„ჩვენ რომ შეცდომა არ დაგვეშვა, არ იქნებოდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების აღიარება, უკრაინის შეცდომებმა გამოიწვია ის,რაც მოხდა ლუგანსკში და ყირიმში. ჩვენმა შეცდომებმა რუსეთს მისცა „კარტბლანში“ და მან გამოიყენა ეს სიტუაცია“ , – რუსეთის „პირველ არხზე“ სტუმრობის მიზეზებზე და ტელევიზიიდან გაკეთებულ მთავარ გზავნილებზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.
„ჩემი ამოცანა არ არის,რომ რუსეთს აგრესორი და ოკუპანტი დავუძახო და ამით გული მოვიქავო.ეს ადრეც გამიკეთებია, მაგრამ შედეგი მივიღეთ აფხაზეთის და ოსეთის აღიარება, ყოველდღიურად რუსეთი ძალიან ცუდად იქცევა და ეხმარება სამხრეთ ოსეთს,რომ, გადმოსწიოს საზღვარი საქართველოს შიგნით. არ მაინტერესებს სად რას ილაპარაკებენ, მთავარი მიზანია ჩემს ქვეყანას გავუჩინო შანსი,რომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. მთავარი არ არის ვინ რა იარლიყს მომაწებებს. რუსული ტანკები მუდმივად იქნება აფხაზეთში თუ ქართული ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებაზე მიიხედავს ამერიკისკენ.
სტუდიაში მე არ ვიდექი უკრაინის საწინააღმდეგო მხარეს, ეს ფორმალურად შეიძლება ჩაითვალოს ასე. ნამდვილად მინდა,რომ უკრაინასთან გვქონდეს კარგი და მეგობრული ურთიერთობები, მაგრამ სწორედ როგორც მათი გულშემატკივარი, ვსაუბრობ უკრაინის ხელისუფლების კატასტროფულ შეცდომებზე. რუსეთს ასევე სერიოზული ინტერესები აქვს ყაზახეთში, მაგრამ ყაზახეთს ჰყავს გონიერი ხელისუფლება და მათთვის რუსეთი არის არა აგრესორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ყველა ქვეყანა ცდილობს,რომ მეზობელი სახელმწიფოს სისუსტე, შეცდომა გამოიყენოს. მეც იმავეს ვეცდები როცა ხელისუფლებაში ვიქნები,რომ ნებისმიერი სახელმწიფოს სისუსტე გამოვიყენო“ , – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მანანა ღოღობერიძე