სოციალურმა საწარმო “კოდალამ“ ფუნქციონირება 2013 წლის მაისში დაიწყო. მისი ძირითადი პროდუქცია ხის ასაწყობი სათამაშოებია, რომელიც ანვითარებს ბავშვის წარმოსახვას, მეხსიერებას, ეხმარება თვალის გავარჯიშებაში, ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა გერმანული წარმოების საღებავებითა და ლაქით რაც არის სრულიად უსაფრთხო ბავშვისთვის. ქართულ ბაზარზე „კოდალა“ იყო ერთ–ერთი პირველი, რომელმაც შექმნა ეკოლოგიურად სუფთა ხის ანბანი ბავშვებისთვის. 2016 წლიდან საწარმო საკუთარი ხარჯებით ფუნქციონირებს და მოახერხა ბაზარზე ფეხის მოკიდება. დღეისათვის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია გუდვილის, სუპერისა და სმარტის სუპერმარკეტის ქსელებში. თუ გსურთ გაიგოთ რატომ არის უნიკალური სოციალურ საწარმო „კოდალაში“ დამზადებული ნივთები იხილეთ „თბილისი თაიმსის“ ინტერვიუ, საწარმოს დამფუძნებელ კოტე სვანაძესთან.
„კოდალა“ ბაზარზე ცნობილია, როგორც უსაფრთხო პროდუქციის მწარმოებელი. მაინტერესებს, როგორ ხდება ხარისხსა და ფასს შორის რეგულირება და რამდენად ახერხებთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისთვის მატერიალური ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას?
– წლების განმავლობაში „კოდალამ“ ბაზარზე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი, როგორც ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბაზარი არ იძლევა საშუალებას, რომ ფასი იყოს ადეკვატური პროოდუქციის ხარისხთან მიმართებაში. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში მსგავსი სახის პროდუქციის ღირებულება 4–ჯერ ან 5–ჯერ აღემატება იმ ფასს, რა ფასშიც ჩვენ პროდუქტს ვყიდით საქართველოს ბაზარზე. თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ სოციალურ–ეკონომიკურ ფონს და ვცდილობთ, მინიმალური მოგების ხარჯზე ჩვენი პროდუქცია გავხადოთ ხელმისაწვდომი მაქსიმალურად ბევრი ადამიანისთვის. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქციის ღირებულება მერყეობს 5–35 ლარამდე.
რამდენად კონკურენტულია ბიზნესგარემო, რომლის ფარგლებშიც თქვენ აწარმოებთ პროდუქციას და ვინ არის „კოდალას“ მთავარი კონკურენტები ბაზარზე?
– უსაფრთხო სათამაშოების წარმოების თვალსაზრისით ვერ ვიტყვით, რომ ბაზარი მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს.სულ რამდენიმე კომპანია შემიძლია დავასახელო, რომელიც საქართველოში ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს აწარმოებს. „კოდალას“ მთავარი კონკურენტი,სამწუხაროდ, იმპორტირებული პროდუქციაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაეკოლოგიურია და ტოქსინებითაა გაჯერებული.
თუ შეგიძლიათ, მესაუბროთ „კოდალას“, როგორც სოციალურ საწარმოს, რა ვალდებულება აქვს აღებული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით?
– ჩვენი საწარმო დაფუძნების დღიდან იზიარებს და ატარებს სოციალურ პასუხისმგებლობას. გამოვირჩევით იმით, რომ დღესდღეობით საწარმოში 15–ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული და მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მათგანის ცხოვრებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს საწარმოში მუშაობა, პროდუქციის შექმნის პროცესი და, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან თანამშრომლობა. რაც თავისთავად, დიდ მოტივაციას მაძლევს, რომ საწარმოს მუშაობა უფრო ინტენსიური და გაფართოებული გახდეს. „კოდალაში“ მუშაობის მთავარი პრინციპია ის, რომ სამუშაოს სპეციფიკა მოვარგოთ შესაბამისი უნარების მქონე ადამიანებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ დავასაქმოთ უფრო და უფრო მეტი ბენეფიციარი მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით და ხელი შევუწყოთ მათს ინტერგრაციას საზოგადოებაში.
რა როლი აქვს სოციალური მეწარმეობის განვითარებაში სახელმწიფოს და რამდენად ასრულებს სახელმწიფო საკუთარ დანიშნულებას სოციალური წარმოების პროცესში?
– ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების ევროპული რეგულაციები ითხოვს, რომ 2018 წლიდან სახელმწიფომ შემოიღოს საკანონმდებლო ფორმები და დაარეგულიროს უსაფრთხო სათამაშოების ბაზარი. თუმცა ამას თან ახლავს არაერთი პრობლემა,მაგალითად, არ არსებობს კვლევითი ლაბორატორია, რომელიც შეძლებს შესაბამისი დასკვნის დადებას. შემიძლია აღვნიშნო, რომ სოციალური მეწარმეობა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ახალი მიმართულებაა და სახელმწიფოში არ არსებობს სოციალური მეწარმეობისთვის შექმნილი საკანონმდებლო ფორმა, რომლის მიხედვითაც შეიძლება განვასხვაოთ ის სხვა ტიპის მეწარმეობისგან. თუმცა სახელმწიფოს ინსტიტუტების მხრიდან საკმაოდ სწორი ნაბიჯები იდგმევა აღნიშნული მიმართულების გასავითარებლად და იმედი მაქვს, მალე საკანონმდებლო დონეზე იქნება განსხვავება სოციალური საწარმოს ფორმებსა და ჩვეულებრივ ბიზნეს წარმოებებს შორის.
ბატონი გია „კოდალაში“ დასაქმებულია იმ დღიდან, რაც საწარმო გაიხსნა, ის პერიოდულად მუშაობს და სხვადასხვა საქმიანობას ითავსებს. ჩემთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საწარმოში ხეზე მუშაობასთან ერთად, თანამშრომლებთან ურთიერთობაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მას ვკითხე, თუ რამდენად საინტერესოა სამუშაო პროცესი და როგორ გრძნობს თავს სოციალურ საწარმოში. რას ნიშნავს „კოდალაში“ დასაქმებული ბენეფიციარისთვის საწარმო და რა როლი აქვს მის ცხოვრებაში აქ გატარებულ სამუშაო საათებს…
„შეიძლება ითქვას, რომ „კოდალაში“ გახსნის დღიდან ვმუშაობ და სხვადასხვა საქმიანობას ვითავსებ. ამ ეტაპზე, მაგალითად, შეფუთვას ვაკეთებ, სათამაშოებს მაგნიტს ვუკეთებ, იქამდე საწარმოში უშუალოდ ხეზე ვჭრიდი. საწარმოში ყველაზე მეტად მომწონს, რომ რა საჭიროებაც გაჩნდება და მგონია, რომ შემიძლია გავაკეთო, მაქსიმალურად ვიყენებ ჩემს რესურსებს. რამდენიმე დღის წინ სახეხი ქაღალდის აპარატი გაფუჭდა და შევაკეთე. მომწონს სხვადასხვა საქმიანობის შესრულება, ვფიქრობ, რაც მეტი მეცოდინება, ჩემთვის მით უკეთესია. ბავშვობაში ხატვა მიყვარდა და „კოდალაში“ საშუალება მაქვს, რომ ხეზე ვიმუშაო, ყველა ხეს თავისებური მიდგომა სჭირდება, თუ გინდა, რომ ნაწარმი ხარისხიანი გამოვიდეს. ხესთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს, ვსწავლობ როგორ უნდა მივუდგე თითოეულ მასალას განსხვავებულად.
მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგი იქნება, რომ „კოდალას“ მსგავსი საწარმოები ბევრი იყოს მთელ ქვეყანაში, ჩვენთვის საწარმოში მუშაობა აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმას უდრის, რადგან მუშაობის, საქმის კეთების შესაძლებლობა გვაქვს. მსიამოვნებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ აქ. აი, მაგალითად, ბატონი შოთა მუდამ მზად არის, რომ ამიხსნას და მასწავლოს, ყოველ ჯერზე რაღაც ახალს მაჩვენებს და თანაც ისე დეტალურად მიხსნის, რომ შემდეგ საქმის შესრულება ჩემთვის რთული აღარ არის. შემაფერხებელ პრობლემას რაც მიქმნის არის გარემო. საწარმო მეორე სართულზეა განთავსებული და სამუშაო დღის დაწყებისა და დასრულების შემდეგ, ანუ დღეში ორჯერ მჭირდება, შევაწუხო სულ მცირე ორი ადამიანი, რომ ამომიყვანოს და ჩამიყვანოს. ჩემი თხოვნა სახელმწიფოს მიემართება, იქნებ, სოციალურ საწარმოებს უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს, თუნდაც, გარემოს ადაპტირების თვალსაზრისით, რადგან სხვა ადამიანებსაც გაუჩნდეს სტიმული, რომ შექმნან ამ ტიპის საწარმოები და დაასაქმონ ბენეფიციარები, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანია ჩაკეტილი საკუთარ სახლში და რამდენ ადამიანს აქვს პოტენციალი, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ესეც ხომ ხელოვნებაა?!..“
ნანუკა მაღლაკელიძე