დღეს ხშირად ვისმენთ საყვედურებს მედიის მისამართით. რა მდგომარეობაა ქართულ ჟურნალისტიკაში და რით განსხვავდება იგი წინა საუკუნის ვითარებისაგან, ამ საკითხზე სასაუბროდ ,,თბილისი თაიმსმა“  ინტერვიუ სთხოვა საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციისა და ეთიკის ქარტიის წევრს, ასევე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრს, მედიამკვლევარს ემიგრაციის საკითხებში – ნინო ცხოიძეს.

ქალბატონო ნინო, თქვენ საკმაოდ გამოცდილი და წარმატებული ჟურნალისტი ხართ და ვიცით, რომ არაერთ ტელევიზიში, რადიოსა თუ ჟურნალ-გაზეთში მუშაობდით. როგორია დღევანდელი მედია და რით განსხვავდება ის ძველი მედიასივრცისაგან.

– პირველ რიგში,უნდა ვთქვა, რომ ხშირად ყურს მჭრის ხოლმე ასეთი შეფასება. წარმატებულებად მე ისეთ კოლეგებს მივიჩნევ, რომლებიც ყოველ დროში დასაქმებულები და მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან. შესაძლებელია ადრე არ მქონოდა ასეთი რეაქცია, რადგან  ჟურნალისტიკის თითქმის ყველა სფერო ავითვისე, კარგი გამოცდილება მივიღე და ბევრი ვიშრომე, რომ პროფესიონალი ჟურნალისტი ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ბოლო დროს შედარებით ნაკლებად ვჩანვარ მედიასივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვცდილობ არ გავჩერდე და ახალ-ახალ საქმეებსაც ვახორციელებ, ამას დიდ წარმატებად არ ღვიქვამ.

რაც შეეხება უშუალოდ მედიას, მაშინ, როცა მე დავიწყე ჟურნალისტური მოღვაწეობა, წინა საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, სულ სხვა ვითარება იყო. არ არსებობდა ამდენი მედიასაშუალება. იმისათვის, რომ კვალიფიციური და წარმატებული ჟურნალისტი გამხდარიყავი უნდა გქონოდა კორექტორის, ადგილობრივი გაზეთის ან რადიოს კორესპოდენტის და სხვა ამგვარი პოზიციის პრაქტიკული გამოცდილება. დღეს ჟურნალისტმა, სამწუაროდ, ხშირად არ იცის, ვის პესკონფერენციაზე მიდის გასაშუქებლად და ბევრჯერ ჩემთვის უკითხავთ კიდეც, ვინ არის ეს ადამიანიო. რატომღაც, პრაქტიკიდან ამოღებულია რესპონდენტის რეგალიის აღნიშვნის აუცილებლობა. ეს რომ ერთეული შემთხვევები იყოს არ მივაქცევდი ყურადღებას. ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებაზეც კი არ არის მინიშნებული ვინაობა. მაშინ, როცა მე ვმუშაობდი საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში, რომელსაც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ჰქვია, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჟურნალისტის გარეგნობასაც, მეტყველებასაც,  ლექსიკასაც და ჩაცმულობასაც. დღეს, სამწუხაროდ, ასე არ არის.

თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი ნაკლი, რაც დღევანდელ მედიასივრცეს აქვს და რა გზა უნდა დავისახოთ მის გამოსასწორებლად?

– რაც ყველაზე მეტად მაოცებს ის არის, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში მედია არანაირ სტანდარტს არ იცავს. მთავარია, რაიმე სესნსაციური მოუყვეს მაყურებელს და არ აქვს მნიშვენლობა, შეიძლება თუ არა ამის საჯაროდ თქმა. ამას გარდა, ხშირად ირღვევა ჟურნალისტური ეთიკა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეკრანზე სისხლის გუბეების, დასახიჩრებული ადამიანების და გვამების და სხვა ამგვარი მძაფრი კადრების, მითუმეტეს ახლო ხედით, ჩვენება. კიდევ ბევრი ფაქტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. საინფორმაციო გამოშვება უნდა განსხვავდებოდეს მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისაგან.  BBC-ის სემინარებზე ყველაზე მეტ ყურადღებას ამგვარ ფაქტებზე ამახვილებდნენ.

გამოსავლის გზები ის არის, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტდამთავრებული ახალგაზრდა დასაქმებისას თავიდან არ უნდა იწყებდეს სწავლას, არამედ განათლების მიღების პარალელურად უნდა ეწეოდეს პრაქტიკულ მუშაობას. და იმისათვის, რომ ნაკლები ხარჯი ჰქონდეს მედია საშუალებას გამოცდილ და პროფესიონალ კადრებზე უარს არ უნდა ამბობდეს და უხელფასო პრაქტიკოსებით არ უნდა ანაცვლებდეს.

მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე უამრავი თემატიკა შუქდება და, ერთი შეხედვით, თითქოს ყველა პრობლემა საზოგადოებამდე მიტანილია, მაგრამ არსებობს გარკვეული თემები, რომლებიც საზოგადოებისთვის არაა ცნობილი. რა თემებს გამოყოფდით თქვენ ამ თვალსაზრისით?

– მართალია დღეს ტელევიზიები თითქოს მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობენ მაყურებელს, მაგრამ თუ დრომოჭმულ შეხედულებებში არ ჩამეთვლება, ისევ წარსულს უნდა შევადარო. რასაკვირველია, ადრე ქართული ტელევიზია, რადიო და პრესა  ყველა ასაკისა და სოციალური ფენის მომხმარებელზე იყო გათვლილი. დღეს უმეტესად ყურადღება მახვილდება კარგად გასაყიდ მასალებზე, სენსაციებზე, სკანდალებზე, ბომონდურ ცხოვრებაზე. დავიწყებას მიეცა, ახალგაზრდული, საბავშვო, გასართობ-შემეცნებითი, სამეცნიერო-პოპულარული, თეატრალური და ა.შ. გადაცემები, რომლებზეც  ცალ-ცალკე რედაქციები მუშაობდნენ. ზოგიერთი ინტერენეტმედია და საზოგადოებრივი მაუწყებელიც თანდათან მრავალფეროვანი ხდება, მაგრამ ამ და ჩემთვის ძვირფას თემას, რაც ემიგრაციას ეხება, ჯერაც ვერ აღიქვამს სათანადოდ.

თქვენი შეფასებით, რა უნდა იცოდეს კარგმა ჟურნალისტმა?

კარგმა ჟურნალისტმა ეთიკის ნორმების დაცვის აუცილებლობის გარდა, უნდა იცოდეს ინფორმაციის მოპოვების ხერხები, გავრცელების საშუალებები, წყაროსთან ურთიერთობის მეთოდები და ყველა ვითარებაში თავს უნდა გრძნობდეს ჟურნალისტად. მითუმეტეს, დღევანდელ ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში გაცილებით ოპერატიულად შეიძლება საკუთარი მობილური ტელეფონითაც კი გააკეთო მნიშვნელოვანი საქმე. ამ შემთხვევაში, იმ უგემოვნო ვიდეოებზე არ ვლაპარაკობ, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება და სერიოზულ გადაცემაზე უფრო მეტი მნახველით  იწონებს თავს.

მე ოპტიმისტი ვარ და მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მედიასაშუალებების ხელმძღვანელები მიხვდებიან, რამდენად საჭიროა მათი ორგანიზაციის წინსვლისათვის პროფესიონალი, გამოცდილი და ობიექტური ჟურნალისტებით შევსება, რომ მომავალ თაობასაც შესაფერისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეთ. მაშინ მედიაც გაცილებით ხარისხიანი და საინტერესო გახდება.

მარიამ გობიანიძე

(Visited 104 times, 1 visits today)

კომენტარები