რამდენიმე წელია, ლექსებს წერს და მკითხველის სიყვარულიც დაიმსახურა, მაგრამ არ მოსწონს, როდესაც პოეტს უწოდებენ. როგორც თავად იხსენებს, პირველი ლექსი გაბრაზებულმა დაწერა, ემოციებისგან გასათავისუფლებლად, მუზების არ სჯერა, მაგრამ სჯერა გრძნობებისა და განცდების სიმძაფრის. წერის სიყვარულს ფიქრების მოზღვავებას უკავშირებს და ცდილობს, რომ ცხოვრებას მრავალმხრივი მიდგომებით შეეგებოს, როგორც თავად აღნიშნავს, „გააჩნია საიდან იყურები“… თანამედროვე ავტორი, რომელსაც „თბილისი თაიმსი“ გაგაცნოთ ირაკლი ჭიკაიძეა. ღრმა შინაგანი სამყარო, სხვების მიმართ სიყვარული და სამყაროს რეალისტური აღქმა ის მახასიათებლებია, რომელიც სხვებისგან გამოარჩევს. ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე მდგარი თანამედროვე ავტორი იმ რუტინულ რეჟიმზე საუბრობს, რომელსაც ყოველდღიურობა ყველა ჩვენგანს სთავაზობს და რომელიც ხშირად მეგობრებთან და ახლოებელი ადამიანებთან ერთად ყოფნის მცირე დროს გვიტოვებს.
თუ შეგიძლიათ, მითხრათ, რა ასაკში დაიწყეთ წერა და რა იყო თქვენთვის ის მთავარი მუხტი, რის გამოც გადაწყვიტეთ, რომ დაგეწერათ ლექსი?
– აბიტურიენტი ვიყავი, მახსოვს. წყენამ დამაწერინა, გაბრაზებაში გადასვლას აღარაფერი აკლდა, ისე ვიყავი და მინდოდა, ეს ტვირთი მომეშორებინა, გავთავისუფლებულიყავი. კონკრეტულად, „დაცლის“ ეს ფორმა რატომ შევარჩიე, ნამდვილად არ ვიცი. იქამდე არც მიფიქრია იმაზე, რომ დრო მოვიდოდა და დავწერდი, ხშირად, ახლაც ვუსვამ ხოლმე თავს კითხვას – წერ? (არ აქვს აზრი, როგორ და რას), წერ შენ?! და მიკვირს.
ეცნობით თუ არა თანამედროვე პოეტების შემოქმედებას და რომელ მათგანს გამოარჩევდით?
– ვეცნობი, რა თქმა უნდა, თუმცა, ზომიერად. ვფიქრობ, რომ თანამედროვე პოეზიაზე საუბარი, ჯერ მაინც, ცოტა ადრეა (ჩემ თაობაზე მაქვს აქცენტი, ძირითადად), რადგან პოეზიას პოეტები ქმნიან, ამ ყველაფერს კი პირველ რიგში, დრო სჭირდება. არ არის ასე, რომ ადგე, დაწერო რამდენიმე ლექსი და ჰოპ! – პოეტი ხარ. ეს ბევრად მეტია, ბევრად საპასუხისმგებლო და რთული, თუ ასე შეიძლება ითქვას, ვიდრე ის, რაც დღეს ვართ. შედარებით უფროსი თაობიდან, ზვიად რატიანს, რეზო გეთიაშვილს და ნანა ქელეხიძეს გამოვარჩევდი. ახალგაზრდებიდან, კონკრეტულად, სახელ-გვარებს არ დავასახელებ (გასაგებ მიზეზთა გამო), მაგრამ, ზოგადი სურათი, ვფიქრობ, ბევრად უფრო კარგია, ვიდრე გვგონია და ძალიან მიხარია. თუმცა, ერთი დიდი პრობლემაა დღევანდელობაში, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება, კერძოდ, დღეს ბევრი რამე იწერება თვალების ასახვევად, გასარეკლამებლად, შეკვეთით და ერთი სიტყვით – ძალით. ბევრი ლექსი “იკერება” და იფუთება, თუმცა, გამოცდილი თვალი ამას ადვილად ამჩნევს. მაგრამ, მაინც დასანანია, როცა მკითხველი „ტყუილდება“.
შთაგონება, მუზა, განწყობა, რა არის მთავარი ლექსის შექმნის პროცესში, როგორი გარემო, ხასიათია საჭირო, რომ ირაკლი ჭიკაიძემ ლექსი შექმნას?
– მუზა.. – მიუხედავად ამ ფენომენის კლასიკური ახსნისა და მთელი ფილოსოფიისა, მაინც არ ვაღიარებ. არ ვამბობ, რომ არ არსებობს, უბრალოდ, ეს ჩემი აზრია. წერისთვის არაა აუცილებელი რამე კონკრეტული, მთავარია ემოციებმა და ფიქრებმა (განსაკუთრებით ისეთებმა, რასაც ყველგან და ყველასთან ვერ აცხადებ) შენი შინაგანი ჭურჭლის პირს მიაღწიოს და გადმოსვლა დაიწყოს.. აი, მერე ხვდები, რომ გჭირდება, დაცლა, გათავისუფლება, გაზიარება, თუნდაც საკუთარ თავთან. არ ვიცი, ამ დროს უამრავ პროცესს ვგრძნობ, მაგრამ, სახელი არ ვიცი არც ერთის, ერთი ვიცი, რომ მუზა არ ქვია. გარემოს რაც შეეხება, ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოგაწვეს ეს ყველაფერი, თუმცა, გარემო მოქმედებს მაინც, რა თქმა უნდა. ხელს გკრავს, გიბიძგებს ფიქრისკენ და დაფარულის აღმოჩენებისკენ. თუმცა, საუკეთესო მდგომარეობა მაინც მუსიკა და დახუჭული თვალებია.
ასე რომ, წერისთვის არაფერია აუცილებელი, არაფერი და ყველაფერი, ერთად. ეს ჩემი აზრია, ხაზს ვუსვამ, კიდევ ერთხელ.
დღესდღეობით რამდენად ხელმისაწვდომია კრებულის გამოცემა ახალგაზრდა პოეტისთვის და ზოგადად რა სჭირდებათ ყველაზე მეტად პოეტებს, იმისათვის რომ განავითარონ საკუთარი შემოქმედება?
– ალბათ, რედაქციების ხარჯებით გულისხმობთ, თორემ, საკუთარი ხარჯებით ნებისმიერ ადგილას დააბეჭდინებ. ესეც საკმაოდ მტკივნეული თემაა, სხვა რამდენიმესთან ერთად. დღეს თუ არ აკმაყოფილებ ადამიანთა ჯგუფების მიერ დადგენილ „კრიტერიუმებს“, ან თუ ყველაფერზე წამსვლელი არ ხარ, ძირითადად, ჭირს ხოლმე ამ მხრივ განვითარება. ერთი სიტყვით, “კაი ტიპი” უნდა იყო და კარგ თვალზე უნდა შემოგხედონ. ახალგაზრდებს სჭირდებათ და გვჭირდება ხელის წაშველება და “მიხმარება”, სტიმული იქნებოდა ჩვენთვის, ცხადია. თუმცა, აქვე იქმნება ბეწვის ხიდი, რომელზეც გავლა გიწევს, თუ გადაცდები, უბრალოებას კარგავ ადამიანი და რაღაც-რაღაცებზე მორგებული ხდები.
“პოეტებს” – ძეგლები უნდათ, პოეტებს – სიმშვიდე.
არაერთ მწერალს აღუნიშნავს, რომ შემოქმედისთვის თავისი ნამუშევარი ყველაზე ძვირფასია. თუ შეგიძლიათ, მითხრათ რას ნიშნავს ლექსები თქვენთვის და ცხოვრების რა ნაწილი უჭირავს შემოქმედებას თქვენს ცხოვრებაში?
– მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მომწონს ჩემი ნაწერები (ეს არ არის თავმდაბლობა, ამჯერად. რეალობაა), მაინც მიყვარს. მეც გამიგია, შვილებივით არიანო, ჰოდა, მგონი ნელ-ნელა ვუახლოვდები იმ ნიშნულს, როცა უკეთ მესმის ეს ყველაფერი, ან როგორ შეიძლება შენ ნაწილს უდიერად ექცეოდე. თუ არ გიყვარს, არც ცუდად უნდა იყო განწყობილი მათ მიმართ. ბოლო-ბოლო, შემოქმედებითად, საბოლოოდ, ისე ხდება, რომ შენ კი არ წერ მათ, ისინი გწერენ, ტიციანის არ იყოს..
უდიდესი ადგილი. და სულაც, ჩემ ცხოვრებას რა ნაწილი უჭირავს ჩემ შემოქმედებაში.. ასე უფრო მართებული იქნებოდა.
საკუთარი შემოქმედების დახასიათება რომ გთხოვოთ, როგორ აღწერდით საკუთარ ლექსებს, რა ნიშა აქვთ მათ თანამედროვე პოეზიაში?
– ამაზე, ახლა, ამ წამს, და მით უმეტეს მე, ვერ ვისაუბრებ. და საერთოდ, ეს ის მიმზიდველი ნიშაა, რომელიც იმ ბეწვის ხიდიდან გაგდებს, რაც ზემოთ ვახსენე (თუ რაღაცეები რეალურად არ გაქვს მიღებული და არ ხარ მზად ბევრი რამისთვის). ამ ეტაპზე ის ნიშა უფრო მნიშვნელოვანია, რასაც საკუთარ თავში ვიკეთებ.
თუ შეგიძლიათ, მიამბოთ როგორია ირაკლი ჭიკაიძის ყოველდღიური ცხოვრება, სად სწავლობს, რით ხართ დაკავებული თავისუფალ დროს?
– სიამოვნებით. ისეთივე, როგორიც უმეტესობა ჩვენგანის. ბოლო ორი წელია, დილა სამსახურით იწყება, და საღამომდე ასე გრძელდება – სამსახურით და აუარება რაოდენობის ყავით. დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესიით არქიტექტორი ვარ და ვცდილობ ამ მხრივ განვვითარდე კიდეც, რადგან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. მაგისტრატურის მეორე კურსზე ვარ, მაგრამ, შეჩერებული მაქვს ჯერ სწავლა და მომავალ წელს ვფიქრობ დასრულებას. შემდეგ ვნახოთ რა იქნება. დიახ.. სამსახური საღამომდე გრძელდება და დარჩენილ დროს, გააჩნია, თუ დამატებით საქმე მაქვს, იმას ვუთმობ, თუ არადა, პატარა “ფანჯარასაც” კი ვიყენებ იმისთვის, რომ ხშირად დიდი ხნის მონატრებულ მეგობრებთან წავიდე, რაც ხშირად არ გამომდის. ასე რომ, მეგობრებო, უდიდესი ბოდიში და მოკრძალება ჩემგან. სამწუხაროდ, ყოფითი ამბები და პრობლემები დაუკითხავად იღებს სადავეებს ცხოვრებაში, და მეგობრები კი.. მათ ესმით ჩვენი, უკმაყოფილოები არიან, მაგრამ, ესმით. მეც ვარ ხშირად მათ ადგილას, ასე რომ..
თუმცა, საბოლოოდ, როგორც წესი, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს, იმდენაც ცოტა, რომ ჩემ საყვარელ ვიდეოთამაშებსაც ვერ ვთამაშობ (ვინც კარგად მიცნობს, კი მიხვდება, რამხელა სევდაზე მაქვს საუბარი).
თუ შეგიძლიათ მიამბოთ თქვენი ყველაზე საინტერესო გამოცდილების შესახებ, რომელიც თქვენს შემოქმედებას უკავშირდება?
