სტიქაროსანი ქრისტიანული ეკლესიის მსახურია, წირვა–ლოცვის აღსრულების პროცესში მას განსაკუთრებული როლი და ფუნქცია აქვს. სტიქაროსანი, რომელიც მცოდნეა საკუთარი მოვალეობების ეხმარება მღვდელს ლიტურგიის სრულყოფილად ჩატარებაში. ისინი ეკლესიაში მისულ ადამიანებსაც ხშირად უწვდიან დახმარების ხელს. როდესაც მრევლი მოწიწების, მორიდების ან რაიმე ფაქტორის გამო ვერ ახერხებს თავად დაუსვას კითხვა მამაოს, სტიქაროსანი ეხმარება მას მისთვის საინტერესო საკითხისა და დეტალების გარკვევაში. სტიქაროსნის როლი ეკლესიაში მრავალფუნქციური და მნიშვნელოვანია. „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს, რუსთავის წმინდა იოაკიმ და ანას სამლოცველოს სტიქაროსან გაგა მამუკაშვილთან, რომელიც თავად ისაუბრებს რას ნიშნავს იყო სტიქაროსანი და როგორ პასუხისმგებლობას ანიჭებს მას ეს სტატუსი.
როგორია სტიქაროსნის ფუნქცია ეკლესიაში?
– ღვთისმსახურებაში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღვთისმსახური, ამათგან ერთ-ერთი გახლავთ სტიქაროსანი.იგი არის პიროვნება მას განსაზღვრული ფუნქციები აქვს. სტიქაროსანს ევალება, ღვთისმსახურების ჩატარებაში დაეხმაროს სასულიერო პირს, კერძოდ, მისი მოვალეობაა კანდელების ანთება,საცეცხლურის მიწოდება,ზარის დარეკვა,სანთლის ანთება,შემოსვა სასულიერო პირისა თუ სხვა დანარჩენი… სტიქაროსანი ღვთისმსახურებისას განასახიერებს ანგელოზს რომელიც ღვთის წინაშე ასრულებს თავის მოვალეობას.ასე რომ, სტიქაროსნის როლი ღვთისმსახურებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა სრულყოფილი იყოს წირვა-ლოცვა,რომელსაც ატარებს სასულიერო პირი.
არსებობს თუ არა იერარქიული საფეხურები სტიქაროსნებს შორის?
– ამქვეყნიურ ეკლესიაში,ისევე, როგორც ზეციურ ეკლესიაში, არსებობს იერარქია,ანუ დაქვემდებარება სასულიერო პირებს შორის. სიტყვა „იერარქია“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს – „სასულიერო (სამღვდელო) მმართველობას,ხელისუფლებას”. რაც შეეხება სტიქაროსნებს შორის იერარქიულ საფეხურებს, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ წინამძღვრის გადაწყვეტილებით ხდება გამორჩევა ერთ-ერთი სტიქაროსნისა,რომელსაც კარგად აქვს შესწავლილი, თუ რა სჭირდება ღვთისმსახურების დროს სასულიერო პირს. მის მოვალეობაში შედის სტიქაროსნების სათანადოდ განაწილება, რათა ყველამ მიიღოს მონაწილეობა ღვთისმსახურებაში. ასევე ისიც, რომ ახალშემოსილ სტიქაროსანს გააცნოს საკურთხეველში მოქცევის წესები და შეასწავლოს ყველა ის მოვალეობა, რომელიც სტიქაროსანს აქვს დაკისრებული.
რის საფუძველზე ხდება სტიქარის ფერების შერჩევა ?
– სტიქარი განასახიერებს სულის სიწმინდეს რომელიც ღვთისმსახურთ უნდა ჰქონდეთ.”სტიქარი”ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს,რაც ნიშნავს “მწყობრს” “რიგს”, ანუ სტიქარი „მწყობრში“ მზადყოფნაში ყოფნას, ამ მწყობრის დასაკავებელ საზეიმო სამოსს აღნიშნავს. რაც შეეხება სტიქართა შორის ფერთა სხვადასხვაობას, ეს გამომდინარეობს ამა თუ იმ დღესასწაულიდან. მაგალითად, დიდ მარხვაში სასურველია შეიმოსოს მუქი ფერის სტიქარით, ხოლო დღესასწაულებზე სხვადასხვა საზეიმო ფერის სტიქარით. როდესაც სტიქაროსნებს აცვიათ სხვადასხვა ფერის სტიქარი, ეს ერთმანეთის მიმართ რაიმე უპირატესობის მიმანიშნებელი არ არის.
როგორია სტიქაროსნის ცხოვრება და ყოველდღიური რეჟიმი?
– კვირაში ეთი დღე (კვირა დღე) გახლავთ უფლის დღე, ანუ ადამიანმა ამ დღეს ყოველივე ამქვეყნიერი საზრუნავი უნდა დაუტეოს და დაესწროს წირვა ლოცვას.მეც შეძლებისდაგვარად ვასრულებ უფლისგან მოცემულ ამ მცნებას და დავდივარ ტაძარში.
ეკლესიაში, როგორც სტიქაროსანს, მრევლი ხშირად მომმართავს კითხვის დასასმელად, ან მამაოსთან რაიმე საკითხის გასარკვევად. მაგალითად, არის შემთხვევები როდესაც მრევლი უძლურებისგან გამომდინარე ვერ მოახერხა ლოცვაზე მოსვლა და პირდაპირ მოვიდა წირვაზე, ის მეუბნება თუ შეგიძლიათ, ჰკითხოთ მამაოს თუ მაზიარებსო,მეკითხებიან სახლის კურთხევას როდის შეძლებს მამაო, ან აღსარებას როდის ჩაიბარებს დ.ა.შ მე მრევლის მიერ დასმულ კითხვას გადავცემ მამაოს და სათანადო პასუხს ვუბრუნებ მრევლს.
ნანუკა მაღლაკელიძე