„ამაღელვებელია, როცა შენზე საუბრობენ, როგორც მეტაფიზიკურ  ფენომენზე და არა, როგორც კონკრეტულ სუბიექტზე“, – ეს ფრაზა ჩემს რესპონდენტს ეკუთვნის, რომელსაც დღევანდელ ინტერვიუში გაგაცნობთ, თუმცა იქამდე საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ იშვიათად მსმენია ერთდროულად საინტერესო, ამოუცნობი და განსხვავებული პასუხები ადამიანისგან, რომელიც საკუთარ ფიქრებს გიზიარებს. მოსაზრებების გაზიარება, რომელიც პირად შეხედულებებს უკავშირდება, რთულად გამოსათქმელია და თუკი ახერხებ, რომ ამ დროს  გულწრფელი იყო, ეს ნიშნავს, რომ  კარგად იცნობ საკუთარ თავს და იცი სად ხარ, ვინ ხარ და რას აკეთებ. „გაგოშა“ სწორედ ამ სახელით იცნობს ფართო აუდიტორია ქართული „სტრიტ არტის“ წარმომადგენელს, რომლის ნამუშევრებს დედაქალაქის ქუჩის კედლებზე ყოველდღიურად ვხვდებით და გვაფიქრებს. „თბილისი თაიმსი“ დაგეხმარებათ, უფრო ახლოდან გაიცნოთ ახალგაზრდა ქუჩის ხელოვანის,  „გაგოშას“ , პიროვნულ შტრიხებს და თავად გადაწყვიტოთ ღირს თუ არა მეტი ყურადღებით დავაკვირდეთ მის მიერ კედელზე შექმნილ ხელოვნებას, რომელიც სოციალურ პრობლემატიკასა და მრავალ განსხვავებულ თემატიკაზე გვესაუბრება.

 თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, შეგიძლიათ მითხრათ, რას შეცვლიდით დედაქალაქში?

  ყველ!

რას ნიშნავს ქუჩის მხატვრობა, როგორია სტენსილზე მუშაობა და რა სპეციფიკით გამოირჩევა თქვენი ნამუშევრები ტრადიცილური ქუჩის არტისგან?

– “სტრიტ არტის” დეფინიცია, ალბათ, ინტერპრეტაციის საკითხია. ჩემთვის სტრიტ არტი არის საზოგადოებრივი სივრცე, სადაც ჩემი შეხედულებები შემიძლია დავაფიქსირო, რაღაც სოციალური ქსელის მსგავსი, წარმოიდგინეთ თქვენს „ვოლზე“ წერთ პოსტს და ხალხი თავის შეხედულებებს გამოხატავს ემოციებით ან კომენტარებით, თუმცა ქუჩის ხელოვნება გაცილებით უფრო ავთენტურია, მოქმედება არა ციფრულ, არამედ რეალურ სივრცეში ხდება, შესაძლებლობითაც უფრო მასშტაბურია, უფრო მეტი რამის თქმა შეგიძლია. საშუალება გაქვს, ნახატი დახატო, რომელიც ინტერაქციაში შევა უამრავ ადამიანთან, განცდის მხრივაც უფრო რეალური გრძნობა გაქვს ვიდრე სოციალურ ქსელში გაშლილი პრობლემისა, რომელიც გარკვეულწილად რეალობის სიმულაციაა, ქუჩაში კი მთელი სიმძაფრით აღიქვამ ნამუშევარს, თან იცი, რომ უშუალოდ შენთვის გააკეთეს, შენ, რომ გაიგო და აზრი გამოთქვა, ან შეიცვალო ან შეეწინააღმდეგო. როგორიც არ უნდა იყოს შენი პოზიცია, შენ მნიშვნელოვანი ხარ „სტრიტ არტისთვის”, როგორც „მკითხველის“ როლის შემსრულებელი.

თქვენს შემოქმედებაში ხშირად ხდება სოციალური პრობლემატიკის იდენტიფიცირება, შეგიძლიათ მითხრათ, რა შეტყობინებებს უგზავნით თქვენ, როგორც ავტორი საზოგადოებას თქვენი შემოქმედებით, რას ემსახურება გიორგი გაგოშიძის მიერ შექმნილი სტენსილები?

–  ერთი საერთო მიზანი არ აქვს ჩემს სტენსილებს, რადგან სხვადასხვა თემას ეხება. თემატიკიდან გამომდინარე, მინდა, რომ ხალხმა დაინახოს, თუ რა იდეაა ჩადებული სტენსილში და უფრო მეტი იფიქრონ ამ თემაზე, მე მგონია პრობლემების მოგვარება ან რაიმეს შეცვლა თავად ხალხს შეუძლია, ყველა უნდა დავფიქრდეთ და ნაბიჯები გადავდგათ პრობლემების მოსაგვარებლად, განზოგადებულად არ უნდა ვილაპარაკოთ და მიზეზი სხვებში არ უნდა ვეძებოთ.

თუ შეგიძლიათ, მესაუბროთ როგორ მიხვედით ქუჩის არტამდე, რა გზა გაიარეთ, ხოლოვნების სხვა დარგშიც ხომ არ გიცდიათ საკუთარი შესაძლებლობები და რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით გაგეგრძელებინათ საქმიანობა?

– ქუჩის ხელოვნების აღმოსაჩენად, ბევრი წვალება არაა საჭირო, ქუჩაში დავინახე თუ არა მაშინვე ვუთხარი ჩემს თავს – ეს ისაა რაც მინდა ვაკეთო–მეთქი. ბუნებრივად მოხდა. პირველ სტენსილს, რომ ვაკეთებდი, ისეთი განცდა მქონდა, რომ მანამდე ათასჯერ გამიკეთებია ასეთი რამ და რომ ყველა ხელოვანი ასე სახალხოდ უნდა აკეთებდეს არტს.

რაც შეეხება სხვა ხელოვნების სფეროებს, რა თქმა უნდა, ბევრ სფეროში მიცდია მუშაობა, მე მგონი ხელოვანის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა ექსპერიმენტები. პოეზია მიყვარს ძალიან, ვცდილობ, მეც ვწერო და ქუჩის პოეზია ვაკეთო. ასევე ახალ მედიას ვაკეთებ, ტექნოლოგიებთან მიმართებაში კარგად ვგრძნობ თავს და ვფიქრობ, მომავალ ხელოვნების მიმდინარეობებს უფრო ბევრი თანაკვეთა ექნება ტექნოლოგიებთან, ვიდრე ახლა აქვს.

მაინტერესებს რა გაძლევთ შთაგონებას, როდესაც სტენსილებს ქმნით და როგორი უნდა იყოს გარემო, რომ შეძლოთ, სრულიად ორიენტირებული იყოთ საკუთარ შემოქმედებაზე?

– შთაგონების წყარო ყველაფერი შეიძლება იყოს, ალბათ, ემოციები და განწყობა: სიხარული, ბრაზი, აღელვება, სინანული. საერთოდ მგონია, რომ ადამიანები ყველაფერს განწყობილების მიხედვით აკეთებენ, მთავარი მოტივატორი ეგაა, თუ უზნაძეს დავესესხებით. გარემოს რაც შეეხება, ნებისმიერ გარემოში შემიძლია მუშაობა, ცუდ განათებაზე, ფსელის სუნში, ბინძურ მიწისქვეშა გადასასვლელში, ამწეზე ქარში, ხარაჩოზე, შემიძლია ცალი თვალით ვხატო და ცალით პატრულს ვუყურო, მზად ვიყო ყოველთვის გასაქცევად, ეს ჩვეულებრივი ამბავია სტრიტ არტისტისთვის, მე მგონი თუ აზიზი ხარ და ამ ყველაფრისთვის მზად არ ხარ, სტრიტ არტისტი ვერ იქნები.

რა დგას თქვენსა და თქვენი შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანებს შორის, შეგიძლიათ მითხრათ, როგორია სივრცე „გაგოშასა“ და საზოგადოებას შორის?

– როცა სტრიტ არტი ახალი იყო საქართველოში, საზოგადოებისგან დისტანცია დიდი იყო. ახლა ხალხმა მეტად გაითავისა „სტრიტ არტის“ მნიშვნელობა და ეს მანძილიც შემცირდა. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ადრეა სოციუმის ჩართულობაზე საუბარი, რადგან მგონია, რომ პოსტ მოდერნისტულ ეპოქაში, რომელშიც ავტორი მკვადრია და მკითხველი ცოცხლობს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აღქმასა და ინტერპრეტაციას, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება.

რომელია თქვენს შემოქმედებაში ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევარი და რით გამოირჩევა ის, როგორია მისი შინაარსობრივი იდეა?

არ ვიცი, ჩემი აზრით, ხელოვანმა არ უნდა გამოარჩიოს თავისი ნამუშევრები, ამისთვის არიან კრიტიკოსები და ეს მათ მივანდოთ.

თქვენ გარშემო არაერთი შემოქმედებითად აქტიური ადამიანია, ბევრი ხელოვანი მეგობარი გყავთ, შეგიძლიათ, გაიხსენოთ პროფესიული რჩევა, რომელიც მათგან მიგიღიათ და დაგხმარებიათ გარკვეული საქმის შესრულებაში?

– ძალიან ბევრჯერ ყოფილა ესეთი მომენტი, ახლა ერთეულების გამოყოფით შეიძლება ჩემს ზოგ მეგობარს ვაწყენინო, თუმცა ვთვლი, რომ სხვისი აზრის გათვალისწინება და რჩევის მოსმენა ძალაინ მნიშვნელოვანია, და გარკვეულწილად მსიამოვნებს, როცა ჯანსაღ კრიტიკას ვისმენ მეგობრებისგან, ყოველთვის ვეკითხები თვითონ რას შეცვლიდნენ ნამუშევარში, უფრო მძაფრ აქცენტებს როგორ გააკეთებდნენ და ა.შ. ისე, მიმაჩნია, რომ არა მარტო ხელოვანს, არამედ სხვა პროფესიის ადამიანსაც შეუძლია კარგი რჩევა მოქცეს.

პრინციპი, რომელსაც არსად და არასდროს არ უღალატებთ როგორია?

არ ვიცი, მე არ მაქვს პრინციპები, მგონია ეგ მეტაფიზიკური ცნებაა და დროსთან მიმართებაში იცვლება. თუმცა მე არანაირი პრინციპი არ გამჩნია, უბრალოდ არის რაღაც რაც მომწონს ან არ მომწონს, რაც არ მომწონს არ ვაკეთებ, ეგაა და ეგ.

მაინტერესებს ვინ არის თქვენთვის გამორჩეული ხელოვანი, რომლის ნამუშევრებზეც გისწავლიათ, ან თქვენზე შთაბეჭდილება მოუხდენია?

– ასეთი ბევრია,  ჩამოთვლა გამიჭირდება,  სხვადასხვა მიმდინარეობაში სხვადასხვა ფიგურა, თუმცა შთაგონების წყარო ხშირად გამხდარა რომელიმე მეცნიერი, ფილოსოფოსი ან მწერალი, ასე, რომ გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა.

ბოლო დროს ქუჩის ხელოვნება თანდათან აქტიური მიმდინარეობა გახდა, ქალაქშიც არაერთი ავტორის ნამუშევარს ვხვდებით. თავად თუ ადევნებთ თვალს სხვადასხვა ქუჩის ხელოვანის შემოქმედებას და რომელი მათგანის ნამუშევრი მოგწონთ, ან რომელი მათგანის ნამუშევრებს აკვირდებით?

– ასე არავის გამოყოფა არ მინდა, არიან არტისტები, რომლებიც მომწონს და ვფიქრობ, შეუძლიათ, გაცილებით გაიზარდნონ. ზოგადად საქართველოში კონცეფტური არტი ცოტა კეთდება, ვერ გეტყვით რატომ , მაგრამ ფაქტია, რომ თითზე ჩამოსათვლელია კარგად გამართული იდეები სტრიტ არტში. შეიძლება ჩაკეტილი სისტემის გამოა. მამარდაშვილი ამბობდა დედამიწა ვითარდება, თავისთვის ტრიალებს და თითქოს ქართველები გადავედით დედამიწიდან და ამ ტრიალს შორიდან ვუყურებთო. ხშირად მახსენდება ეს სიტყვები, მეც ხშირად განმიცდია ეს გრძნობა, შეიძლება, ეს ჩაკეტილობა, სხვა აზრის მიუღებლობა განაპირობებს იმას, რომ რთულად მივიწევთ წინ.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი შემოქმედება კიდევ უფრო ფართო გახდეს და საზოგადოებამაც უფრო კარგად გაიცნოს თქვენი ნამუშევრები, რის საშუალებას გაძლევთ თბილისი შემოქმედების განვითარების პროცესში და რის გაუმჯობესებას ისურვებდით?

– მე მგონი ეს დროსთან ერთად უნდა მოვიდეს, მეც ბევრი რამ მაქვს სასწავლი, ჩემს ნამუშევრებთან ერთად ვვითარდები, საინტერესო პროცესია. მე არ ვისურვებდი, რომ „გაგოშა“ ბრენდი გამხდარიყო, როკ ვარსკვლავობა არასდროს მხიბლავდა, მინდა ანდერგრაუნდის ნაწილი ვიყო. ბავშვობაში მინდოდა, მიწისქვეშა გაზეთი გამომეცა, ჩემს სტატიებს წაიკითხავდნენ და მარტო ავტორის ფსევდონიმი ეცოდინებოდათ, ეს ამაღელვებელია, როცა შენზე საუბრობენ, როგორც მეტაფიზიკურ  ფენომენზე და არა, როგორც კონკრეტულ სუბიექტზე. თუმცა დღეს ანონიმურობა არარელევანტურია, თან ეგ ნიშა უკვე აქვს ბენქსის და მიმაჩნია, რომ ანონიმურობა პლაგიატიზმი იქნება ამ შემთხვევაში.

თუ შეგიძლიათ, რომ მესაუბროთ თქვენს სამომავლო გეგმებზე, რისი გაკეთება გსურთ უახლოეს მომავალში და თქვენთვის რა არის ცხოვრების მთავარი მიზანი?

ამ ყველაფრის გასაგებად კედლებს კარგად დააკვირდეთ, მე კი გპირდებით, რომ სიახლეები ბევრი დაგხვდებათ!

ნანუკა მაღლაკელიძე

 

Please follow and like us: