თუ გინდათ რომ ჩაის ან ყავის დალევის დროს გვერდით გყავდეთ საყვარელი ადამიანი, მაშინ  „ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები“ სწორედ თქვენთვისაა. თქვენ შეგიძლიათ დაამზადებინოთ ჭიქა, თქვენი ან თქვენი საყვარელი ადამიანის გამოსახულებით, რომელსაც შესაძლოა იუმორისტული ფორმაც ჰქონდეს.

ნიკა გაგლოშვილი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელმაც საკუთარი  შემოქმედება ორიგინალური და ყველასგან განსხვავებული ჭიქების დამზადებას დაუკავშირა.  „ორიგინალური ხელნაკეთი ნივთები“ ქართულ ბაზარზე სულ რაღაც ექვსი თვეა რაც გამოჩნდა, თუმცა, დღეს ბევრისთვის ცნობილ და საყვარელ ბრენდად იქცა.

ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა  წამოგეწყოთ ეს საქმიანობა?

– პროფესიით არქიტექტორი ვარ. 2016 წელს დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის,ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.საკმაოდ წარმატებით. ჩემთვის არქიტექტურა არის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და საპასუხისმგებლო პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. ამ ეტაპზე ჩემი პროფესიით ვერ ვმუშაობ, ამიტომ გადავწყვიტე იმის კეთება დამეწყო,რაც ასევე მიყვარს და გამომდის. ბავშვობიდან სულ რაღაცებს ვაკეთებდი. ვხატავდი, ვძერწავდი, სხვადასხვა საგნებისგან ნივთებს ვამზადებდი. ხელოვნებასთან სულ მქონდა კავშირი, შემდეგ უნივერსიტეტშიც ვისწავლე ხატვა.ეს ყველაფერი კი დამეხმარა დამეწყო ჩემი პატარა საქმე.

რა არის ის, რითიც გამოირჩევით  სხვებისგან?

– მთავარი განმასხვავებელი ნიშა ყველასგან გამორჩეული და ინდივიდუალური ნამუშევრების შექმნაა. არ მიყვარს არავის მიბაძვა,  ჩემი წარმოსახვითა და იდეებით ვქმნი ნამუშევრებს. ვცდილობ, ისეთი რამ გავაკეთო რასაც სხვები არ აკეთებენ. თითოეული ნამუშევრის შექმნას ძალიან დიდ დროს ვუთმობ. თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ და მასში მთელს ენერგიას ვდებ. არ შემიძლია უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გავაკეთო რაიმე და მასში მთელი გრძნობა და ემოცია არ ჩავდომთავარი, რაც სხვებისგან გამომარჩევს  პორტრეტის მსგავსი ფიგურებია ჭიქაზერომელსაც პოლიმერული თიხით ვძერწავ კარიკატურისა და თოჯინის სტილში, ვფიქრობ,  დიდია მსგავსება.

როგორია კონკურენცია და რამდენად მოთხოვნადია  ხელნაკეთი ნივთები ქართულ ბაზარზე?

– ბოლო დროს საკმაოდ ბევრმა დაიწყო  ხელნაკეთი ნივთების დამზადება. შესაბამისად კონკურენციაც დიდია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოთხოვნა მაინც არის.  დღეს მომხმარებლები მეტად აფასებენ ხელნაკეთ ნივთებს და ხშირად ყიდულობენ საჩუქრად საყვარელი ადამიანებისთვის.

რა მასალას იყენებთ ჭიქების დასამზადებლად?

 ამჟამად პოლიმერულ თიხაზე ვმუშაობჭიქებს ვყიდულობ და შემდგომ მათზე ვაწებებ ჩემ  მიერ გამოძერწილ და დამზადებულ ფიგურებს. უახლოეს მომავალში, ვაპირებ გავაკეთო მაცივარის სამაგრები და სამკაულები. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ყველაფერი ხელით მზადდება, არ მაქვს სპეციალური ხელსაწყოები, რითიც შედარებით მარტივი და ბევრად მოსახერხებელი იქნებოდა მუშაობის პროცესი. თითოეული დეტალი ხელით იქნება, რაც ვფიქრობ, ნამუშევრებს განსაკუთრებულობას მატებს.

როგორია თავად  შექმნის პროცესი?

– შექმნის პროცესი სახალისო და საინტერესოა. პირველ რიგში, ვრთავ კლასიკურ მუსიკას და შემდეგ ვიწყებ მუშაობას.მუსიკა მაძლევს მეტ სტიმულსა, ენერგიასა და ფანტაზიას, რათა შევქმნა რაღაც ახალი და განსხვავებული ყველასაგან. როდესაც, რაღაც ძალიან კარგი გამოდის, ეს ჩემი მოტივაციის წყაროა, რადგან ვცდილობ, მომავალში კიდევ უფრო განვვითარდე და მეტად დავხვეწო ნამუშევრები.

როგორია ფასები და სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

– ფასები განსხვავებულია, დამოკიდებულია იმაზე თუ რისი დამზადება ან ყიდვა სურს მომხმარებელს. გააჩნია ნივთს. თუმცა, ვცდილობ ფასები ყველასთვის ხელსაყრელი და მაქსიმალურად მისაღები იყოს, რათა  სურვილის შემთხვევაში ყველამ შეძლოს მათი  შეძენა. რაც შეეხება გაყიდვებს, ნივთების შეძენა ჯერჯერობით ფეისბუკის გვერდიდანაა შესაძლებელი.

სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

 სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვფიქრობ, მომავალში ყველაფერი უფრო უკეთესი იქნება ვიდრე ახლაა. ბევრად მრავალფეროვან, ორიგინალურ და განსხვავებულ  ნივთებს შევთავაზებ მომხმარებლებს. სამომავლოდ ნივთების დამზადებას სხვადასხვა მასალის გამოყენებით ვგეგმავ. როგორებიც იქნება, მაგალითად, მეტალები, ხე, შუშა, პოლიეთილენი თუ ა.შ.  ვეცდები მუდმივად სიახლეები შევთავაზო მომხარებლებს.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 54 times, 1 visits today)

კომენტარები