მედიკამენტების ანოტაციაზე დატანილი ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში თბილისის საკრებულომ წარადგინა.

მომხმარებელს უფლება ექნება მოითხოვოს ფარმაცევტული პროდუქტის პირველადი შეფუთვის გამოყენების ინსტრუქციის ქართულენოვანი ვერსია. ხოლო აფთიაქი, ავტორიზებული თუ სპეციალიზირებული სავაჭრო ობიექტი,  ვალდებული იქნება მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მსურველს მედიკამენტის ანოტაცია ქართულ ენაზე.

საქართველოს კანონიწამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებარ შეიცავს მარეგულირებელ ნორმას, რომელიც საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ქართულენოვანი ანოტაციით მიმოქცევას უზრუნველყოფს. საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების უმრავლესობას არ ახლავს თანდართული ანოტაცია სახელმწიფო ენაზე, რაც შეუძლებელს ხდის მომხმარებელთა უმრავლესობისთვის კონკრეტული პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას. მიზანშეწონილია, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება რათა მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა ქართულ ენაზე ფარმაცევტული პროდუქტის ისეთი მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა: მიღების წესი და დოზირება, გვერდითი მოვლენები, შენახვის პირობები და ა.შ.“- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ვალდებულების ამოქმედება 2018 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

რატომაა აუცილებელი მედიკამენტების ანოტაციის ქართულ ენაზე მიწოდება, მედიკამენტებზე ანოტაციის ქართულ ენაზე თარგმანის არ დართვის შემთხვევაში თუ იქნება რაიმე სახის ჯარიმა და როგორ მოხდება ღნიშნულის მონიტორინგი? ამ შეკითხვებით „თბილისი თაიმსმა“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. შეიძლება პროექტიდან რაღაცები ამოიღონ. ამ ეტაპზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით.

ანოტაციას რაც შეეხება, ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებით, ყველა წამალს, რომელსაც მომხმარებელი  ქართული ინსტრუქციით მოითხოვს, შეუძლია, რომ ისედაც მიიღოს.  ანუ, მომხმარებელი თუ მოითხოვს აფთიაქებში წამლის ინსტრუქციას ქართულ ენაზე, მას ამოუბეჭდავენ და მისცემენ. შეიძლება წამალზე არ იყოს დატანილი, მაგრამ ქართულ ენაზე არსებობს ანოტაცია. ამის შესახებ ინფორმაცია აფთიაქებში არის გაკრული.“ – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ნინი მაზიაშვილი

 

 

(Visited 31 times, 1 visits today)

კომენტარები