„მთავარი არ არის რაოდენობის შემცირება, მთავარია ოპტიმიზაცია. უნდა მივიღოთ ისეთი მმართველობის სისტემა,სადაც მუშაობს ზუსტად იმდენი ადამიანი,რამდენიც სჭირდება სისტემის მუშაობას“ , – განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების ეფექტურობის და ხარვეზების შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ ისაუბრა.

„გაერთიანებები, შერწყმები ლოგიკურია, განსაკუთრებით ეონომიკის სამინისტროს ფუნქციების გამსხვილება, ასევე ლოგიკურია ევროინტეგრაციის სამინისტროს ინტეგრირება საგარეო საქმეთა სამინისტროში,დიდწილად დუბლირებული იყო მათი ფუნქციები, პარალელური სისტემის არსებობა არასერიოზულობის განცდას ტოვებდა. პოსტსაბჭოური გაუგებრობა იყო ახალგაზრდობის სამინისტროს არსებობა და მისი გადანაწილება, მეორე ეტაპზე იმედი მაქვს,რომ სახელმწიო ახალგაზრდობის კურაციას თავს დაანებებს. ერთადერთი საკამათო შესაძლოა იყოს გარემოს დაცვითი მიმართულება, ამ სფეროს მთავარ პრიორიტეტად დასახვა მსოფლიოს გამოწვევაა.

პირველი ეტაპია,როდესაც სტრუქტურულად გამოირიცხა დუბლირება. მეორე ეტაპია საკადრო ოპტიმიზაცია, შემცირებაში შესაძლოა მოყვნენ არა მხოლოდ შეერთებული სამინისტროების თანამშრომლები, არამედ ისინიც, ვისაც შეუერთდნენ. საწყისი სამუშაოები მეტნაკლებად ნორმალურად არის შესრულებული, ერთადერთი კითხვა მიჩნდება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებების შესახებ, ისინი ბუნებრივი ანტაგონისტები არიან და ინტერესთა კონფლიქტთან ხომ არ გვექნება საქმე.

რაც შეეხება კონკრეტულ კადრებს, მთავარი სამსჯელო არის ორ ადამიანზე. პოლიტიკური წონის თვალსაზრისით, ძალის ცენტრი არის ფინანსური ნაკადები და ძალოვანი უწყებები. ამ ორ სამინისტროში მივიღეთ ორი ახალი კადრი,რომლებიც ე.წ ხალიჩისქვედა ბრძოლებში არ იღებდნენ მონაწილეობას, ისინი არ არიან დატვირთული ვალდებულებებით. მათ არ მიუღიათ მონაწილეობა პოლიტიკურ თამაშებში, ინტრიგებში, ეს მათ უქმნით კომფორტს, რომ საბიუჯეტო წესრიგი დამყარდეს და ფინანსური ნაკადები მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებით იმართებოდეს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 28 times, 1 visits today)

კომენტარები