გადავწყვიტე, დღეს დამეწერა იმ პრობლემებზე, რომლებსაც უამრავი სამსახურის მაძიებელი ახალგაზრდა აწყდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ნომერ პირველ პრობლემად კვლავაც დასაქმება რჩება. მოსახლეობის უმეტესობა უმუშევრობას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად. მიუხედავად ასეთი სურათისა, არსებობს უამრავი დასაქმების საიტი, სადაც, თითქოს, არც იგრძნობა, რამდენად მძიმე ვითარებაა ამ მხრივ ქვეყანაში. ამ საიტებზე შესვლისას, თქვენ შეხვდებით ძალიან ბევრ შემოთავაზებას, რომელსაც სხვადასხვა დამსაქმებელი კომპანია სთავაზობს სამუშაოს მაძიებლებს. მოკლედ, ორი განსხვავებული სამყაროა: პირველი, რომელსაც ყველანი ვხედავთ ჩვენს ირგვლივ და, მეორე, რომელსაც ასევე ყველანი ვხედავთ დასაქმების საიტებზე.
რატომ დგას დღის წესრიგში მთავარ გამოწვევად კვლავ უმუშევრობა, ამის ბევრი მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ, თუმცა, ამ შემთხვევაში, ყურადრება მინდა გავამახვილო იმ პრობლემაზე, რომელსაც მე პირადად ბევრჯერ გადავაწყდი. ჩემს გარშემო უამრავი ახალგაზრდისაგან მსმენია ერთი და იგივე ისტორია: აგზავნი CV-ის, გიბარებენ გასაუბრებაზე და, მაგალითად, 20 წლის ჯერ კიდევ სტუდენტს სთხოვენ 2-3-წლიან გამოცდილებას. თუ იტყვი, რომ 20 წლის ასაკში შეუძლებელია ასეთი გამოცდილება გქონდეს, მაშინვე დაგისახელებენ აქტიურ ახალგაზრდებს, რომლებიც თურმე ახერხებენ ამას. ხშირ შემთხვევაში, ამ ამბავს ის გაგრძელება აქვს, რომ გთავაზობენ არა სამსახურს, არამედ სტაჟირებას, რომლისგანაც, თითქოს, გამოცდილებას დააგროვებ. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ამ სტაჟირებას არ აქვს კონკრეტული ვადები, მიზნები (ახალი რა და როგორ უნდა ისწავლო), არც სტაჟირების გავლის შემდგომ დასაქმების პერსპექტივას გპირდებათ ვინმე და არც გზის ფულს, რითიც უბრალოდ სამუშაო ადგილამდე უნდა მიაღწიოთ. ანუ ეს არის რაღაც უაზრო, ჰაერში გამოკიდებული, უვადო და უპერსპექტივო სამუშაო, სადაც დასაქმებული ხართ, მაგრამ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. როცა გავა რამდენიმე თვე და თქვენ ხელფასზე სიტყვა დაგცდებათ, გეტყვიან, რომ ჯერ მზად არ ხართ ამ სამუშაოს შესასრულებლად. მოდით, მარტივად ვთქვათ, დამსაქმებელს უბრალოდ სჭირდება უფასო მუშახელი. ძალიან მომგებიანია, როცა საქმე კეთდება და ამაში ფულს არ იხდი. თქვენ წამოხვალთ და არ განაგრძობთ არარსებული მიზნისკენ სვლას? არაუშავს, სხვა ჩაგანაცვლებთ. რა თქმა უნდა, ისიც სტაჟიორი და ისიც გაურკვეველი მიზნით. დამერწმუნეთ ბევრი მსურველი ეყოლებათ.
აი, ესაა, რასათანაც შეხება თავადაც მქონია და ასევე ხშირად მომისმენია სხვებისგანაც. ჩემი აზრით, უკვე მყარად დამკვიდრებული და აბსოლუტურად გაუმართლებელი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. როცა 20 წლის ახალგაზრდას სთხოვთ სამუშაო გამოცდილებას და თანაც 2-3-წლიანს, უბრალოდ უსამართობაა. ასევე, დიდი უსამართლობაა ინფექციასავით მოდებული ეს 2-3- წლიანი გამოცდილება. სად უნდა მიიღოს ადამიანმა გამოცდილება, როცა არავინ არ ასაქმებს ამის გარეშე. ალბათ, ისევ ნაცნობი უნდა მოძებნოს სადმე. და კიდევ, სტაჟირება რელაურად ძალიან კარგია, უბრალოდ როგორც ბევრი რამ, ჩვენს ქვეყანაში ესეც სრულიად უსამართლოა.
სტუდენტი