„ლიბერალური დამოკიდებულება მასშტაბური უნდა იყოს, მაგრამ არა უკიდეგანო. დეკრიმინალიზაცია არ უნდა იყოს ლეგალიზაციის ტოლფასი. ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს სისტემურად განხილული, მხოლოდ არასამთავრობო სექტორის განწყობის იმედადა არ უნდა დავტოვოთ ეს საკითხი“ , – ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შესახებ ახალი კანონპროექტის დეტალების შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ „იბერიას“ ეთერში, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა.
„არ შეიძლება დახატვა, თითქოს პორტუგალიაში ყევლაფერი რიგზეა. იქ 6-7 წლის განმავლობაში იყო მომხმარებლის მატება და მხოლოდ შემდეგ დაიწყო კლება. ნარკომანიის მოხმარებისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ახალი მონაცემებით, ევროპის მასშტაბით მარიხუანას ყველაზე დაბალი მოხმარება არის საქართველოში, ეს არის 20-21%. ლისაბონში ცენტრალურ ულამაზეს პროსპექტზე თვალშისაცემია ნარკობარიგების სიმრავლე, არ მინდა მსგავსი ჩემს ქვეყანაშიც ვნახო. გასაგებია რომ ნარკომომხმარებელი ციხეში არ უნდა ჩავსვათ, მაგრამ ალტერნატიული მეთოდები უნდა არსებობდეს.
გვთავაზობენ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლბა მოიხსნას გაზრდილ დოზებზე. თუ პირს ერთი დღის დოზა ექნება, ის მხოლოდ უნდა დაჯარიმდეს. რაც შეეხება მარიხუანას, 70 გრამი მარიხუანას აღმოჩენისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი იმოქმედებს, ეს 70 გრამი არის 35 ადამიანისთვის საკმარისი დოზა. მომხრე ვარ დეკრიმინალიზაციის, მაგრამ დროულის,როდესაც საზოგადოება იქნება მზად და ბიუჯეტს შეეძლება სერვისების უზრუნველყოფა. გასათვალისწინებელია სოციალური და დემოგრაფიული პირობები.
დაუფიქრებლად, ერთი შეხედვით ლამაზად წასაკითხი პროექტის მიღება არ შეიძლება, მხოლოდ ემოციებზე და ვიწრო დაინტერესებულ ჯგუფებზე დაყრდნობით ვერ ვიმოქმედებთ. ლიბერალური დამოკიდებულების ნაწილია რომ მასშტაბური ამნისტიით გათავისუფლდნენ ნარკომომხმარებლები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მოეხსნათ ვალდებულება, ზედოზირების შემთხვევაში გამოეძახებინათ პოლიცია“ , – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მანანა ღოღობერიძე