თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სწავლა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია, მაგრამ არსებობს გარეშე აქტივობები, რომლებიც მათთვის ასევე მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მათგანი, სწორედ, სიმღერაა. თსუ-ის მომღერალთა გუნდი რამდენიმე წელია კარგი სმენისა და ვოკალური მონაცემების მქონე სტუდენტებს აერთიანებს, ისინი სხვადასხვა კონცერტსა თუ ფესტივალზე უნივერსიტეტის სახელით ასპარეზობენ. თსუ-ის სტუდენტური გუნდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ლაშა მიროტაძე, „თბილისი თაიმსს“ გუნდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც თსუ-ის სტუდენტური გუნდი ჩამოყალიბდა, იდეა საიდან წამოვიდა?
– 2015 წელს ,,საქართველოს საგუნდო საზოგადოება’’ ჩამოყალიბდა, რომლის ფარგლებშიც ,,საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი” ტარდებოდა. ამ კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით ხალხური თუ აკადემიური გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ამ დროს, პირადად მე, გამიჩნდა კონკურსში გამოსვლის სურვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპეტენტურ პირებს ჩემი იდეა გავაცანი და დაახლოებით 2 კვირაში, 16 გოგოსთან ერთად, ვოკალური გუნდის ჩამოყალიბება დავიწყეთ.
გუნდის მონაწილეთა შერჩევა რა კრიტერიუმებით ხდება, ქასთინგებს თუ ატარებთ?
– დაინტერესებული პირები, ჩვენი გუნდის შესახებ ინფორმაციას, თსუ-ის კულტურის დეპარტამენტისგან იღებენ, შემდგომ მოდიან და რამდენიმე მუსიკალური სავარჯიშოს მეშვეობით სმენასა და ხმას ვუმოწმებ. თუკი შესაბამისი მონაცემები აღმოაჩნდებათ, ჩვენი გუნდის წევრები ხდებიან. როგორც ასეთი, ოფიციალური სახის ქასთინგები არ ტარდება.
უნივერსიტეტის მუსიკალურ გუნდში მხოლოდ გოგონები არიან გაწევრიანებულნი?
– თსუ-ის სტუდენტურ გუნდში, 2016 წლამდე, მხოლოდ გოგოები იყვნენ, შემდგომ ბიჭებიც შემოგვიერთდნენ. ამჟამად შერეული სახის გუნდი ვართ, რომელშიც 40 წევრია. რადგანაც ბიჭების მიღება ახალი დაწყებული გვაქვს, ჯერჯერობით, რაოდენობრივად გოგოები ჭარბობენ.
როგორი სტილის რეპერტუარი გაქვთ, ერთ კონკრეტულ ჟანრს ხომ არ მისდევთ?კონცერტებს მხოლოდ უნივერსიტეტის მასშტაბით მართავთ?
– რეპერტუარის შერჩევა, რომელიც მომღერლებს-გუნდის წევრებს დააინტერესებს და შენთვისაც, ასე თუ ისე, საინტერესო იქნება, მარტივი არ არის. ვცდილობთ ყველა ჟანრს შევეხოთ, როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერები შევასრულოთ, მაგრამ ძირითადად მაინც ამერიკულ სპირიჩუალსებს ვასრულებთ. ვმუშაობთ აკადემიური განხრით.
რაც შეეხება კონცერტებს, წელს, თსუ-ის გუნდმა საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად იმღერა. ეს გასვლა იყო აზერბაიჯანში, ბაქოში ყოველ წელს იმართება ცნობილი კომპოზიტორისა და საზოგადო მოღვაწის, უზეირ ჰაჯიბეილის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ქვეყნის ორკესტრები, გუნდები თუ შემსრულებლები. წელს, ამ ფესტივალზე, მიწვეულები ვიყავით თსუ-ის გუნდი, ასევე თბილისის გოგონათა გუნდი, ომარ ბურდულის ხელმძღვანელებით და თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო განყოფილების უფროსკლასელთა გუნდი, მიხიელ ედიშერაშვილის ხელმძღვანელობით. სამივე გუნდს, საერთო ჯამში, საფესტივალო გუნდი ერქვა, რომელსაც ლიანა ჭონიშვილი ხელმძღვანელობდა. ფესტივალში, ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელაც მონაწილეობდა. საგუნდო მუსიკას ერთი დღე ჰქონდა დათმობილი. ფესტივალი გერმანიის ფილარმონიის კამერულმა ორკესტრმა დახურა.
თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
– თსუ-ის სტუდენტებიდან მინდა, რომ ეტაპობრივად ნიჭიერი ადამიანები ავარჩიოთ. გვსურს კიდევ უფრო ბევრი გავხდეთ, კონკრეტული რაოდენობა განსაზღვრული არ არის.
ნინო ზარიძე