ბაზარზე ახალი ქართული ხელნაკეთი ბრენდი გამოჩნდა, რომელიც პატარებისთვის სათმაშოებსა და ტანსაცმელს ამზადებს. “Monjeu” ბაზარზე 2016 წლის ბოლოდან გამოჩნდა და დღეს ერთგული მომხმარებელი ჰყავს. საახალწლო მზადებასთან ერთად ბრედნის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, პატარა, ფერადი ნაძვის ხის სათამაშოები დაემზადებინათ და ახალი წლის დადგომას სიახლით შეხვედროდნენ. ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი  თეაკო ჯინჭარაძემ „თბილისი თაიმსთან“  ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

თქვენ შესახებ რომ მომიყვეთ, რას საქმიანობთ და საიდან გაგიჩნდათ იდეა წამოგეწყოთ ეს საქმე?

– პროფესიით იურისტი ვარ.თავიდანვე ვიცოდი, რომ იურიდიული სფერო ძალიან შორს იყო ჩემგან. მიყვარს ხატვა და მომწონდა,  როდესაც ჩემი იდეის მიხედვით ვქმნიდი სამოსს. მას შემდეგ, რაც შვილი შემეძინა  უფრო ხშირად მიწევდა მისთვის რაღაცის შეკერვა, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.  ერთ დღესაც მე და ჩემმა მეგობარმა იაკო ერემაძემ გადავწყვიტეთ ერთად წამოგვეწყო ეს საქმიანობა და ჩვენი გატაცება ბიზნესად გვექცია.ჩვენი კონცეფციის ბრენდის ზუსტი ანალოგი არ მინახავს, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ საინტერესო და ინოვაციური იქნებოდა და გადავწყვიტეთ გვეცადა მისი გაკეთება.

საიდან მოდის ბრენდის სახელი და რასთანაა დაკავშირებული?

– ბრენდის  სახელი გვინდოდა მარტივი ყოფილიყო და ამიტომაც  „ჩემი სათამაშო“ დავარქვით,  monjeu-კი მისი  ფრანგული შესატყვისია.

ძირითადად რა სახის ნივთებს ამზადებთ რა მასალას გამოიყენება მათ დასამზადებლად?

– ჩვენი კომპლექტის კონცეფცია გახლავთ სასაჩუქრე კომპლექტი- რომელიც შედგება: მუყაოს შეფუთული ყუთი,სათამაშო ჩვენს მიერ შეკერილ სამოსში და ანალოგიური სამოსი ადრესატისათვის. სამოსი იკერება ერთიდან ექვს წლამდე გოგონებისათვის. თუმცა, ახლო მომავალში ბიჭებისთვისაც ვგეგმავთ კოლექციის გაკეთებას. ყველაფერი, რაც ზემოთ აღვნიშნე, იკერება საქართველოში. რადგან პატარებისთვის ვქმნით, ვცდილობთ, ყველაფერი იყოს მათთვის უვნებელი და მაღალი ხარისხის. დიზაინი ჩვენვე გვეკუთვნის, მხოლოდ ჩვენი ფუმფულა სათამაშოების ჩამოტანა ხდება სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ მათი შერჩევისას ძალიან დიდ ყურადღებას ვამახვილებთ, რომ მათი ხარისხი არ იყოს პატარებისათვის ზიანის მომტანი. პარალელურად,ჩვენი ბრენდი მოიცავს ხელნაკეთი აქსესუარების ხაზს, რომელსაც არ აქვს კომპლექტის სახე. „აბადოკები“ და  ფუმფულა , ფერადი კაშნეები, რომლებიც მომხმარებელს ძალიან მოსწონს.

როგორია შექმნის პროცესი და რა ადგილი უჭირავს ხელოვნებას თქვენს ცხოვრებაში?

– ძალიან დიდი მონდომებით და ენთუზიაზმით მივუდექით ჩვენს ახალ წამოწყებას. დღესაც ასეთი შემართებით ვაგრძელებთ. პროცესი ძალიან შრომატევადი და საინტერესოა.და ამავე დროს ძალიან სასიამოვნოა როდესაც პატარებს ვახარებთ. ვცდილობთ მუდმივად განვვითარდეთ, ბევრი სასიამოვნო სიახლე შემთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს და მეტი სიხარული და აღფრთოვანება გამოვიწვიოთ მათგან.

როგორია ფასები და სად შეიძლება თქვენი ნივთების შეძენა?

– ფასებს რაც შეეხება, ვფიქრობ, საკმაოდ ხელმისაწვდომია ყველასთვის. ნაძვის ხის სათამაშოები 6 ლარი ღირს.  კომპლექტი, რომელსაც ბავშვის ტანსაცმელი მოყვება თან- 90 ლარი,აბადოკები 20 ლარი და  შარფები 40 ლარი.

როგორია სამომავლო გეგმები და რა საიხლეეს სთავაზობთ მომხმარებელს საახალწლოდ?

– ვგეგმავთ, რომ მეტად გავაქტიურდეთ სოციალურ ქსელში, რადგან ჩვენი კომპლექტის შეძენა მხოლოდ  ფეისბუკის საშუალებით არის შესაძლებელი.  საახალწლოდ გვაქვს ულამაზესი ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშოები, რომლებიც გაგიფერადებთ და გაგიხალისებთ ახალ წელს. ვიღებთ შეკვეთებს სასაჩუქრე კომპლექტებზე, რადგან ისინი საუკეთესო საჩუქრებია  ახალი წლისათვის.

მარიამ ლეკიაშვილი

(Visited 140 times, 1 visits today)

კომენტარები