რაოდენ ტრაგიკულად გამოიყურება მართმადიდებელ გარემოში აღზრდილი კაცი, რომელიც კარეხიზმოს იცნობს, წმიდათა ცხოვრებას კითხულობს, ღვთისმსახურების ზოგიერთი სახე ესმის, მართლმადიდებლობის ზოგადი მიზნებიც გაეგება, მაგრამ ვერ მიმხვდარა, რა ხდება მის გარშემო. იგი საკუთარ შვილებს ორმაგი ცხოვრების სახედ ექმნება: ერთი მხრივ უმრავლესობისამებრ, მეორე მხრივ – მართლმადიდებელთაებრ, კვირადღეებსა და მართლმადიდებლური წიგნების კითხვისას. ამ ორმაგი ცხოვრების შემყურე ყმაწვილი, მართლმადიდებლობას ძნელადღა არჩევს. იგი მისი ცხოვრების ერთობ უმნიშვნელო ნაწილადღა დარჩება, რამეთუ თანამედროვე ცხოვრება მეტისმეტად მომხიბლავია, მეტისმეტად ბევრნი მიელტვიან მას. იგი სინამდვილეს უცვლის იმ ადამიანთ, რომელთათვისაც არავის უსწავლებია მისი მავნე ზემოქმედებისგან თავდაცვა და ყოველი კეთილი ქვეყნიერი შესაძინელის თავისდასასარგებლოდ ხმევა.  

ამ მხრივ ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს მისაღები და ბუნებრივი, რეალურ გარემოებათა შესატყვისი და არა წარმოსახვის, ცხოვრებისგან გაქცევის, საწუთროს უსიამო მოვლენათა უგულებელყოფის შედეგი. ზედმეტად ამაღლებული, ღრუბლებში მოლივლივე, სათბურში გამოზრდილი მართლმადიდებლობა კაცს სამარადღეო ცხოვრებაში არას არგებს. საწუთრო ფრიად სასტიკია და ადამიანთა სულებს უხეშად სწყლავს. ჩვენ, უპირველესად, მღვიძარე ქრისტიანული სიყვარული და სულგრძელობა უნდა მივაგოთ, ხოლო ისიქაზმი და ლოცვის აღმატებული ხარისხები მათ დავუთმოთ, ვისაც წვდომა ხელეწიფება.

ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს არა ეგოცენტრილი, არამედ ღმერთისა და სულიერი ცხოვრების მეძიებელთა მიმართ მიქცეული. დღესდღეობით სადაც კი არსებობს ჩამოყალიბებული ქრისტიანული თემი, იმის საშიშროებაც დიდია, რომ იგი ვაქციოთ საკრებულოდ, რომელშიც ურთიერთს მოვიკითხავთ და სიხარულს მოგვგვრის ჩვენივე სათნოებანი და მიღწევები,  ჩვენი ტაძრებისა და სატაძრო აღჭურვილობის ქმნულკეთილება, ჩვენი ღვთისმსახურების დიდებულება და თვით ჩვენი მოძღვრების შეურყვნელობაც კი. გარნა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება, მოციქულთაგან მოყოლებული,  წარმოუდგენელია სხვათა თანაზიარების გარეშე. მართლმადიდებლობა სწორედ იმითაა ცხოველი, რომ ჰნათობს ყოველთა და არ საჭიროებს „სამისიონერო განყოფილების“ დაწესებას. უკეთუ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ცეცხლი ჩვენთვისვე ოდენ შესაკრძალავად და თავთა თვისთა სათნოყოფად გვინდა, მაშ, მკვდარნი ვყოფილოვართ, დამფლველნი, თვისთა მკვდართა; არადა სწორედ ამ მდგომარეობაშია დღესდღეობით მრავალი მართლმადიდებელი მრევლი. თვით ისინიც, რომლებშიაც ბევრი ახალგაზრდაა, რამეთუ სარწმუნოება ღრმად არ დანერგილა მათში.

არ კმარა იმის თქმა, რომ ახალგაზრდები ეკლესიაში დადიანო, ჩვენ ის ვიკითხოთ, რა მიაქვთ ეკლესიაში, რას იძენენ იქ და თუ აღმოჩნდა, რომ მთელი მათი ყოფა არ განუმსჭვალავს მართლმადიდებლობას, მაშინნ ამაოდ ითქმის ახალგაზრდობა ეკლესიაში დადისო.

ამავე დროს კაცთა მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს სიყვარული და საულგრძელობა. დღეს მართლმადიდებლობაში რაღაცნაირი გულქვაობა გაჩნდა: „მაგასთან ურთიერთობა ნუგექნება, მწვალებელია“…, „ეს იქნებ მართლმადიდებელიცაა, მაგრამ სარწმუნო არ უნდა იყოს“, „ეს კი ნამდვილად ჯაშუშია“. არავინ უარყოფს, რომ ეკლესია ე.წ. მტრებითაა გარემოცული და არიან ვიეთნიმე, რომელინიც უარს არ იტყოდნენ ჩვენი ნდობით სარგებლობაზე. გარნა ეს მოციქულთაგანვე ასე ყოფილა და, ამ პრაქტიკული მიმართებით, ქრისტიანად ყოფნა მუდამ გარკვეულ რისკს უკავშირდებოდა. ამიტომ, თუნდაც ზოგჯერ ჩვენით ისარგებლონ კიდეც, და ამის გამო სიფრთხილე გვიხმს, მაინც ვერ გადავუხვეთ სიყვარულისა და ნდობის ჩვენი ძირეული პოზიციიდან, ურომლისოდაც ქრისტიანული ცხოვრების საფუძველთა საფუძველს მოვწყდებოდით.  ქრისტეს გარეშე ქვეყანა ცივია და დაუნდობელი, ხოლო ქრისტიანებს, პირიქით, სიყვარული და შემწყნარებლობა გვმართებს, თუ არა, ჩვენში ქრისტეს მარილი განქარდება და ამა სოფლისებრნი შევიქნებით, გამოსადეგნი ოდენ განგებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ.

ამგვარი განსაცდელი სახვადსხვა სახით ყოველი ჩვენგანის წინაშე დგას და ჩვენ მასთან ბრძოლა გვმართებს. ნუ დავუშვებთ, რომ ეკლესიაში გარეგნულს მიენიჭოს ზედმეტი მნიშვნელობა, არამედ მარადჟამს „კეთილი ნაწილი“ გამოვირჩიოთ, რომელი ერთი მხოლო არს სახმარ-ქრისტე, და განვეშოროთ ყოვლისაგან ნათესავსა ბოროტისა. ცხადია, კი არ უნდა გავუუმეცრდეთ საამსოფლო და საეკლესიო საქმეებს-მათი ცოდნა თვით ჩვენთვისვეა საჭირო, ოღონდ ცოდნა ხამს წრფელი, ფხიზელი, სადაგი და არა რთული და ამქვეყნიური.

მასალა ეკუთვნის

იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას

(Visited 32 times, 1 visits today)

კომენტარები