„თუ ის კურსი რაც დღეს არის დაფიქსირებული შენარჩუნდება, მინიმუმ 2 %-ით ფასების ზრდა ყველა პროდუქტს შეეხება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას სჭირდება ნედლეული, რომლის უმრავლესობაც არის იმპორტირებული“ , – ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ „იბერიას“ ეთერში, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა.
„ლარის კურსის ვარდნა ყველაზე მეტად აღიქმება სადისტრიბუციო კომპანიებზე. ასე მარტივად არ ხდება,რომ ფასი გაზარდო. რაღაც ნიშნულს თუ არ მიუახლოვდა ფასი და სტაბილურობა არ დაიწყო, ფასებს ვერავინ შეცვლის.შეცდომაა,თითქოს იმპორტიორებმა წინასწარ შეიძინეს დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა. მზად ვარ დიალოგისთვის ასევე ეროვნულ ბანკთან, რომ დაასახელონ ფაქტები ვინ შემოიტანა ჭარბი პროდუქცია, ვის აქვს ჭარბი დოლარი ნაყიდი, რამაც გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურება.
არ არის ჩვენი სურვილი ფასების ზრდა, რადგან მსყიდველობითუნარიანობა ისედაც დაბალია. მაქსიმალურად ვიკავებთ თავს რადიკალური ცვლილებებისგან და ვფიქრობთ ისევ ჩვენ მოვიკლოთ მოგება,რომ მტკივნეულად არ აისახოს მოქალაქეებზე. საწვავის ფასი ბოლო ერთ თვეში რამდენჯერმე გაძვირდა და თუ კურსი ასე გააგრძელებს სვლას, კიდევ გაზრდაა მოსალოდნელი, რაც ასევე აისახება დისტრიბუტორ კომპანიებზე“ , – განაცხადა ივა ჭყონიამ.
მანანა ღოღობერიძე