ახალი წელი ყოველი ჩვენგანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. დღე, რომლისთვისაც მთელი წელი ვემზადებით, ძველს ვაცილებთ და სასიამოვნო ემოციებით ვიწყებთ ცხოვრებას. ყოველი ქვეყანა განსხვავებულად აღნიშნავს ახალი წლის დადგომას, თუმცა მათ ერთი რამ მაინც აერთიანებს- საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე, რომელიც დღესასწაულს ბევრად ლამაზსა და სასიამოვნოს ხდის.
საახალწლო მზადება ხშირად ნაძვის ხის შერჩევით იწყება. გემოვნებით მორთული ნაძვის ხე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საახალწლო ატრიბუტია. ამიტომ, მყიდველისთვის არც თუ ისე ადვილია სასურველი ნაძვის ხისა და მისი აქსესუარების მისაღებ ფასად შერჩევა.
„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა რა ფასად შეუძლია მომხმარებელს ნაძვის ხის შეძენა ბაზარზე და სავაჭრო ცენტრებში.
სადგურის მოედნისა და დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი წლის მოახლოებას ნაძვის ხეებისა და საახალწლო აქსესუარების სიმრავლეც გვატყობინებს. თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ როგორი უნდა იყოს თქვენი ნაძვის ხე, არჩევანის გაკეთება არ გაგიჭირდებათ. გამყიდველები მყიდველებს მრავალფეროვან საშობაო ხეებს სთავაზობენ. მრავალფეროვანია მათი ფორმა და ფასებიც. ფასები 10 ლარიდან იწყება და 500 ლარის ფარგლებში მერყეობს.
ბაზრობებზე ერთი მეტრი ნაძვის ხის შეძენა საშუალოდ 50-70 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. როგორც გამყიდველების უმეტესობა აღნიშნავს, საშობაო ხე, რაც უფრო მეტად ჰგავს ბუნებრივ ნაძვს მისი ფასიც უფრო მაღალია.
განსხვავებული ფასებია სავაჭრო ცენტრებსა და დიდი სუპერმარკეტებში. თუმცა, თუ თქვენი შემოსავალის გარკვეულ ნაწილს ნაძვის ხის შეძენას დაუთმობთ, თქვენს სახლს ულამაზესი საშობაო ხეებით და ორიგინალური აქსესუარებით გააფორმებთ.
“გუდვილში” ნაძვის ხის ღირებულებას მის ზომასა და ის მასალაზეა დამოკიდებული. ნაძვის ხის მინიმალური ფასი 73 ლარია (სიმაღლე – 1.5 მეტრი), ხოლო მაქსიმალური ფასი 2 156 ლარამდეა (სიმაღლე – დაახლოებით 4 მ).
ნაძვის ხეების ფართო არჩევანია „სუპერშიც“. როგორც მაღაზიის თანამშრომლები აღნიშნავენ, მინიმალური ფასი 58 ლარია(სიმაღლე-1.8მ), ხოლო მაქსიმალური ფასი 2600 ლარი (4 მ).მათი თქმით, ფასი დამოკიდებულია როგორც სიმაღლეზე, ასევე ნაძვის ხის ხარისხზეც.
„კარფურში“ ნაძვის ხის შეძენა 12 ლარიდანაა შესაძლებელი. მაქსიმალური ფასი 299 ლარია (სიმაღლე 2მ).
რაც შეეხება ბუნებრივ ნაძვებს ფართო არჩევას „საქართველოს ნერგები“ გვთავაზობს. მომხმარებელს ნაძვის ხის შეძენა 40 ლარიდან 140 ლარის ფარგლებში შეუძლია.
წლების მიხედვით იზრდება ნაძვის ხეების ფასები, იცვლება მომხმარებლების გემოვნებაც, თუმცა უცვლელია მათი დამოკიდებულება საშობაო ხეების მიმართ-თითოეული მათგანის სურვილია მის სახლს დიდი და ლამაზი ნაძვის ხე ამშვენებდეს.
მარიამ ლეკიაშვილი