შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს – იან კელის შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის მართვის, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, კიბერდანაშაულის, საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით, აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

გიორგი გახარიამ აშშ-ს ელჩს სამინისტროს განვითარების მისეული ხედვა და რეფორმები გააცნო, რომლებიც მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არის დაგეგმილი. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რეფორმები სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და საზღვრის მართვა. გარდა ამისა, ასევე, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სხვა მიმართულებებით, მათ შორის, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრის დროს, ჩვენ განვიხილეთ ის სტრუქტურული რეფორმები, რომლის განხორციელებასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ვგეგმავთ. გამოვკვეთეთ აქცენტები, რა მიმართულებითაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი თანამშრომლობა. ეს გახლავთ საზღვრის დაცვა, საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის სტრუქტურული რეფორმები. ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა აღგვითქვეს დახმარება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ვგეგმავთ, თანამშრომლობის განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრაზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერის აუცილებლობას ამ რეფორმების განხორციელებისა და ზოგადად, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

თავის მხრივ, აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას სისტემის რეფორმირების პროცესში და მიესალმება სამინისტროს მიერ დაგეგმილ ინიციატივებს.

„ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებული იყო და იმედს გამოვთქვამთ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის პირობებში, ამ თანამშრომლობის ფარგლები და შინაარსი კიდევ უფრო გაფართოვდება. ჩვენი ორმხრივი ინტერესია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ეფექტურად მუშაობდეს და ქართველი ხალხის საჭიროებებს ამომწურავად პასუხობდეს. შესაბამისად, მე მზად ვარ განვაგრძო მინისტრთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით“,- განაცხადა იან კელიმ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი მაიკლ მაკმენი და ოფიცერი პოლიტიკურ საკითხებში რაიან კოენიგი.

(Visited 4 times, 1 visits today)

კომენტარები