„შემაშფოთებელი და მზარდი დინამიკაა, ეკონომიკის და ქარხნების გუგუნი არ არის ქვეყანაში, მაგრამ გარდაცვალების ფაქტები და უბედური შემთხვევები შემაშფოთებელია ჩვენი სტატისტიკით. მესამე პრობლემად „ჰუმან რაით ვოჩის“ ანგარიშში შრომის უფლებები სახელდება“ , – „ჰუმან რაით ვოჩის“ ანგარიშზე და ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მხრივ არსებულ ხარვეზებზე საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ ლევან ჩხაიძის დღის ამბები“ ისაუბრა.
„პროფკავშირებმა მოახერხა და ასოცირების ხელშეკრულებით შრომის ინსპექციის შექმნის ვალდებულება ქვეყანას აქვს. თუმცა, ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატამ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ამ კანონპროექტის მიღება და პარლამენტმაც ეს უვადოდ გადადო. თუმცა, ასოცირების ხელშეკრულებით ეს დანაშაული არ არის, რადგან იქ მაქსიმალური ვადა 2018 წელია.მთავარი მიზეზია, რომ ქვეყანაში ბიზნესს აქვს დიქტატურა, დიდი გავლენა.
„ჰუმან რაით ვოჩი“ პროფკავშირების პოზიციას იზიარებს. ამდენი ხანია ვითხოვთ შრომითი ინსპექციის შექმნას, თუმცა ამაოდ. დამსაქმებლებს აქვთ შუასაუკუნეების სტანდარტები, მონათმფლობელური მიდგომები და სახელმწიფო ორიენტირებულია მათ კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაზე. ბიზნესს უწევენ მეტ ანგარიშს, ვიდრე მოქალაქეების უსაფრთხოებას და იმას, რომ სახლიდან გასული ადამიანი შინ უსაფრთხოდ ბრუნდებოდეს.
რომის პაპის გარდა სხვა ინსტიტუცია არ დარჩა,რომლის საშუალებითაც ზეწოლა არ მოგვიხდენია პარლამენტზე,რომ ქმედითი ნაბიჯები გადაედგა. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით დღეს შრომის ინსპექცია არსებობს, ახლა ფუნქციებზეა ლაპარაკი“ , – განაცხადა ლევან პეტრიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე