„ეს არის ჩვეულებრივი პარტიული სლოგანი. ის არის თბილისის მერი და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე არ არის მისი პირადი სათამაშო. შეუძლია თავის ბაღში, თავის ეზოში, პარტიის ოფისში დაწეროს ნებისმიერი რამ“, – თავისუფლების მოედანზე საახალწო ნაძვის ხის გარშემო განთავსებული სლოგანის ატრიბუტიკის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გოკა გაბაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციის“ ეთერში ისაუბრა.
„კახი კალაძის პასუხი, რატომ არ უნდა იყოს ქალაქი სიცოცხლით სავსეო, არის თვალთმაქცური. საარჩევნო იდეები არასოდეს ეფუძნება ცუდ იდეებს, ყველა დათანხმდება,რომ საქმე ჯობს ტყუილ ლაპარაკს, ან მაგალითად „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, „ნაბიჯი ევროპისკენ“, „გაიზარდოს პენსია 50 ლარით“. თუმცა, თავის მოკატუნება და სელფით „გაპრავება“ არ გამოვა.
პარტიული სლოგანი,რომლითაც არჩევნებზე გამოდიოდა, არ უნდა განთავსდეს დედაქალაქში. ყველამ ვიცით,რომ თბილისში უნდა იყვნენ გაბრაზებულები უსამართლობის გამო და თუ ვინმეს უნდა გაუჭირდეს გუგავა მოვა. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება პარტიული სლოგანი გამოვაჭენოთ მთავარ ნაძვის ხეზე, გავანათოთ ლურჯად. როგორც მინიმუმ ეს არის ცუდი გემოვნების ნიშანი, პროვინციულობას ვერ დავარქმევ. ეს არის დაცინვით, ზემოდან ყურებით, ქედმაღლობით გაკეთებული. როგორც არ შეიძლება სკოლაში პოლიტიკური აგიტაცია, ასევე არ შეიძლება თბილისელ ბავშვებს დაახვედრო „ქართული ოცნების“ სლოგანი“ , – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
თბილისის მერიის მიერ დადგმულ საახალწლო ნაძვის ხეზე საკრებულოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ლევან ჯაფარიძემაც ისაუბრა.
„ფერების აღქმა სხვადასხვა აქვს ადამიანებს,ეს განათება ხან ოქროსფერია, ხან ვერცხლისფერი, მხოლოდ ლურჯად არ არის. ჩვენ ნამდვილად გვსურს,რომ თბილისი გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი და არა მხოლოდ სიტყვიერად“ , – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
მანანა ღოღობერიძე