კომპანია “სილქნეტი”, ამ ეტაპზე, 6 ქართულ ტელეარხს საკუთარი ქსელიდან არ გათიშავს, თუმცა მისთვის მიუღებელია 6 არხის ერთიან სატრანზიტო გადასახადზე მსჯელობა.
“ჩვენთვის, პირველ რიგში, მიუღებელია ერთ პაკეტად შესყიდვა ისეთი არხების, რომელთაც სხვადასხვა რეიტინგი, შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკა აქვთ და ამავე დროს ბაზრის 80%-ზე მეტს ფლობენ. ამ შეთავაზებით მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ გადაწყვეტილება თითოეულ არხზე ინდივიდუალურად და მომხარებლის ინტერესის გათვალისწინებით, რაც ეწინააღმდეგება ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის ბიზნეს პრინციპს.
შესაბამისად, 6 არხის ერთიან ტრანზიტზე გადასახადთან დაკავშირებით საუბარი მიუღებელია. თუმცა, ლოგიკურად მივიჩნევთ პაკეტის დაშლას და თითოეულ არხზე ცალკეული პირობების განხილვას. რაზეც, არაერთხელ ვაცნობეთ მაუწყებელთა წარმომადგენელს – მედია რაითს ჯორჯიას, წერილობით.
ჩვენ ვიმოქმედებთ კანონიდან გამომდინარე და ვთვლით, რომ, თუ მოლაპარაკებები სწორად წარიმართება, შევძლებთ, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
საკაბელო კომპანიების ნაწილმა პროტესტის ნიშნად ექვს ქართულ არხი გათიშა. მიზეზად ტელეკომპანიების: იმედის, მაესტროს, ჯი-დი-ეს-ის, რუსთავი 2-ის, მარაოსა და კომედი არხის გადაწყვეტილებას ასახელებენ.