„სააკაშვილი ობიექტურად უნიკალური მოვლენაა თანამედროვე სამყაროში და მას აქვს ძალიან კარგი ალღო. მრავალთვიანი საპროტესტო მოქმედებების მიუხედავად მან ვერ შეძლო დიდი საპროტესტო ტალღის აგორება. ანუ ის ძლევამოსილ გმირად ვერ წარმოჩინდა“ , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„იანუკოვიჩის შემდეგ სისტემა უკრაინაში არ შეცვლილა. ერთი ინტერესჯგუფი ჩანაცვლდა ახალი ინტერესჯგუფით. აშშ-ის მთავარი მოთხოვნა კორუფციასთან ბრძოლა იყო და უკრაინის შიდა პოლიტიკაში მთავარი გამოწვევა იყო სწორედ კორუფცია. არაფერი არ შეცვლილა ამ მიმართულებით და ეს იყო ახლანდელი ხელისუფლების სრული ფიასკო. სისტემამ იგრძნო საფრთხე და გადავიდა კონტრშეტევაზე. საზოგადოებაში გაჩნდა განცდა,რომ ხელისუფლება შეიძლება ჩამოიშალოს,რადგან დასავლეთის მხარდაჭერას მოკლებულია. შესაძლოა მათ იმუშავეს კრიზისის გადაფარვაზე, საინფორმაციო ველის შევსებაზე ან უბრალოდ გადავიდნენ კონტრშეტევაზე.
სააკაშვილმა ამ ყველაფერში დაინახა გარკვეულწილად შესაძლებლობა და წამებულის მანტია მოსხმულის პოზიციიდან დაიწყო მოქმედებები და საკმაოდ წარმატებით ახერხებს. მიშა სააკაშვილი უკრაინული გაგებით ნებისმიერ შემთხვევაში გმირია, მას დაიჭერენ თუ არა. მიდის საინფორმაციო ომი და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნებს თუ ვერა საზოგადოებას, რომ მიშა თანამშრომლობდა რუსეთთან. რომც დაარწმუნონ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან მიშას მიმართ ეს ბრალდება ძნელად დასაჯერებელია. დღეს თუ ხვალ, პოროშენკოს მაინც გააგდებენ – მისი დღეები დათვლილია. ფაქტიურად, მიშამ დღეს შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება – დაიჭერენ – გმირია – არ დაიჭერენ – გმირია.
თუ მოახერხეს და უკრაინელი ხალხი მართლა დაარწმუნეს,რომ სააკაშვილი მათ წინააღმდეგ რაღაცას ხლართავდა, შესაძლოა გამოუვიდეთ სააკაშვილის დაპატიმრება. თუმცა, თუ ეს ვერ მოახერხეს, ამ შემთხვევაში ეს ხელისუფლება მალე ჩამოიშლება. უკრაინის ხელისუფლება მოისრისება რუსეთის უკმაყოფილებისა და დასავლეთის უკმაყოფილების ფონზე. თვითონ ხომ დასავლეთის გარეშე არაფერს წარმოადგენენ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე