მოსკოვი მზად არის პრაქტიკული თანამშრომლობისთვის და ქართული მხარის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს, –  ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ 2018 წელს საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა გაგრძელდება, ხოლო ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობაში წარმატებები გამყარდება.

კარასინის თქმით, 2017 წელს რუსეთმა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილი დაიკავა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა კი 30 პროცენტით გაიზარდა.

„ამჟამად რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მასშტაბური რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის სახმელეთო მიმოსვლას გაამარტივებს“, – განაცხადა კარასინმა.

რუსმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს აღნიშნული პოზიტიური ტენდენციების განვითარება იქნება შესაძლებელი.

„ამავე დროს ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს აშკარა სირთულეებზე, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობაზე და სამხრეთ კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკურ ტენდენციებზე“, – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

(Visited 11 times, 1 visits today)

კომენტარები