ორგანული საპნის დამზადების წესი, სრულიად განსხვავდება ქიმიური წარმოებისგან.  არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, მისი გამოყენების შემდეგ კანი სუნთქავს. ორგანული საპონი, პირიქით, მოქმედებს ნაზად, ფრთხილად, რაც კანს რბილსა და ხავერდოვანს ხდის. მის დასამზადებლად მხოლოდ ბუნებრივი ზეთები გამოიყენება. გარდა ამისა, ორგანული საპნის დამზადება შესაძლებელია სხვადსხვა მცენარის, სასარგებლო ბუნებრივი დამატებების, ვიტამინების და ეთერზეთების გამოყენებითაც. ასეთი საპნები უსაფრთხოა როგორც მოზრდილებისთის, ასევე ბავშვებისთვის. ვიქტორია კასიანოვამ და ირინა იგნატიენკომ დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყეს ორგანული ხელითნაკეთი საპნების დამზადება.

„თბილისი თაიმსს“ ორგანული საპნების „i soap“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიქტორია კასიანოვა ესაუბრა ბრენდის ორგანული საპნების შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ „i soap“-ის შექმნის იდეა?

– დღეს გუნდში მხოლოდ ორი ადამიანი ვართ მე და დედა, რომელსაც ეკუთვნის ზოგადად საპნების შექმნის იდეა. მსგავსი, ორგანული  და ბუნებრივი საპნების შექმნის იდეა გაუჩნდა იმის გამო, რომ საკმაოდ ალერგიული კანი მაქვს. ყოველთვის ვცდილობდით ჩემთვის  შესაბამისი საპნები შეგვერჩია, რაც დიდ დროსთან და ენერგიასთან იყო დაკავშირებული. ხშირად მსგავსი სახის პროდუქცია არ იყიდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ უცხოეთიდან გვიწევდა გამოწერა. ნებისმიერი ტანის თუ სახის მოვლის საშუალებები, რომლებიც შეიცავდა ქიმიურ ნივთიერებებს იწვევდა ალერგიას, შესაბამისად დედაჩემმა გადაწყვიტა, ეცადა და თავად დაემზადებინა ჩემთვის საპონი. შემდეგ ვაჩუქეთ მეგობრებს, ახლობლებს და მათ დაგვარწმუნეს, რომ წამოგვეწყო მსგავსი საპნების კეთება, რადგან საქართველოში საკმაოდ რთული იყო მათი მოძებნა და ყიდვა.

როგორ შეხვდა მომხმარებელი თქვენს წამოწყებას და რამდენად მოთხოვნადია დღეს ქართულ ბაზარზე ორგანული საპნები?

– დაახლოებით ერთი წლის წინ,  შევქმენით  ფეისბუკ გვერდი და ჩვენდა გასაოცრად, სულ მალე დიდი მოწონება დაიმსახურა. დღეს უკვე საკმაოდ ბევრი  ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომელთაც განსაკუთრებით მოსწონთ ჩვენი პროდუქცია და მათი სასარგებლო თვისებები.  ჩვენი პატარა ბიზნესი ჩართულია სხვადასხვა პროექტში, მათ შორის ყველასათვის კარგად ცნობილ „სეკრეტ სანტას“ პროექტშიც იღებს მონაწილეობას. ვცდილობთ,ნელ-ნელა განვვითარდეთ და დავხვეწოთ პროდუქცია.

როგორია საპნების ღირებულება და სად შეიძლება მათი შეძენა?

– საპნების ფასი მათ წონაზე არის დამოკიდებული. საპნის მინიმალური ღირებულება იწყება ერთი ლარიდან და მაქსიმალური ფასი ხუთი ლარია. ამჯერად ვართ მხოლოდ ბათუმში, თუმცა სურვილის შემთხვევაში საპნების მიწოდება ხდება ფოსტის საშუალებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

რითი განსხვავდება „i soap“ ქიმიურად დამზადებული საპნებისგან?

– მთავარი განსხვავება მისი შემადგენლობა და დამზადების ტექნიკაა. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ინგრედიენტების შერჩევას. ქიმიურად დამზადებული საპნები, შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში რჩება კანში და იწვევს კანის სხვადასხვა დაავადებას.  ჩვენი საპნები იმდენად ბუნებრივ და ცოცხალ ინგრედიენტებს შეიცავს, რომ ჩვენს მომხმარებლებს ვურჩევთ, საპნები რაც შეიძლება მოკლე დროში გამოიყენონ. არ შეინახონ დიდხანს, რადგან არ გაფუჭდეს და არ დაკარგოს თავისი ბუნებრივი თვისებები.

რისგან მზადდება „i soap“-ის საპნები?

– ვიყენებთ, სხვადასხვა ბუნებრივ ექსტაქტებს. საპნების დამზადების დროს გამოიყენება, სიმინდის, ბოლოკის, ჟოლოს, კენკრის ექსტრაქტები, ვღებავთ საპონს და ეთერზეთებით ვაძლევთ სხვადასხვა არომატს.  ჩვენი საპნები შეიძლება გამოიყენონ, როგორც ხელისა და ტანისთვის, ასევე მათი გამოყენება თმისთვისაც შეიძლება. თუმცა, არის ზოგიერთი საპონი, რომლის გამოყენებაც არ შეიძლება, მაგალითად სახისთვის და ჩვენ ვაძლევთ მომხმარებლებს რეკომენდაციებს, თუ როგორ მოიხმარონ საპნები.

სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა სიახლეებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

– გვაქვს შემოთავაზება და სულ მალე თბილისის ერთ-ერთ სალონში იქნება ჩვენი პროდუქცია. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დავხვეწოთ ჩვენი საიტი და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, მომხმარებლებს უკეთ რომ შეეძლოთ არჩევანის გაკეთება. ასევე ვგეგმავთ დავამატოთ პროდუქცია და მომხმარებლებს გაცილებით ფართო არჩევანი შევთავაზოთ. უახლოეს მომავალში დავამატებთ ნატურალურ კრემებსაც, რომლებიც დამზადებული იქნება როგორც ქართულ  ასევე უცხოეთიდან ჩამოტანილი მცენარეების გამოყენებით. ცოტა შორეულ გეგმებსაც თუ შევეხებით, სამომავლოდ ძალიან გვინდა მაღაზიის გახსნა როგორც ბათუმში, ასევე თბილისში.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 94 times, 1 visits today)

კომენტარები