„ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადაიდგა. ამ ქვეყანაში კახა ბენდუქიძის შემდეგ სამინისტროების შემცირება ვერავინ გაბედა. რაც უფრო ნაკლებია ბიუროკრატიული წერტილები, მით უფრო ნაკლებია შანსი,რომ ბიუჯეტის გაზრდა მოითხოვო, ბიუროკრატიის გაფართოების შანსი ნაკლებია“ , – სამთავრობო ცვლილებების შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში ისაუბრა.
„სიტყვებით – ოპტიმიზაცია, ეფექტურობა, მოსახლეობას ფარდას აფარებენ თვალებზე,თითქოს მართლა რაღაც ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანია რეალურად აპირებენ თუ არა ბიუროკრატიის შემცირებას. რატო გადაწყვიტეს ახლა სტრუქტურული ცვლილებები და არა ერთი ან 2 წლის წინ, ერთი შეხედვით გაუგებარია. შესაძლოა არჩევნებს დავუკავშიროთ, მეორე ტურმა ჩაიარა და ამით საარჩევნო ომი დასრულდა. ახლა ეკონომიკური გამოწვევა არ არსებობს,რომელიც შარშან ან 5 წლის წინ არ არსებობდა.
თუ ფიქრობენ,რომ სამინისტროების ოპტიმიზაცია არის ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი, მაშინ ეს აქამდე უნდა გაეკეთებინათ, მე ამას წლებია ვითხოვდი. „გირჩს“ ჰქონდა პროექტი,რომლითაც ბიუჯეტს 3 მილიარდით ვკვეცდით. რესურსის პრობლემა რეალურად არ დგას, თუ სწორად დაგეგმავენ. საბოლოო ჯამში შემცირდება თუ არა სამთავრობო ხარჯები, ერთად ვნახავთ 2018 წლის ბიუჯეტის ახალ პროექტში,რომელიც წლის ბოლომდე დამტკიცდება. ამით შეგვიძლია ერთმანეთს შევადაროთ, მექანიკური დაჯამება მოხდება თანამშრომელთა რაოდენობის თუ რეალურად შემცირდება ხარჯები.
რაც შეეხება კონკრეტულ კადრებს, არ ვიცი ბახტაძემ რითი გამოიჩინა თავი, ფაქტია,რომ რკინიგზაში ტვირთბრუნვა და მოგებები არის შემცირებული. რაში გამოიხატება ბახტაძის წარმატება და რა მენეჯერული უნარებით გამოირჩევა არ ვიცი. რაც შეეხება გიორგი გახარიას,მას შსს-ს სპეციფიკასთან არ ჰქონია შეხება და შესაძლოა ამიტომ ცოტა გაადამიანურდეს ეს სისტემა“ , – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მანანა ღოღობერიძე