეიტინგების შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„ „რუსთავი 2“ ამ არჩევნებში არის დაინტერესებული მხარე და რა თქმა უნდა არ არის ეს კვლევა ობიექტური. „მეტრონომის“ გვერდზე 100 ათასი კაცი მონაწილეობდა და იქ ოდნავ ჩამოვრჩები კალაძეს, სხვაობა ჩემსა და უდუმაშვილს შორის ძალიან დიდია. მეც ვატარებ კვლევებს, მაგრამ არ იქნება ობიექტური, რომ ისინი გამოვაქვეყნო. ვიცით,რომ საქართველოში სოციოლოგია არ არის სანდო.
„რუსთავი 2“-იც, ოპოზიციური კანდიდატებიც იბრძვიან მეორე ადგილისთვის, მათი მაქსიმუმი და სტრატეგიული ამოცანაა,რომ დაფიქსირდნენ მეორე ადგილზე. მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის და მანიპულაციები არ მჭირდება. საინტერესოა მეორე ტურის შემთხვევაში ვის მისცემდნენ ხმას, ამის შესახებ კვლევა არ გამოუქვეყნებიათ.
ყველამ უნდა გაიაზროს მომენტის მნიშვნელობა, ეს არის ბოლო შანსი,რომ ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნების გზით. სანამ ძალიან ყელში არ ამოგვივა ხელისუფლება და ქუჩაში არ გამოვალთ, როგორც ვაკეთებდით სამწუხაროდ, ისე არაფერი გვეშველება. ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ბოლო შანსი არის ეს არჩევნები“ , – განაცხადა ელისაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე