ქართველი სპორტსმენების სახელი საქათველოს გარდა ევროპასა და ამერიკაშიც საკმაოდ ცნობილია. ჩვენი სპორტსმენები უმეტეს შემთხვევაში პირველ ადგილოსანები არიან და უამრავი გამარჯვება მოაქვთ ჩვენი ქვეყნისათვის. ამჯერად ,,თბილისი თაიმსის“ რესპონდენტია ამერიკაში მოღვაწე ქართველი ძიუდოისტი ბექა ნათათრალაშვილი, რომელიც ამერიკულ ცხოვრებაზე, კარიერულ წინსვლაზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

ბექა, მოგვიყევი თქვენ შესახებ. როდის და სად დაიწყო თქვენი კარიერა?           

– ჩემი კარიერა დიდი ხნის დაიწყო. მაშინ 9 წლის ვიყავი. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში. პაპის ინივიატივით შევედი ძიუდოზე. ჩემი პირველი აღმზრდელი კახა წიკლაური იყო, რომელმაც შემასწავლა ძიუდოს ანი და ბანი…

ახლა ამერიკაში მოღვაწეობთ. რა გახდა უცხოეთში წასვლის მიზეზი?

– დიახ, მეორე წელია უკვე ამერიკაში ვარ. სპორტული კარიერის გასაუმჯობესებლად აქ უფრო აქ უფრო მეტი პირობა და საშუალებაა. ახლა ვვარჯიშობ ძიუდოს ქართულ კლუბში ,,GEORGIAN WRESTLING CLUB”. ეს არის ქალაქ ნიუ-იორკში და მწვრთნელია დავით ფრანგიშვილი.

რა შემოთავაზებები გაქვთ ამერიკაში?

– ახლა საბუთებს ველოდები და იმედია უფლის წყალობით ყველაფერი გამოვა. ამის შემდეგ კი ბუნებრივია, იქნება უამრავი შემოთავაზება და ყველგა ვაპირებ მონაწილეობის მიღებას.

ვიცით, რომ არაერთხელ გახდით საქართველოს ჩემპიონი. ასევე ამერიკისა და ევროპისაც. მოგვიყევით თქვენი სპორტული კარიერის შესახებ.

– თავიდან ძიუდოზე სიარული რომ დავიწყე, იყო პატარა ტურნირები საქართველოს მასშტაბით. ჯერ რაიონის ტურნირები, მერე საქართველოს ტურნირები. 2009 წელს საქართველოს ჩემპიონი გავხდი, ასევე 2010 წელსაც საქართველოს ჩემპიონი. 2011 წელს საქართველოს პირველობაზე მესამე ადგილი ავიღე. 2012 წელს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი. შემდეგ იყო საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირები. 2012 წელს კიევში მესამე ადგილი ავიღე. ასევე ევროპის დასის ჩემპიონი ვარ, ასევე ანტალიაში. ამავე წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გავხდი ჭაბუკებში ბარ-მონტენეგროში. რაც შეეხება ამერიკას, ვარ პრიოზიორი და ხუთჯერ მაქვს მოპოვებული პირველი ადგილი სხვადასხვა ჩემპიონატზე.

ბექა, გვესაუბრეთ თქვენს ოჯახზე. მათ რა წვლილი მიუძღვით თქვენს კარიერულ წინსვლაში?

– დიახ, ყველაზე დიდი წვლილი ჩემს სპორტულ კარიერაში ცემს ოჯახს მიუძღვის. მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ მხარში დამდგომოდნენ და არაფერი მომკლებოდა, რაც სპორტსა და ძიუდოს სჭირდება. ძალიან დიდი შრომის ფასად ვაღწევდი წარმატებას. ყოველთვის ვგრძნობდი ოჯახის თანადგომასა და დახმარებას. ეს უფრო მაძლევდა სტიმულს, რომ სასურველი შედეგისთვის მიმეღწია. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ სპორტს საკმაო ფინანსები სჭირდება. დეიდაჩემს ძალიან დიდი შრომა აქვს გაწეული როგორც მატერიალურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც. ამერიკაში ცხოვრობდა, როცა მე საქართველოში ვიყავი, მატერიალურად მეხმარებოდა. ახლაც აქ არის და დედის მაგივრობას მიწევს. მინდა, რომ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისა და დახმარებისათვის.

ბექა, რას ნიშნავს თქვენთვის ძიუდო?

– ძიუდო – თვითონ სიტყვა უკვე მიყვარს. ეს სპორტი ჩემთვის ყველაფერია. რომ არა ძიუდო, ჩემი თავი არსად არ წარმომიდგენია, ვინაიდან ბავშვობიდან ძალიან დიდი სიყვარული ჩამინერგა პაპამ და მასწავლებელმა, კახა წიკლაურმა, რომ ძიუდოს გარეშე ერთი დღეც კი არ ვყოფილვარ. მიყვარს ეს სპორტი, დიდი სიამოვნებაა თითოეული ვარჯიში და შეჯიბრებაზე გასვლა. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე სპორტით.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. მოგვიყევით უახლოესი შეჯიბრებების შესახებ.

– ვვარჯიშობ და ვემზადები სისტემატიურად. ვცდილობ, ყველა  შეჯიბრებაზე მივიღო მონაწილეობა. ახლა ვემზადებით გუნდური შეჯიბრებისათვის. ჩვენ, ქართული კლუბის წევრები, საქართველოს სახელით ვიასპარეზებთ დიდ ამერიკაში. წინ უამრავი შეჯიბრებაა და საბუთების მოსვლისთანავე უკვე საერთაშორისო ტურნირებზე მივიღებ მონაწილეობას ამერიკის სახელით.

ბექა, ბოლოს გვითხარი, როგორია ემიგრანტული ცხოვრება?

– ემიგრანტობა არც ისე ადვილი ყოფილა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ კარგი მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში ვარ. ადვილად გადავლახე ეს პერიოდი. ვცდილობ არ ჩამოვრჩე ამერიკული ცხოვრების ტემპს და ვცდილობ ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთო. ამერიკაში ძალიან ბევრი ქართველია ოჯახის შესანასხად წამოსული, ძალიან ბევრს შრომობენ ოჯახის შესანახად. ძალიან მინდა ყველა ქართველი სამშობლოს დაუბრუნდეს, ოჯახებთან და შვილებთან გაატარონ დრო. მე ძალიან მიყვარს და მენატრება საქართველო… ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

აქვე მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მარიამ და “თბილისი თაიმსის”  მთლიან გუნდს, რადგან ყოველთვის ინტერესდებით ემიგრანტი სპორტსმენებით და დიდი მადლობა, რომ ასე გვგულშემატკივრობთ ჩვენი სამშობლოდან.

მარიამ გობიანიძე

(Visited 354 times, 1 visits today)

კომენტარები