ეძღვნებათ სასტუმრო ლეო გრანდში ხანძრის დროს გარდაცვლილებს.

2001, 9/11, აშშ

’’მე ვკვდები.“

‘’გთხოვთ, იჩქარეთ.“

‘’მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ. ამ შენობაში ვარ ჩარჩენილი. აქ ბევრი კვამლია და მხოლოდ ის მინდა იცოდე, რომ ყოველთვის მეყვარები.“

‘’გამარჯობა, საყვარელო. მე ვარ. მინდა, რომ ყურადღებით მომისმინო. იმ თვითმფრინავში ვარ, რომელიც ტერორისტებმა გაიტაცეს. აქედან გირეკავ. მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ. გთხოვ უთხარი ჩემს შვილებს, რომ ძალიან მიყვარნან. ვწუხვარ.“

‘’არ ვიცი, რა გითხრა. აქ სამი მამაკაცია, რომელთაც თვითმფრინავი გაიტაცეს. ჩვენ მოვბრუნდით და მგონი სავაჭრო ცენტრს შევეჯახებით. იმედი მაქვს, კიდევ გნახავ. მიყვარხარ. ნახვამდის.“

‘’ბრაიანი ვარ. მომისმინე. იმ თვითმფრინავში ვარ, რომელიც გაიტაცეს. თუ რაიმე ცუდი მოხდა, მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ. ყველაფერი კარგად იქნება შენთან, ჩემს მშობლებთან და ყველასთან. მიყვარხარ.“

2017, 11/24, საქართვლო

‘’დედა, მიშველე, ვკვდები, შენდობას ვითხოვ ყველაფრისთვის’’.

ეს იმ ადამიანების ბოლო სიტყვებია, რომლებიც ხანძარს შეეწირნენ. ამ დროს ყველაზე მეტად ხვდები, რომ ჩვენ, ყველანი, ადამიანები ვართ. შეიძლება სხვადასხვა მანქანა გვყავდეს, სხვადასხვა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გვეცვას, სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდეთ, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდეთ, სხვადასხვა ღმერთი გვწამდეს, მაგრამ არის რაღაც, რაც ცალ-ცალკე და ყველანი ერთად ვართ. ეს რაღაც არის ‘’ადამიანი“. ‘’ადამიანი“, რომელსაც გუშინ უხაროდა, გუშინ იცინოდა, გუშინ წყინდა, გუშინ ტიროდა და მერე ისევ იცინოდა. ამ ‘’ ადამიანისთვის“ აღარ არსებობს სიტყვა ‘’ხვალ“. ‘’ხვალ“ დღევნდელმა დღემ წაიღო, დღევანდელმა დღემ წაართვა.

თურმე, ერთსა და იმავეს ამბობენ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თურმე, ერთსა და იმავეს გრძნობენ ადამიანები სხვადასხვა ქვყანაში. თურმე, ერთნაირი დამშვიდობება იციან:

‘’მიყვარხარ“.

არადა მთელ სამყაროზე უნდა იყვნენ გაბრაზებულები, არადა უნდა ყვიროდნენ: რატომ? რატომ მე?მაგრამ ისინი ბოლო წუთებს სიყვარულისთვის ხარჯავენ. არავინ იცის, საით უფრო რთულია დგომა: ტელეფონის აქეთა თუ იქითა მხარეს. ალბათ, ათასი დედიდან ათასივე გაუცვლიდა ადგილს იქით მოხვედრილ შვილს. ალბათ, ათასი მამიდან ათასივე იმავეს გააკეთებდა.

თითქოს, ეს დღე მთელი ცხოვრება უცდიდა მათ, მთელი ცხოვრება მათ ელოდა, ელოდა, რომ იმედი წაერთმია, რომ განერისხებინა, მაგრამ ისინი მაინც ამბობენ: მიყვარხარ!

მაგდა ბატიაშვილი

 

 

 

 

 

Please follow and like us: