საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მდიდრებს მოუწოდა, გაჭირვებულებს დაეხმარონ.

“მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. დღევანდელი სახარება მიგვითითებს, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის. მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები, დედოფლები, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ. სიმდიდრე – ეს არის განსაცდელი და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან”, – განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, სიმდიდრე თავისთავად არ არის ცოდვა, მაგრამ ის გამოყენებული უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებისთვის. “ალბათ თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი, დავეხმარო თუ არა. თუ დავეხმარები, შეიძლება ღვინო ან არაყი დალიოს. მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება. გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი და სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად”, – აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, უნახავს ოჯახები, რომლებიც ქველმოქმედებას ასწავლიან შვილებს, დილით უშვებენ ქუჩაში, რომ იპოვონ გაჭირვებული ადამიანი და მოიყვანონ სახლში. „ბედნიერია ადამიანი, ვინც ამას აკეთებს. არის შემთხვევა, როცა ვერ პოულობენ და დამწუხრებულნი ბრუნდებიან, რომ ვერ იპოვეს გაჭირვებული ადამიანი. ღმერთმა ხედვა მოგცეთ, გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

(Visited 360 times, 1 visits today)

კომენტარები