„შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტს მხარს ვუჭერ, უპირობოდ ვარ უსაფრთხოების შესახებ რეგულაციების მხარდამჭერი. თებერვლის დასაწყისში შედგება ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და სესიის გახსნისას დაიწყება მეორე მოსმენით მსჯელობა“ , – შრომის უფლებებზე და შრომით უსაფრთხოებაზე, პროფკავშირების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ლევან ჩხაიძის დღის ამბები“ ისაუბრა.
„მე მხარს ვუჭერ თუნდაც ყველაზე მკაცრ რეგულაციას. ადამიანი არის მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე რომელიმე კომპანიის გარკვეული კეთილდღეობა. დარწმუნებული ვარ მმართველი გუნდი ამ პოზიციას იზიარებს. ინსპექცია უნდა იყოს ქმედითუნარიანი, უნდა ჰქონდეს სანქციების დაწესების საშუალება. არ გვინდა მივიღოთ კანონი, შევქმნათ სტრუქტურა, რომელიც პროცესში აბსოლუტურად უფუნქციო იქნება.
რადიკალური პოზიციები არსებობს საზოგადოებაში, ეს პროცესი დროში გაიწელა, გადაწყვეტილების უფრო ადრე მიღებაც იყო შესაძლებელი. არ უნდა გადავწიოთ ეს საკითხი საგაზაფხულო სესიებს იქეთ. რაც უფრო მალე დაიწყება ამ კანონპროექტის განხილვა, მით უფრო ნაკლები უბედური შემთხვევა გვექნება. პირველ რიგში ჩემს კოლეგებს ჯანდაცვის კომიტეტიდან მოვუწოდებ, რომ ამ პოზიციას მხარი დაუჭირონ.
„ჰუმან რაით ვოჩს“ სხვა სტანდარტი, სხვა მოთხოვნები აქვს ადამიანის უფლებების დაცვაზე, ისინი ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევაზე მკაცრად რეაგირებენ. არანაკლები რადიკალური შეფასება აქვთ დემოკრატიული ქვეყნების მიმართ, რომელთაც გაცილებით მეტი ფინანსები აქვთ ადამიანის უფლებების დაცვაზე და შრომით უსაფრთხოებაზე გამოყოფილი. ამ კვლევაზე სახელმწიფოს აქვს რეაქცია, ჩვენც არ შევეგუებით თუნდაც ერთი ადამიანის უფლების დარღვევას. დავამკვიდრეთ სტანდარტი,რომ სისტემა ხელს არავის აფარებს“ , – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე