2017 წელს ჩვენს ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მთავრობის მისამართით კრიტიკასთან ერთად გვესმის დადებითი შეფასებებიც. ასევე, მედიაში აქტიურად განიხილავენ მინისტრთა კაბინეტის შეცვლას და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის წასვლასაც. სწორედ ამ საკითხების შესახებ „თბილისი თაიმსი“ ექსპერტებს, გია ხუხაშვილსა და რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

მთავრობის პლუსებსა და მინუსებზე, 2018 წლიდან  მინისტრთა კაბინეტის შესაძლო შეცვლაზე ექსპერტებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

გია ხუხაშვილი: „სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც განსაკუთრებულს არც არაფერს აკეთებს, მაგრამ არც აფუჭებს. ასე რომ, ძნელია სტაგნაციის რეჟიმში მუშაობის სერიოზულად შეფასება და განსაკუთრებული მოვლენების გამოკვეთა.  თუ მთავრობის მუშაობაზე ვსაუბრობთ,  საგარეო პოლიტიკაში  ვიზალიბერალიზაცია უნდა გამოვყოთ, რომელიც შეიძლება, რომ წარმატებად ჩაითვალოს. სოციალურ-ეკონომიკური ფონი კი გაუარესებულია, ლარის გაუფასურების ფონზე, გამომდინარე იქედან, რომ შემოსავლების ინდექსაცია არ მომხდარა. ტარიფების მატება- ეს პირდაპირ მთავრობის კომპეტენცია არ არის, მაგრამ ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგია. დადებითია თვითონ მთავრობის სტრუქტურული რეფორმა და ახალი ტიპის ლიდერების შემოყვანა ქვეყნის ოპერატიულ მართვაში, ანუ მენეჯმენტში, რომელიც საინტერესო ნაბიჯია და ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს ტოვებს იმ კუთხით, რომ შესაძლებელია სისტემა უფრო გასაგები და ეფექტური გახდეს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მთავრობაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, თავის მხრივ, არ არიან გარეულნი ამ „ხალიჩისქვეშა“ ინტრიგებსა და თამაშებში და აქვთ გარკვეული რესურსი იმისა, რომ რეალური რეფორმა ჩაატარონ. რაც შეეხება მთავრობის მუშაობის შედეგებს, დრამატული არაფერი არ მომხდარა. არც კარგი და არც ცუდი. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ სტაგნაცია, ანუ ერთ ადგილზე დგომა, ნეგატივს უფრო  ნიშნავს, ვიდრე პოზიტივს. იმიტომ, რომ ჩვენ ვდგავართ ისეთი გამოწვევების წინაშე, როდესაც გვჭირდება სწრაფი განვითარება როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე საშინაო პოლიტიკური თვალსაზრისითაც და ამ მხრივ, არათუ სწრაფი ზრდა არ არის, არამედ ზოგიერთ მიმართულებაში კლებაც გვაქვს და უბრალოდ ერთ ადგილს ვტკეპნით.

ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს, რომელმაც გარკვეული სახე შექმნა, შეიძლება არც პოლიტიკის გაეგებოდა რამე და არც ეკონომიკაშია დიდი სპეციალისტი, მაგრამ მას ჰქონდა ერთი დადებითი მხარე- კეთილბუნებობა, დიალოგის უნარი და ა.შ. ესეც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ დაამსხვრია. ფაქტობრივად, სერიოზული თვითდაზიანება მიიყენა და თავისთავად, ისმის კითხვა – მაშინ რატომ არის ის მმართველობაში? შესაბამისად, პრემიერმა, თავისი ფატალური საქციელით, დაამთავრა პოლიტიკური მომავალი, სისტემურად ის უკვე დასრულებულია. როდესაც პრემიერ-მინისტრის ჩამოშორების დრო დადგება, ეს  მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას გამოიწვევს. ესაა კრიტიკული მომენტი, როდესაც გარკვეული გადახალისება უნდა მოხდეს. ხოლო რა მიმართულებით განხორციელდება, ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მათ შორის, იმაზეც, ვინ რა აქტივით ან პასივით იქნება წარმოდგენილი იმ მომენტისთვის, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების კრიზისი დაიწყება. ასე რომ,  წინასწარ ამის პროგნოზირება ძნელია იმიტომ, რომ ძველ მინისტრებთან ერთად, არიან ახალი მინისტრებიც, რომლებიც, ერთი მხრივ,  კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ მათ ტესტი აქვთ ჩასაბარებელი, გზა აქვთ გასავლელი და როგორ გაივლიან ამ გზას, ჯერ ბუნდოვანია.”

რამაზ საყვარელიძე: “მთავრობა განახლდა ბოლო პერიოდში. ახალი შემადგენლობა უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება. ყოველ შემთხვევაში, მედიაში ასე ჩანს. საკმაოდ საინტერესო პროგრამები წარმოადგინეს, მაგალითად, ამჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, კახი კახიშვილმა, რომელიც ადრეც ძალიან საინტერესოდ მუშაობდა – ჩვენი პრობლემური პენიტენციური სისტემა მიაახლოვა ევროპულ სტანდარტებს და აგრძელებს ამავე მიმართულებით. ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ამჟამინდელი განათლების მინისტრი, რომელმაც იცის ის სფერო, რომელსაც  ხელმძღვანელობს. რაც შეეხება უარყოფით ასპექტებს, ჩემთვის ეს იმ პირებს უკავშირდება, რომლებმაც დატოვეს თანამდებობები. მაგალითად, ასეთი იყო განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა და მთავრობის კაბინეტის ხარვეზებზე მიუთითებს, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ჯერ დანიშნეს ამ თანამდებობაზე და შემდეგ, მიუხედავად საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულებისა, მაინც ამდენი ხანი იყო მინისტრი. ზოგადად, ნაბიჯები, რაც გადაიდგა, თითქოს პოზიტიურია, კარგი საკადრო ცვლილებები მოხდა, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმაოდ გვიან გადაიდგა და ესაა ნეგატიური.

სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია მოსალოდნელი. ბოლო ცვლილებაც იმაზე მიუთითებს, რომ მინისტრთა კაბინეტში პროცესები მოსაწესრიგებელია.

კვირიკაშვილის წასვლა არ მეჩვენება სხვა მიზეზებით არგუმენტირებული, თუ არა – საკადრო პოლიტიკის. საკადრო პოლიტიკაში ცვლილებები ნელა განხორციელდა და ეს, ალბათ, მაინც კვირიკაშვილის სახელს უკავშირდება. პრემიერ- მინისტრის რანგი ის წოდებაა, რომლის მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ საკადრო პოლიტიკაა. მისი წასვლა, ალბათ, იმას აწყობს, ვინც მის ადგილზე დაინიშნება.

არ მგონია, რომ ეს მსჯელობა სერიოზული მნიშვნელობისა იყოს, უფრო ჟურნალისტების ატეხილი ქარიშხალია. ოღონდ, ქარიშხალი ჭიქაში. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიერმა უცნობთან შერკინების დროს თქვა – თუ მე მტყუანი აღმოვჩნდები, წავალო, სწორედ ამ სიტყვამ, წასვლამ ეს იდეა აამოქმედა. მერე ის კონფლიქტი, რომელიც ვნახეთ და რომელიც უამრავი მომხდარა მსოფლიო პოლიტიკაში. ასე რომ, ვთვლი, ეს ემოციურ კომპონენტზე აგებული უფროა, ვიდრე ვერსია, რომელიც პოლიტიკიდან გამომდინარეობს.”

ნინი მაზიაშვილი

(Visited 75 times, 1 visits today)

კომენტარები