მართლმადიდებლური ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც დიოსკორე ერქვა. ბარბარე ძალიან ლამაზი იყო, დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.
კოშკში დამწყვდეულ ბარბარეს კერპთაყვანისცემას ჩააგონებდნენ, მაგრამ იგი ხვდებოდა, რომ ადამიანის ხელით გაკეთებული უსულო კერპები სამყაროს ვერ შექმნიდნენ. ის რაც ადამიანის მიერ იყო დამზადებული, ვერ შექმნიდა სიცოცხლეს, ვერ შექმნიდა მოწესრიგებულ სამყაროს. სამყაროსა და სიცოცხლის საწყისის ძიებაში ბარბარე დარწმუნდა რომ კერპები ვერ იქნებოდნენ სიცოცხლის მიმნიჭებლები, იგი გრძნობდა, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებოდა სიბრძნით, სიკეთით, და სათნოებით. ღვთის ნებით, იმ დროს ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელმთავარი ჩავიდა. მღვდელმთავარმა ბარბარე მამისგან ფარულად ქრისტიანულად მონათლა.
ქალიშვილის გაქრისტიანებამ დიოსკორე განარისხა. მან ბარბარე ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა, რომ ის ქრისტიანებმა გადაიბირეს და წამებით სიკვდილის ღირსი იყო. წმინდა ბარბარემ ღვთის შემწეობითა და სიყვარულით არაერთი სატანჯველი დაითმინა. მათ შორის ტყავის შოლტებით ცემა, რის შემდეგაც მას საკანში უფალი გამოეცხადა და გაამხნევა. ბარბარეს თავი მისმა მამამ მოკვეთა, რისთვისაც იგი უფლისგან დაისაჯა. იმავე წამს დიოსკორეს ციდან ცეცხლი დაატყდა. დაისაჯა მარკიანეც, რომელსაც მეხი დაეცა.
წმინდა დიდმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის ევედრებიან.
წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს ცხოვრების შესახებ “თბილისი თაიმსს“ ესაუბრა რუსთავის წმინდა იოაკიმ და ანას სამლოცველოს წინამძღვარი დეკანოზი მამა ანდრეა აბაშიძე.
„ ქრისტიანული ტრადიციების ფონზე მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით ჩამოყალიბდა ისე, რომ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს პატარების შემწეობას სთხოვენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მადლი ჩვენზე ამით შემოისაზღვრება. თუ დააკვირდებით, მას ბარძიმით ხელში გამოსახავენ ხოლმე. ეს სიმბოლო მიგვანიშნებს, რომ ადამიანები, რომლებსაც სიყვარული აქვთ წმინდა ბარბარეს მიმართ, არ გავლენ ქვეყნიდან უზიარებელნი, ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივაც დიდი მეოხება აქვს მას.“
მამა ანდრეამ ბარბარობის დღესასწაულთან ასოცირებულ ლობიანის, თევზისა და გოგრის მომზადების ტრადიციებზეც ისაუბრა.
„სხვადსხვა ერში ტრადიცია სხვადასხვაგვარია, თუმცა ამ საკვები პროდუქტების მომზადებას დღესასწაულზე საღვთისმეტყველო აზრი ან დანიშნულება ნამდვილად არ აქვს. მრავალი საუკუნეა წმინდა ბარბარეს დღესასწაულს აღვნიშნავთ, ლობიო კი უფრო გვიანშემოსული საკვები პროდუქტია, ამიტომ არ მგონია, რომ პირდაპირი კავშირი ამ დღესასწაულსა და ლობიანს შორის არსებობდეს. მე ვფიქრობ, რადგან მარხვის პერიოდია 17 დეკემბერი და სადღესასწაულო სუფრას აწყობდნენ წმინდა ბარბარეს მიმართ სიყვარულისა და ამ დღესასწაულის აღსანიშნად, სიმბოლურად შეირჩა ლობიანი, ეს უბრალოდ ხალხური ტრადიციაა და არა ეკლესიური.“
ნანუკა მაღლაკელიძე