„ჩვენ ბევრი თანაკვეთის წერტილი აქამდეც გვქონდა, ბევრს პროგრამაზე ეს ორი სამინისტრო ერთობლივად ვმუშაობდით. ხშირად ეს ეხებოდა ქარსაფარ ზოლებს, ისეთ საკითხებს,რომელიც ორივე სამინისტროს პრეროგატივა იყო. რა თქმა უნდა არც ერთ წამოწყებას საფრთხე არ ემუქრება“ , – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკასთან“ ინტერვიუსას ისაუბრა.
„გაერთიანებული სამინისტროს სახელი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საუბარია მართლაც გაერთიანებაზე, ფუნქციების შენარჩუნებაზე, ეს გულისხმობს გაძლიერებას და ეს არ იქნება შესუსტება. ამ ეტაპზე რთული სათქმელია ჯამში რამდენი დაიზოგება, ეფექტიანობა ერთი მხრივ საქმის მხრივ გაუმჯობესებას უკავშირდება, მეორე მხრივ თანხების დაზოგვაც ბუნებრივია გათვალისწინებულია. თუმცა, კონკრეტული რიცხვის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
სამინისტროს გააჩნია ძირითადი დეპარტამენტები და ასევე რამდენიმე ქვეუწყება. ბუნებრივია შენარჩუნდება სსიპ ორგანიზაციები და ფუნქციური დეპარტამენტები, რომლებიც ძირითადად ემსახურება გარემოს დაცვას, ტყის რესურსების მართვას, ასევე სოფლის მეურნეობის პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი სურსათის მართვის და სურსათის უვნებლობის მიმართულებები შენარჩუნდება. რაც შეეხება მხარდამჭერი ფუნქციის სტრუქტურებს, მათი შერწყმა მოხდება, რაც გამოიწვევს როგორც კადრების შემცირებას ასევე ხარჯების დაზოგვას.
ბოლო წლებში მსოფლიოში გარემოზე ზემოქმედება და გარემოს დაცვა არის პრიორიტეტული მიმართულება. სამინისტროების გაერთიანების მსგავსი პრაქტიკა არის არაერთ წამყვან ქვეყანაში, მაგალითად დანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი“ , – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე