21-ე საუკუნე: „სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს.“

დადგა დრო, როცა კანონიც გვაქვს, უფლებაც გვაქვს, მაგრამ მაინც არ ვართ თავისუფლები. დღეს მატერიამ დაგვიმონა. ეს ის დროა, როცა არსად სხვაგან არ არსებობს მიზეზი გარდა ჩვენი საკუთარი თავისა. ის, რამაც თავისუფლება შეგვიზღუდა, ჩვენშივეა. ჩვენ გავაღმერთეთ საგნები და მერე თაყვანიც ვეცით მათ იმდენად, რომ თავს ვეღარ ვაღწევთ. მხოლოდ ერთეულები არიან, ვინც ჯერ კიდევ არ მოქცეულა ამ ახალ კერპთაყვანისმცემლობაზე.

რა არის დღეს მნიშვნელოვანი? „მაგარი“ სახლი (რა თქმა უნდა, „მაგარი“ სახლი „მაგარ“ ადგილზე მდებარეობს), „მაგარი“ მანქანა, „მაგარი“ ტელეფონი, „მაგარი“ტამსაცმელი და რაც ყველაზე მთავარია, ბევრი ფული. ვინ არის კარგი „ტიპი“? ვისაც ეს ყველაფერი აქვს. და ამ დროს რას აკეთებენ ისინი, ვისაც ეს ყველაფერი არ აქვს? ისინი პატივს სცემენ ამ „ტიპებს“ და ოცნებობენ „მაგარ“ სახლზე, „მაგარ“ მანქანაზე, „მაგარ“ ტელეფონზე, „მაგარ“ ტანსაცმელზე და, რაც მთავარია, ბევრ ფულზე.

და ჩვენ ვხედავთ, როგორ ვართ გარშემორტყმულნი საგნებით. ყველგან საგნებია და ყველგან ჩვენ ვართ. ჩვენ, რომლებიც ვეთაყვანებით ამ საგნებს. ჩვენ, რომლებიც ვოცნებობთ ამ საგნებზე და ჩვენ, რომლებსაც არცერთი სულიერი მორჩილებას აღარ გვაიძულებს, მაგრამ თავად დავმორჩილდით უსულო მატერიას. სად არის ის, ვინც გვიმორჩილებს? ჩვენში.

არ არსებობს ადამიანთა თავშეყრის ისეთი ადგილი, სადაც არ განიხილება, ვის რა მარკის მანქანა ყავს, ვის რა ბრენდი აცვია, ვის რა ფასიანი ტელეფონი აქვს, თუნდაც, ვის რამდენი ფული აქვს. ეს არის ის კრიტერიუმები, რომლებიც შემდეგ უკვე ამ ადამიანზე წარმოდგენას აყალიბებს. აყალიბებს იმასაც, უნდა ვიმეგობროთ თუ არა ამ ადამიანთან, ან, უფრო მეტიც, ვიქორწინოთ თუ არა ამ ადამიანზე. რაც მთავარია, არ არსებობს კონკრეტული დამნაშავე. სულ რომ დიდხანს ამბობდე, იძახდე: „ეს ჩემთვის უმნიშვნელოა“ , „მე არ მაინტერესებს სხვების აზრი“, ბოლოს მაინც დანებდები. ძნელია უმცირესობაში ყოფნა. ძნელია, როცა ვიღაც ხმამაღლა ამბობს, რა ბრენდი აცვია და მის ფასსაც კი აკონკრეტებს. ძნელია ამან თქვენზე გავლენა არ მოახდინოს. ან ოცნებს დიწყებთ  ამ ნივთზე, ან წახვალთ და მეორე დღესვე იმასვე იყიდით. და, აი,თქვენ უკვე დამარცხდით. სხვების აზრმა გაიმარჯვა. ახლა თქვენ თვითონ ხართ ის სხვა და იმავე მეთოდებით იმორჩილებთ უმცირესობას.

ვინ არის დამნაშავე? „არავინ“. სად არის ის, ვინც გვიმორჩილებს? ჩვენში. ჩვენშია, რადგან ჩვენ გავაღმერთეთ საგნები და მერე თაყვანი ვეცით მათ.

მაგდა ბატიაშვილი

Please follow and like us: