ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მომავალი წლიდან ახალი რეგულაციის ამოქმედების შესახებ მომხმარებელს საკუთარ უფლებებს სოციალური ქსელის საშუალებით ახსენებს. გვენეტაძე 2017 წლის 15 იანვრიდან ამოქმედებულ ნორმაზე აკეთებს აქცენტს, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირის მიერ გაცემული სესხის ფასი არ უნდა აღემატებოდეს წლიურ ეფექტურ 100% , ასევე, 100,000 ლარამდე სესხები ფიზიკურ პირებზე შეიძლება გაიცეს მხოლოდ ეროვნულ ვალუტა ლარში.

„ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ კარგად გადაამოწმოთ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სხვადასხვა აქციების დროს შემოთავაზებული პირობები. რადგანაც წინასაახალწლო პერიოდი განსაკუთრებით უხვია მსგავსი შემოთავაზებებით, ხელმოწერამდე გულდასმით გაეცანით სესხის ხელშეკრულებას და ყურადღება მიაქციეთ პირობებს. თუკი ფინანსურ ორგანიზაციასთან პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ თქვენი პრეტენზია დააფიქსიროთ ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელი ხაზის ნომერზე 2 406 406 ან მოგვწეროთ cp@nbg.gov.ge“, – წერს კობა გვენეტაძე.

გაზიარება