მრავალი ბედკრულობის მიუხედავად, ქართველებმა შეინარჩუნეს თავიანთი ძველი ტიპი და ეთნიკური მთლიანობა, რასაც სამარხებში ბოლო დროს აღმოჩენილი ნივთები მოწმობს, რომლებიც ჩვენს ერამდე მე–2 საუკუნეს მიეკუთვნება, აგრეთვე, შეძლეს საერთო წარმოშობის კილოკავის შენარჩუნება. მათი მთავარი ენა არის ქართული, რომელსაც არავითარი ნათესაობა არ აქვს აზიურ ენებთან. მეცნიერები ბევრს ეცადნენ, ენათა კლასიფიკაციაში ქართული ენის ადგილი გაერკვიათ, მაგრამ, ვერ შეძლეს. ბევრი კვლევა–ძიების შემდეგ, აღიარეს თავიანთი უძლურება და განაცხადეს, რომ ქართული ენა არის თვითნაბადი და არცერთ ცნობილ ენათა ოჯახს არ ეკუთვნის.
ქართული ენა უძველეს ენა უძველეს ეპოქას ეკუთვნის, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხი წარღვნის დროიდან არსებობს. სხვა მრავალ მეცნიერთან ერთად, ჟ.ა. გატეირია ასკვნის: ქართული გვარების უდიდესი ნაწილი და ყველა ფუძე ეკუთვნის სპეციალურ ოჯახს, რომელსაც ჩვენ ქართულ ოჯახს ვუწოდებთ. თუ ამ სიტყვების დიდი ნაწილი სომხურშიც მოიპოვება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იმ ენის საშუალებით შემოვიდა ქართულში, რომელიც ადრე დიდი სომხეთის ძალიან დიდ ნაწილზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული არიელების მოსვლამდე.
მართლაც, სომხეთის ლურსმული წარწერები მხოლოდ ქართულით შეიძლება აიხსნას. ფ. ლენორმანმა დაამტკიცა, რომ წარწერების ენის ბუნება დაკავშირებულია ქართული ბრუნების სრულიად განსაკუთრებულ ფორმებთან, რომელთა დაბოლოებანიც მრავლობით რიცხვში იდენტურია. რაც შეეხება ზმნების უღლებას, აქ შესამჩნევია რამდენიმე პატარა განსხვავება, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ უზარმაზარ პერიოდს, რომელიც გვაშორებს ამ წარწერების ეპოქას, დავინახვთ, რომ ეს პატარა განსხვავებები სხვა არაფერია, თუ არა უძველესი ქართული ენის ბუნებრივი და აუცილებელი განვითარება, რაც დროის ინტერვალითაა გამოწვეული.
ქართული ენა თავის ლექსიკონში აერთიანებს არიული, სპარსული, არაბული და თურქული წარმოშობის მნიშვნელოვანი რაოდენობის სიტყვებს, რომლებიც ქართულში ამ ეპოქაში შემოვიდა, როდესაც ეს ერები ბატონობდნენ ქართველებზე.
ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო ქართველების თავდაპირველი დამწერლობა. სომხური წარწერები გვიჩვენებს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IX-VIII საუკუნემდე ისინი ასურულ დამწერლობას იყენებდნენ. მოგვიანებით ქრისტეშობამდე სამი საუკუნით ადრე, ფარნავაზმა, ქართველთა მეფემ, შექმნა ანბანი, რომელიც 38 ასოსგან შედგებოდა, რასაც მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ორი ქართული ამბავი, რომელიც მხოლოდ ფორმით განსხვავდება ერთმანეთისგან, მხედრული (საერო), ნუსხური (საეკლესიო).
ძველი სომეხი ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, მესროპი, რომელმაც მათი აზრით, შექმნა და შეავსო სომხური ანბანი, აგრეთვე, ქართული საეკლესიო ანბანის გამომგონებელია. სომეხთა ეს მტკიცება ჩვენ მთლიანად ყალბი გვეჩვენება. ქართველი მემატიანეები არაფერს მიგვანიშნებენ მათი ერისათვის გაწეულ ასეთ სამსახურზე. გარდა ამისა, მეორე ანბანი სულაც არ იყო აუცილებელი, ვინაიდან ქართველებს მრავალი საუკუნის განმავლობაში ჰქონდათ საკუთარი ანბანი, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებდა როგორც მათ საერო, ასევე, მათს სასულიერო მოთხოვნებს. სანამ ქართველებს მეორე ანბანით „გაამზითვებდა“ მესროპს ჯერ თავისი ერისთვის უნდა შეექმნა ის.
საჭირო არ არის, დავმალოთ, რომ მეორე ანბანის შემქმნელს არ ვიცნობთ. ქართლის ცხოვრებაში ამის შესახებ არავითარი ცნობა არ მოიპოვება. ჩვენ უფრო ბუნებრივი გვეჩვენება და ეს ქართველი მეცნიერების აზრია, რომ ორივე ანბანის შექმნა მივაწეროთ ფარნავაზს, რომელმაც ანბანის შექმნის, ან გარდაქმნის შემდეგ იგი გაყო საეკლესიო და საერო დამწერლობად.
გამუდმებულმა შემოსევებმა და ომებმა საქართველოს წინააღმდეგ, მთლიანად მოსპო და გააქრო წარმართული პერიოდისა და ადრექრისტიანული ლიტერატურული ძეგლები. ქართულ ენაზე არსებული მცირე რაოდენობის ძველი ძეგლი ეკუთვნის ქრისტიანულ ხანას, მათ შორის უძველესი, მე–5 საუკუნისაა.
ქართულ ენაზე წარმოდგენის შესაქმნელად, შემოვიფარგლებით მეცნიერ–ორიენტალისტის სენ–მარტენის ნაშრომიდან რამდენიმე ნაწყვეტის მოყვანით:
„კავკასიის რეგიონებში არსებული კილოკავებიდან, რომლებიც წარმოშობით ამ მხარეებიდანაა, ქართული ენა ყველაზე გავრცელებულია. მისი გრამატიკა და ლექსიკა სრულიად განსხვავებულია. ამ კილოკავებს არავითარი საგრძნობი კავშირი არ აქვთ კავკასიის სხვა ადგილებში გავრცელებულ დიალექტებთან, არიული აზიის დანარჩენ ნაწილში გავრცელებულ ენებთან.“
მიუხედავად მეზობლობისა და ხშირი ურთიერთობისა ქართველებსა და სომხებს შორის, ქართულში იშვიათად ვხვდებით სომხურ სიტყვებს. გარდა ამისა, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის გამყოფი დიდი ქედის დიალექტებიდან ქართული არის ერთადერთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დადასტურებულია დამწერლობით. ეს უდიდესი უპირატესობაა და ბედნიერი შემთხვევა, რომელმაც ქართული ენა ჩვენამდე მოიტანა ცვლილებების გარეშე. გრამატიკული ნორმების შენარჩუნებით, რომელიც მათი სიძველის დამამტკიცებელი საბუთია, ეს სიძველე სადაო არ უნდა იყოს გამხდარი, ვინაიდან საკმაოდ ადვილია მეცნიერული გამოკვლევებით დავადგინოთ ქართული ენის მდგომარეობა უკვე ძალიან ძველი ეპოქისათვის, ბიბლიის მთლიანი რედაქციის საშუალებით, რომელიც ქართველებს აქვთ.
ქართული ენა ძალიან ძველი და მდიდარი ენაა. აქამდე ლინგვისტები მხოლოდ ზედაპირულად განიხილავდნენ ამ საკითხს, ამიტომ გვაქვს ასეთი განსხვავებული აზრები, რათა კარგად მივუჩინოთ ადგილი ქართულს, საჭიროა მისი საფუძვლიანი შესწავლა, განსაკუთრებით, ძველი ლიტერატურული ძეგლებისა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, იგი მივაკუთვნოთ ენათა ამა თუ იმ ოჯახს.
მასალა ეკუთვნის
იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას