შვილი რომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამაზე არავინ დაობს.  სამწუხაროდ, ყველა ადამიანს ამ ბედნიერების შეგრძნების შესაძლებლობა არ აქვს. საქართველოში საკმაოდ ბევრი უშვილო წყვილია, არიან ისეთებიც, რომლებიც დაოჯახებულნი არ არიან, მაგრამ დედობა/მამობა სურთ.  ამგვარი პიროვნებები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ მშვილებელთა უზარმაზარ რიგს უერთდებიან და ბავშვის მოლოდინში მრავალ წელს ითვლიან. იმის გასარკვევად, თუ რატომ არის გართულებული ბავშვის გაშვილება და,ზოგადად, რა პროცედურებთანაა დაკავშირბეული ყოველივე The Tbilisi Times სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა.

ინფორმაცია, რომ 2015-2017 წლებში საქართველოს ფარგლებს გარეთ 12 ბავშვი გაშვილდა. ეს პროცედურა კანონის შესაბამისი რამდენადაა, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოში გაშვილების პროცესი საკმაოდ რთულია?

– დავიწყოთ იქიდან, რომ გაშვილების პროცედურა საქართველოში არც რთულია და არც მარტივი. პროცედურა იმგვარად არის გაწერილი, რომ ბავშვის ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს. რაც შეეხება უცხოეთში ბავშვის გაშვილებას- ეს პროცედურა ნამდვილად დიდ დროსა და საკმაოდ შრომატევად პროცედურებთან არის დაკავშირებული.

უცხოეთში ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში შვილდება, თუკი 8 თვის განმავლობაში სხვადასხვა ოჯახისათვის შეთავაზების შემდეგ, საქართველოში მეურვე არ მოიძებნა.  ამ 12 ბავშვის შემთხვევაც ამდაგვარია. ყველა ბავშვს, რომელიც უცხოეთში გაშვილდა ან  შშმპ-ს სტატუსი, ან  ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს. ასეთ ბავშვებზე კი საქართველოში მოთხოვნა თითქმის არ არსებობს. მშვილებელი ოჯახები მოთხოვნებში ყოველთვის უთითებენ, რომ  ჯანმრთელი ბავშვის აყვანა სურთ. ბუნებრივია, გაშვილების პროცესი საქართლოს კანონმდებლობის და საერთაშორისო კონვენციების სრული დაცვით  განხორციელდა.

 როგორც ცნობილია,  ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა მოსამზადებელი კურსი უნდა გაიაროს. რას მოიცავს ეს კურსი და მონაწილეობის მიღება რაიმე თანხასთან ხომ არ არის დაკავშირებული? ზოგადად, ბავშვის შვილად აყვანის მსურველი წყვილი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს?

 საქართველოს კანონში „შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ“ (ssa.gov.ge) ზუსტად არის  განმარტებული რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს შვილად აყვანის მსურველი  და  ვინ არ შეიძლება იყოს მშვილებელი.

2016 წელის  24 მაისს, კანონში ცვლილებები განხორციელდა  და ამ ცვლილებების მიხედვით, მშვილებელი ოჯახებისათვის მოსამზადებელი კურსების გავლა სავალდებულო გახდა. ბაზაში რეგისტრირებული პირები ეტაპობრივად გადამზადდებიან. სოციალური მომსახურების სააგენტოს დროში შეზღუდვა ამაზე არ აქვს. რეესტრში მყოფ ან ახლადდარეგისტრირებული მშვილებლების მოსამზადებლად ტრენერები უკვე მომზადდნენ.  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მათთვის ბავშვების შეთავაზების პროცესს ხელს არ შეუშლის.  ტრენინგის საფასური ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა მოსამზადებელი კურსის გავლა გარკვეული, სიმბოლური, თანხა ნამდვილად ეღირება.

ბავშვის აყვანის მსურველ ცალკეულ ინდივიდებს რაიმე სახის შეზღუდვა ხომ არ აქვთ? ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც აღსაზრდელი მამაკაცისთვის მიგიშვილებიათ?

