სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგულია. მიუხედავად იმისა, უყურებთ თუ არა მას, ბაქარი ყველამ იცის. სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ფეისბუქზე, ხშირად გადააწყდებით ამ სერიალიდან ამოღებულ სახალისო ვიდეოებს, რომლებშიც აუცილებლად შეგხვდებათ ბაქარი. ისინი კი, ვინც უყურებენ „ჩემი ცოლის დაქალებს“, ბაქარი მათი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია.
„თბილისი თაიმსი“ სწორედ ბაქარის როლის შემსრულებელს, ბუბა მირცხულავას ესაუბრა. პოპულარობა და ხალხის სიყვარული უეცრად რომ დაატყდა თავს, ამას აღტაცებით აღნიშნავს. ეს ყველაფერი მეც შევამჩნიე, როცა ინტერვიუს დროს მასთან ფოტოს გადასაღებად მოვიდნენ და თბილი სიტყვებითაც დაასაჩუქრეს. ამბობს, რომ ბაქარმა მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.
ბუბა მირცხულავა 16 წლის იყო, როცა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბაქარის როლზე დაამტკიცეს . ის 9 წლის ასაკიდან დადიოდა საბავშვო თეატრში „მეორე სახლი“. სერიალშიც სწორედ აქედან მოხვდა. „თბილისი თაიმსი“ შეეცდება, დაგანახოთ ბაქარის მიღმა ბუბა მირცხულავა და უფრო ახლოდან გაგაცნოთ ის.
ბუბა, მოგვიყევი შენ შესახებ… სკოლის მოსწავლე იყავი, როცა ტელეეკრანზე გამოჩნდი. როგორ გაიხსენებ ამ პერიოდს? სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მუშაობის გარდა რას საქმიანობ?
– ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დაკავშირებულია მოულოდნელობასთან და კარგ ემოციებთან… 15-16 წლის ვიყავი, როცა სერიალში მოვხვდი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბაქარის როლი მეორეხარისხოვანი იყო. პერსონაჟის განვითარებასთან ერთად გაიზარდა პოპულარობა, ცნობადობა და ხალხის სიყვარული . ეს, პირველ რიგში, მოულოდნელი იყო, იმიტომ, რომ სულ სხვა სამყარო გადამეშალა თვალწინ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს „ჩემი ცოლის დაქალები“. სადაც არ უნდა მოვხვდე და რაც არ უნდა გავაკეთო, ეს სერიალი დარჩება ჩემთან „ნიშასავით“.
„ჩემი ცოლის დაქალების“ გარდა ვარ მეორე კურსის სტუდენტი, ვსწავლობ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში. სხვა რამეს ვერ ვასწრებ. გადაღებების გრაფიკი არ გვაქვს და ხშირ შემთხვევაში, არ ვიცით, როდის არის ხოლმე. ორი საქმის შეთავსება ცოტა რთულია.
თეატრალურში იმიტომ არ ჩავაბარე, რომ ვიფიქრე: ასე თუ ისე, ხალხმა გამიცნო. ამავდროულად, გამიცნო მაყურებელმა და რეჟისორებმაც. ვინმეს თუ დავჭირდები, დამიძახებენ. ასევე ვიფიქრე, რომ მსახიობობა არასტაბილურია – ხან გექნება შემოსავალი და სამსახური და ხან – არა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან მიყვარს, გამიჭირდა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომ 50/50-ზე ამეწყო ჩემი ცხოვრება.
როგორ მოხვდი სერიალში და რას ნიშნავს „ჩემი ცოლის დაქალები“ შენთვის? რა შეცვალა ბაქარმა ბუბას ცხოვრებაში? ხალხი თუ გცნობს ან თუ ცდილობენ შენთან დაკონტაქტებას?
– სერიალში მოვხვდი საბავშვო თეატრიდან „მეორე სახლი“, სადაც მესამე კლასიდან ვიყავი აბიტურიენტობამდე. თავიდან ბაქარი მეორეხარისხოვანი როლი იყო და უბრალოდ მიმიყვანეს, შემთხვევითობა იყო. ალბათ, გავამართლე, რადგან ახლა უკვე ბაქარს თავისი ხაზი აქვს.
„ჩემი ცოლის დაქალებში“ ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ, ალბათ, ასეთს ვეღარასდროს მივიღებ. იმიტომ, რომ პატარა ვიყავი და გარდატეხის ასაკში ყველაფერს უფრო მძაფრად აღიქვამ. ეს ყველაფერი აფეთქებასავით იყო. ასეთ სიხარულს, ალბათ, ვეღარაფერი მომიტანს. ძალიან მაგარია, როცა ქუჩაში გავდივარ და ხალხი მცნობს- მიღიმიან, ბავშვები ფოტოებს იღებენ ჩემთან…
ძალიან ბევრი რამე შეცვალა ბაქარმა ჩემს ცხოვრებაში. თუნდაც, ის, რომ ისეთი ადამიანები გამაცნო, რომლებმაც ბევრი რამე სხვანაირად დამანახეს, ისეთ ადამიანებს შევხვდი, მანამდე კონტაქტი რომ არ მქონია. ალბათ, იმის გამო, რომ პატარა ვიყავი, ძალიან ბევრ რამეზე სხვანაირად დამაფიქრეს, რითიც, მიმიყვანეს ჩემთვის სწორ აზრამდე, დამოკიდებულებასა და შეხედულებამდე. თუმცა, ჩემთვის სწორი ვიღაცისთვის ამორალური შეიძლება იყოს. ზოგადად სწორი და არასწორი ხომ არ არსებობს?!
ბაქარს და ბუბას შორის რა მსგავსებაა? და განსხვავება? პროტოტიპი თუ გყავს? იცნობ ადამიანს, რომელიც ძალიან ჰგავს შენს პერსონაჟს და დაგეხმარა მის შექმნაში?
– განსხვავება ისაა, ალბათ, რომ დედაჩემი არ მცემს (იცინის). ბაქარს და ბუბას შორის ბევრი განსხვავებაა. ბაქარი ჩემზე დინჯია, მე ფეთქებადი ხასიათი მაქვს. ბევრის მოთმენა შემიძლია, მაგრამ მერე ვფეთქდები ( და ეს ჩემი ნაკლია). ბაქარს შეუძლია დიდი ხანი იფიქროს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. მე ასე არ ვარ. ფიქრი მეც მიყვარს, რა თქმა უნდა. სიტუაციას გააჩნია, სიტუაციიდან გამომდინარე. რაღაცებში ვემთხვევით. მაგალითად, იმაში, რომ ორივენი ჯიუტები ვართ. ვიღაცამ შეიძლება ამას პრინციპულობაც დაარქვას. კიდევ ის განსხვავებაა, რომ ადრეულ ასაკში ცოლს არ მოვიყვან. ბაქარი 19 წლის იყო, ცოლი რომ მოიყვანა. მიუხედავად იმისა, როგორ შემიყვარდება, მაგ ნაბიჯს არ გადავდგამ. თან, ჩემი აზრით, ბაქარმა ისეთ დროს გადადგა ეს ნაბიჯი, თვითონ რომ არ შეეძლო ოჯახის რჩენა. მერე გაუმართლა და აეწყო ყველაფერი. სანამ საშუალება არ მექნება, რომ ჩემს თავსა და ოჯახს მივხედო და უზრუნველვყო ყველაფრით, მანამდე ცოლს არ მოვიყვან.
ბაქარი ერთი კონკრეტული ადამიანის კი არა, რამდენიმეს პროტოტიპია – ცოტა იქიდან, ცოტა აქედან და ა.შ. შერწყმულია და მიქსია. ალბათ, არიან ადამიანები, რომლებიც ერთი-ერთში ვერა, მაგრამ 80%-ით გვანან, თუმცა, მე არ მყავს გარემოცვაში ასეთი არავინ. შევეცადე პატარ-პატარა დეტალები ამეღო ვიღაცებისგან და ჩამედო ამ პერსონაჟში.
როგორც ვიცი, 9 წლის ასაკიდან იყავი საბავშვო თეატრში – “მეორე სახლი”. თეატრში განსახიერებული პერსონაჟებიდან რომელს გამოარჩევდი და რატომ?
– თეატრში 4 საყვარელი პერსონაჟი მყავდა და შესაბამისად – 4 სპექტაკლი. პირველი იყო „ანა ფრანკის დღიურში“ ექიმი დუსელი, მეორე – ავეტიკა, „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“, შემდეგი ორი ერთნაირად მიყვარს- ბურატინო და ნაცარქექია. „ანა ფრანკის დღიური“ იმიტომ, რომ პატარა ვიყავი და რთული იყო. იმას ვგულისხმობ, რომ ეს ისტორია რეალურად მოხდა. კი, იყო იმპროვიზაცია, მაგრამ რთული იყო, რადგან მთავარი ამბავი არ უნდა ამოვარდნილიყო. „რაც გინახავს ვეღარ ნახავში“ იმიტომ, რომ ვასო გოძიაშვილი თამაშობდა და ძალიან მიყვარს ეს ფილმი. არ ვეჯიბრებოდი, რა თქმა უნდა, სად მე და სად ვასო გოძიაშვილი, მაგრამ ეს მაძლევდა მოტივაციას და მეც მინდოდა, რომ ჩემებურად კარგად გამეკეთებინა. ნაცარქექია იმიტომ, რომ კარგი პერსონაჟია და ბურატინო – კეთილია და კარგ განწყობაზე მაყენებდა. ძირითადად ესენია ჩემთვის გამორჩეული.
თეატრისა და კინოს/სერიალის თამაშის სპეციფიკა განსხვავდება ერთმანეთისგან. შენ რომელი უფრო მოგწონს, რომელს ანიჭებ უპირატესობას?
– ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის რომელიმე უკეთესია, იმიტომ, რომ ორივეს თავისი პლუსები და მინუსები აქვს. თეტრში ყველაფერი ცოცხალი და ბუნებრივია, შენს თვალწინ ხდება და სხვანაირად აღიქმება. კინოში კი – დუბლებია. თეატრში ასეთი რამე არ ხდება. სპექტაკლის სირთულე და ამავდროულად, სიკარგეც იმაშია, რომ მთელი თვეები გადიხარ რეპეტიციას, რომ ერთი იყოს და მაგარი. ჩემთვის ორივე საყვარელია. უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც სპექტაკლში არ მითამაშია და ძალიან მენატრება. თეატრში რომ ვიყავი, კინო მინდოდა და მაინტერესებდა. ახლა კიდევ თეატრი მენატრება.
მოგვიყევი შენს ოჯახზე, ოჯახის წევრები როგორ აფასებენ შენს სამსახიობო საქმიანობას?
– ოჯახის წევრებს რაც შეეხება, განსაკუთრებით დედა არის კრიტიკული. თეატრში რომ ვიყავი, იქიდანვე ასე იყო. ყოველთვის კრიტიკულად მაფასებდა და ეგ იყო ძალიან კარგი. მაგას ახლა ვხვდები, მაგრამ იმ მომენტში, სპექტაკლებზე რომ მოდიოდა, დისკომფორტი მქონდა. მეშინოდა ხოლმე, რადგან არასდროს ვიცოდი, რას მეტყოდა. ასევეა სერიალზეც, სულ აქვს შენიშვნები. კარგია ეს, არ მაძლევს მოდუნების საშუალებას და ცდილობს ფორმაში ვიყო. ამისთვის მადლობა მას, ასევე ოჯახს და მეგობრებს… ყოველთვის კრიტიკულები არიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკაა. ანუ, არგუმენტირებულად მისაბუთებენ რატომ და რა არ მოსწონთ. შეიძლება ვიკამათოთ, რაღაცაში არ დავეთანხმო ან დავეთანხმო, მაგრამ, ვფიქრობ ამაზე და ხშირ შემთხვევაში, ვუჯერებ მათ, ვცდილობ, გავითვალისწინო.
როგორია ბუბა მირცხულავა მეგობრებთან, როგორი გართობა გხიბლავს?
– ალბათ, ეს ჩემს მეგობრებს უნდა ჰკითხო, მე ვერ გიპასუხებ. გართობას რაც შეეხება, კლუბები ნაკლებად. მეგობრების წრეში, რომელიმე მეგობართან ვიკრიბებით ხოლმე, ძირითადად, დაქალის სახლში ავდივართ და ძალიან ჩვეულებრივ: ჩაი, ჯოკერი, ვლაპარაკობთ, განვიხილავთ რაღაცებს… თუნდაც, თითოეულის პრობლემას, იქნება ეს კარიერული თუ სხვა რამ, არ აქვს მნიშვნელობა. სულ მხიარული ვერ ვიქნები, რა თქმა უნდა, მაგრამ ასატანი ვარ, ალბათ, რადგან ჩემს გვერდით არიან.
თავისუფალ დროს როგორ ატარებ?ჰობი თუ გაქვს?
– თავისუფალი დრო ვცდილობ ოჯახთან ერთად გავატარო, მაგრამ მათთან სულ ის პრობლემა მაქვს, რომ მეუბნებიან მალე მოდი სახლშიო… მთლიანად გადართული ვარ მეგობრებზე. ყველაზე დიდ რელაქსაციას, შვებას და განტვირთვას მეგობრებთან ყოფნისას განვიცდი. ალბათ, კარგიც არის ეს, რადგან ჩემს თავში ჩაკეტილი არ ვარ. მეგობრები ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია.
ჰობი- კალათბურთი. თამაში ნაკლებად, უფრო ყურება. ძალიან დიდი კულტურაა. ჩემთვის ნომერ პირველი სპორტია- ძალიან ლამაზი და ენერგიულია, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მაყურებლებისთვისაც. ასევე მაგიდის ჩოგბურთის თამაში მიყვარს.
რომელია შენი საყვარელი ფილმი? სერიალი?
– ჩემი საყვარელი ფილმი, ცოტა შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ არის The Dark Knight (შავი რაინდი ). იყო პერიოდი, როცა ყოველდღე ვუყურებდი. ქართული ფილმებიდან – „სიყვარული ყველას უნდა“. სერიალს რაც შეეხება, ჩემთვის პირველია Breaking Bad. მეორე – Game of Thrones, ასევე მიყვარს „ამერიკელი ღმერთები“.
საყვარელი მსახიობი…
– ჰიტ ლეჯერი, ქალი – სკარლეტ იოჰანსონი
რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
– რთული შეკითხვაა, რადგან დღეს შეიძლება არაფერმა გამაღიზიანოს, მაგრამ ხვალ ყველაფერზე გავღიზიანდე, იმაზეც კი, რაც დღეს არ მაღიზიანებდა. სიტუაციას გააჩნია და ხასიათსაც, ალბათ. მაგრამ, მაღიზიანებს ყველაფერი არაარგუმენტირებული- კარგიც და ცუდიც.
როგორია შენი სამომავლო გეგმები, როგორ ფიქრობ, რას გააკეთებს ბუბა მირცხულავა 5 წელში?
– 5 წელში? ვგეგმავ, რომ ვიყო მაგისტრატურის სტუდენტი, პიარის დარგში. სამსახიობო სფეროშიც თუ იქნება შემოთავაზებები, თავს არ დავზოგავ. ბაქარი შტამპივით არის და ამიტომ მინდა რადიკალურად განსხვავებულიც. ჩემი გეგმები საქართველოს უკავშირდება და არსად წასვლას არ ვაპირებ.
ნინი მაზიაშვილი