– ამ მომენტში ეს უცნაური და უჩვეულო ფენომენი მახსენდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ წერას და ზოგადად, ხელოვნებას (მუსიკას, ყველაზე მეტად, ჩემი აზრით), თავისკენ, შიგნით შეთრევის და შეტყუების დიდი უნარი აქვს. ჰოდა, ორ წელზე მეტია უკვე, რაც ვწერ ერთ დიდ, უშველებელ ამბავს, რომანს, სამომავლოდ, სადაც თხემიდან ტერფამდე ვარ შესული და ვცდილობ, თითოეული პერსონაჟის გარემო ზედმიწევნით ავითვისო ხოლმე. რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ ვიტყვი, რომ, ბატალური სიუჟეტების და ჩემი ბამბუკის ჯოხების წყალობით, მგონი, ფარიკაობას დავეუფლე.
მაინტერესებს, როგორია უკუკავშირი თქვენს, როგორც ახალგაზრდა ავტორსა და თქვენს მკითხველს შორის, გწერენ თუ არა საკუთარ შეფასებას, ან დამოკიდებულებას, თქვენი მკითხველები და რა ემოციებს იწვევს მათი შეფასება თქვენში?
– ნებისმიერი, ვისაც, თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც, აქვს შეხება საზოგადოებასთან და აზრი არ აქვს რა სიხშირით ამზეურებს ნამუშევრებს (აქ მარტო წერაზე არაა საუბარი, ნებისმიერ დარგზე ვრცელდება) და იტყვის, რომ ეს მისთვის უინტერესო საკითხია და ყურადღებას არ აქცევს – ცრუობს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ალალი ვიქნები და ვიტყვი, რომ იმ შეგრძნებას, როდესაც სადღაც, შორეთში, ათობით, ასობით და ათასობით კმ – ის მანძილზე, სრულიად უცხო ადამიანებში, მივიწყებულ, მათთვის ახალ თუ არარსებულ, სევდიან თუ მხიარულ სიმებს ეხები და ადამიანამდე აღწევს ის ემოცია, მუხტი, ენერგია, ზუსტად იმ სახით, როგორც შეიქმნა – საოცრებაა. უდიდესი სტიმულია უფრო მეტის და მეტისთვის, უდიდესი სითბოა, რომელასაც არაერთხელ გამოუყვანივარ ცუდი გუნებიდან და არაერთხელ უშველია. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა უნდა იყოს ავტორისთვის. თუმცა, ამ ყველაფერს სისადავე და სისუფთავე სჭირდება.
გამცემს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს იმ ემოციის ელემენტარული ნაწილი მაინც, რასაც შენდამი გასცემს, ჩემთვის ასეა და მე ასე მწამს, ეს ერთგვარ “წესად” მაქვს შესისხლორცებული და არც მესმის, როგორ შეიძლება, სხვანაირად იყოს. თუმცა, ისეთ ყურადღებას ვერ ვაქცევ მაინც ადამიანებს, როგორსაც ვისურვებდი და რიგით მეორე ბოდიში (კარგად ვსარგებლობ ამ მოხერხებული შესაძლებლობით და თქვენი წყალობით).
მაინტერესებს გიყვართ თუ არა მოგზაურობა და თავგადასავლები, საშუალება რომ გქონდეთ, სად წახვიდოდით, რა ადგილებს ნახავდით?
– დიახ, მიყვარს, მაგრამ ბევრჯერ არ მქონია მოგზაურობის დაგემოვნების შანსი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ გამოსწორდება, ჯერ წინაა ყველაფერი. იმის გათვალისწინებით, რომ მკაცრი კლიმატი მიყვარს, სიამოვნებით მოვინახულებდი სკანდინავიას, კანადას, და ვიცხოვრებდი კიდეც, სულ თუ არა, გარკვეული პერიოდი მაინც. სიცივეში უკეთ ვფიქრობ და სითბოც მეტად გესაჭიროება. თუმცა, ჩემი ოცნების ქალაქად მაინც ბარსელონა რჩება.
საკუთარი თავის აღწერა რომ გთხოვონ როგორ დაახასიათებდით, არსებობს თუ არა ფრაზა ან გამონათქვამი, რომელიც თქვენს ხასიათსა და ცხოვრების სტილს ყველაზე მეტად შეეფერება?
– არასოდეს მიყვარდა ჩემ თავზე საუბარი. ერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ არ მიჭირს ადამიანებთან კონტაქტში შესვლა.
დიახ, არის ასეთი ფრაზა, და სადაც შესაძლებლობა მაქვს, ყველგან აღვნიშნავ. “გააჩნია, საიდან იყურები..’’ – ვცდილობ, ცხოვრებაშიც ამ ხაზით ვიარო და დავდივარ კიდეც. ვცდილობ, ცივი გონებით და სხვადასხვა კუთხიდან შევხედო მოვლენებს, ასე უფრო მართებულ გადაწყვეტილებამდე მიდიხარ ხოლმე, როგორც წესი. თუმცა, საკუთარ თავზე მუშაობაა ამისთვის საჭირო.
შემოქმედება შემოქმედის სულიერი სამყაროს გამოძახილია, თქვენს ლექსებში რომანტიკული შტრიხები მკაფიოდ შესამჩნევია, მაინტერესებს ხართ თუ არა შეყვარებული და როგორია თქვენი შინაგანი განწყობა, მიიჩნევთ თუ არა თავს რეალისტად?
– არის, ცხადია. რომანტიკული შტრიხები, ერთი შეხედვით, ყველაზე არარომანტიკულ ჩანაწერებშიც შეიძლება დაინახო, “გააჩნია, საიდან იყურები..’’. ხასიათს და განწყობას უდიდესი ეფექტი აქვს ამ დროს, სხვადასხვა პერიოდში, სულ სხვანაირად აღიქვამ მოსმენილსაც და წაკითხულსაც, თუმცა, ეს კიდე ცალკე საკითხია..
რეალისტი ვარ, ეს ნამდვილად ვიცი, ისე, რომ წყალი არ გაუვა. თუმცა, რეალისტობა არ გამორიცხავს იმას, რომ არ შეგიძლია ხანდახან მოწყდე ყველაფერს და იოცნებო. ამის უფლება ყველას აქვს, და ეს ყველას გვეპარება, ყველაზე ხისტ რეალისტებსაც კი, თუმცა, ნაკლებად ვიმჩნევთ, ვფიქრობთ, რომ ასე უფრო “მომგებიანი” და სასარგებლოა ჩვენთვის.
რაც შეეხება სიყვარულს.. – არ ვიცი. ეს ყველაზე გულახდილი პასუხია. ხშირად მგონია, რომ არაფერი გამეგება ამ “ქიმიური ფორმულის”, ხშირად მგონია, რომ მთელი ცხოვრება მიყვარს და მყვარებია თურმე.. განსაკუთრებით დღეს, ჯადოსნურობის მიუხედავად, წონადაკარგული და გახუნების პირას მყოფი ცნებაა (გრძნობის ავლით).. დღეს, ჩემში არსებობს ის შეგრძნებები, რაც მაღიმებს, მთავარი ესაა ხშირად. და ბოლო პერიოდში დასაბუთებულად მივხვდი, რომ სიჩუმე საოცარი მდგომარეობაა.
თუ შეგიძლიათ, რომ მესაუბროთ სამომავლო გეგმებზე, რას ითვალისწინებს მიზნები, რომლებიც გინდათ, რომ უახლოეს წლებში განახორციელოთ?
– უახლოეს მომავალში, კერძოდ, ნოემბერ-დეკემბრის მიჯნაზე, პერსონალური ღონისძიების გაკეთებას ვაპირებ და აუცილებლად გავაკეთებ კიდეც. ჯერ, სხვა, მნიშვნელოვანი გეგმა ამ მხრივ, არ მაქვს. შეძლებისდაგვარად, ვაგრძელებ მუშაობას მომავალ რომანზე, თუმცა, ეს კიდევ უფრო დიდხნიანი გზაა, ვიდრე ორი და სამი წელია, თუმცა, აუცილებლად მივხედავ და ბოლომდე მივყვები ამ ნაწერს.
საზღვარგარეთ წასვლაზეც ვფიქრობ, თუმცა, რა როგორ გამოვა, წარმოდგენა არ მაქვს, წინასწარ რთულია ასეთი რამეების განსაზღვრა, მით უმეტეს, როცა ჩანაფიქრებსა და მათ ასრულებას შორის უარყოფითი ბალანსია.
ნანუკა მაღლაკელიძე