 – ცალკეული პირებისთვის, რომლებიც ოჯახით წარმოდგენილნი არ არიან, შეზღუდვა არ არსებობს. ანუ, მარტოხელა ქალბატონსაც და მარტოხელა მამაკაცსაც  შვილად აყვანის მსურველთა რეესტრში რეგისტრაცია თავისუფლად შეუძლია. მარტოხელა  მამაკაცისთვის ბავშვის მიშვილების ჯერ-ჯერობით  მხოლოდ 1 შემთხვევა  გვაქვს, თუმცა რიგში კიდევ  რამდენიმე ასეთი მამაკაცია.

რა ღონისძიებას უნდა მიმართონ ადამიანებმა, რომელთაც სურთ შვილი ჰყავდეთ. რა პროცედურების გავლაა საჭირო და სასურველი შედეგი დროის რა პერიოდში მიიღწევა. ზოგადად, ბავშვის გაშვილების პროცესი რა სირთულეებთან ასოცირდება?

 შვილად აყვანის მსურველმა  პირმა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს უნდა მიმართოს, რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები უნდა  წარადგინოს. შემდეგ მას  სოციალური მუშაკი გადაამოწმებს და მომლოდინეთა ბაზაში დაარეგისტრირებს. შვილად აყვანის მსურველთა რეესტრში დარეგისტრირება რთული ნამდვილად არ არის. სასურველი შედეგის მისაღწევად განსაზღვრული დრო არ არსებობს. იმის განსაზღრა, რამდენი დედა მიატოვებს შვილს, რომ შემდეგ ეს ბავშვი შვილად აყვანის მსურველებს შესთავაზო, წინასწარ შეუძლებელია.

მრავალჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ  გავიმეორებთ, რომ შვილად აყვანის მსურველთა რიგებს რთული პროცედურა ან ვინმეს გულგრილობა კი არ იწვევს, არამედ ის, რომ გასაშვილებელი ბავშვები სისტემაში ძალიან ცოტაა, მოთხოვნა კი გაცილებით დიდი!! სახელმწიფოს პრიორიტეტია, რომ ბავშვები თავის ბიოლოგიურ ოჯახში იზრდებოდნენ და ამისთვის ყველაფერი კეთდება. აღსანიშნავია მენტალური ცვლილებებიც- თუკი ადრე იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად, პროვინციაში მცხოვრები მარტოხელა გოგონა(მეუღლის გარეშე), ერიდებოდა და  ეშინოდა საზოგადოებაში ბავშვით მარტო გამოჩენას, ახლა ასეთი ახალგაზრდები ბავშვს აღარ ტოვებენ   და  ცდილობენ გაჭირვებით, მაგრამ საკუთარი შვილი მაინც თავად გაზარდონ. სახელმწიფო ზრუნვაში ძირითადად  ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს ტოვებენ, რომელთა გაშვილებაც საქართველოში ასევე იშვიათია. გამონაკლისი შემთხვევები კი ცოტაა, ანუ დედები ისე ხშირად აღარ ტოვებენ ბავშვებს, შესაბამისად ფიზიკურად არ არსებობენ ბავშვები, რომელთაც მშვილებლებს შესთავაზებენ.

უმეტესად, მოთხოვნა რა ასაკის აღსაზრდელებზე ფიქსირდება? აღსაზრდელის დაწუნების შემთხვევა რამდენად ხშირია და, ამ შემთხვევაში, მშვილებელს ბავშვის აყვანის უფლება კიდევ თუ აქვს?

 ქართველ მშვილებლებს მოთხოვნა ძირითადად  ჩვილებზე და მაქსიმუმ 3 წლამდე ასაკის ბავშვებზე აქვთ. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ეროვნება-უმეტესობას სურს, რომ ბავშვი ქართველი იყოს. კანონის ძველ ვერსიაში არ არსებობდა შეზღუდვა შეთავაზების რაოდენობებზე,  ახალი კანონით კი 2 უარის შემდეგ შვილად აყვანის მსურველი რიგიდან იხსნება და ის თავიდან უნდა დარეგისტრირდეს.

ნინო ზარიძე

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები